2021-04-22

მე გელა ვარ, ოკუპირებული გალიდან...
 
მინდა ჩემი ამბავი მოგიყვეთ, მძიმე მოსასმენი იქნება, მაგრამ ეს არის რეალობა, რაშიც გვიწევს ცხოვრება ჩვენ, ჩვენივე მიწაზე უცხო ადამიანებად მიჩნეულ ხალხს.
 
ბავშვობაში არ მესაუბრებოდნენ ოკუპაციაზე, მაგრამ რასაც ვხედავდი, არ იყო ნორმალური მოვლენა.
 
ჩემს სოფელში დადიოდნენ რუსი ჯარისკაცები, რომლებსაც ყველა ვემალებოდით. დადიოდნენ ტანკები, მეშინოდა, მაგრამ ვერ ვიაზრებდი ამაში რა იყო საშიში(უფროსების რეაქციას ვაკვირდებოდი და მათ თვალებში ვხედავდი ალბათ იმ შიშს).
 
ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება „გაეროს“ მანქანა, დადიოდნენ ჩემს სოფელში და რუსებისგან განსხვავებით, ხელს გვიქნევდნენ, გვიღიმოდნენ და ბავშვებს კამფეტებს გვაძლევდნენ.
 
ტკბილი არასდროს მყვარებია, სიხარულის მიზეზი მათი ღიმილი იყო...
 
ყველაზე დიდი პრობლემები დაიწყო სკოლაში.
 
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქართველი ვიყავით, რუსულად გვიწევდა სწავლა.
 
საქართველოს ისტორიის მაგივრად ვსწავლობდით რუსეთის ისტორიას. თავიდან ქართულ ენას და ლიტერატურას კვირაში რამოდენიმეჯერ გავდიოდით, თუმცა შემდეგ საათები შეგვიმცირეს და კვირაში ერთი საათი ეთმობოდა ქართულს (გაერთიანებულად ენას და ლიტერატურას).
 
სახლში ვსწავლობდი საქართველოს ისტორიას. სკოლაში ამის უფლება არ მქონდა.
 
როგორც იცით ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზუგდიდში გადასვლა. იქ ვყიდულობდით ტანსაცმელს, საჭმელს, მედიკამენტებს და ქართულ წიგნებს.
 
ე.წ საზღვარზე გადასვლის ფუფუნება არ მქონდა, იმიტომ რომ არ მქონდა „აფხაზეთის პასპორტი“. ამის გამო მიწევდა ტყით, ენგურის გადაცურვით გადასვლა.
 
ემოციურადაც და ფიზიკურადაც ძალიან რთული იყო ეს ჩემთვის, თუმცა იმ დროს მხოლოდ ერთი ფიქრი გვქონდა, არ ვენახეთ რუს მესაზღვრეებს. თუ დაგვიჭერდნენ, საუკეთესო შემთხვევაში ჯარიმას გვახდევინებნენ, ცუდზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მძიმეა მოსაყოლადაც და დამოსასმენადაც...
 
ასე გადიოდა წლები...
 
სკოლაში სწავლის დროს ხშირად ვიღებდი მონაწილეობას ტრენინგებში. ეს ტრენინგები მაძლევდა საშუალებას რომ გამეცნო აფხაზი თანატოლები. მეგონა რომ მათ ჩემთან(ქართველთან)ურთიერთობა არ ენდომებოდათ და ამ მიზეზის გამო მათთან არ მქონდა მეგობრული დამოკიდებულება. თუმცა წლების შემდეგ მივხვდი რომ ისინიც ანალოგიურად ფიქრობდნენ ჩვენზე, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იყო სტერეოტიპები.
 
ამ პროექტების დახმარებით შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები(აფხაზები). ამ კარმა მეგობრობამ გადამაწყვეტინა სოხუმში ჩაბარება.
 
ვსწავლობდი „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ და პირველი პრობლემა პირველივე გამოცდაზე შემექმნა. უნდა ჩამებარებინა აფხაზეთის იტორია(სკოლაში ამ საგანს პრინციპულად არ ვსწავლობდი).
 
მიუხედავად იმისა რომ ბილეთში ომის პერიოდზე საკითხი არ იყო, მაინც ომზე მასაუბრეს. თავი დავიდებილე, კითხვებზე არ ვუპასუხე, რის გამოც მეორედ გადაბარება მომიწია.
 
ლექტორები მიმტკიცებდნენ რომ ვიყავი მეგრელი და არა აფხაზი, ბევრჯერ ქულებიც დაუკლიათ ქართველობის გამო, შეურაცხყოფაც მიმიღია, მაგრამ ეს ლექტორები ყველა ძველი თაობის წარმომადგენლები იყვნენ.
 
არასდროს შემქნია პრობლემა ახალგაზრდებთან ქართველობის გამო. არასდროს მიგვრძნია მათთან ერთად თავი უცხოდ. ჩვენ არ ვსაუბრობდით პოლიტიკაზე, მე ვიცოდი მათი დამოკიდებულება და მათ იცოდნენ ჩემი...
 
ქართულად საუბრის პრობლემა არ მქონდა არც უნივერიტეტში (ქართველებთან) და არც ქუჩაში.
 
ბევრჯერ მიმიღია თქვენგან კრიტიკა „აფხაზების დაცვაზე“, მე არავის არ ვიცავ, უბრალოდ გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას.
 
ვაღიარებ ბევრჯერ მქონია პრობლემა უფროსი თაობის ადამიანებთან, მაგრამ ახალგაზრდებთან არა, შეიძლება გამიმართლა და კარგ ადამიანებთან მოვხვდი.
ცუდი ერი არ არსებობს, არსებობენ ცუდი ადამიანები, ცუდი პოლიტიკოსები.
 
მინდოდა უფრო მეტი მომეყოლა, მაგრამ არ მინდა მთლიანი ტექსტი ნეგატიური და მტკივნეული იყოს.
 
დანარჩენს მერე მოგიყვებით...
 
 
მასალა გადმოტანილია ახალგაზრდული მოძრაობის გვერდიდან ჩვენ ვარსებობთ - ხმა აფხაზეთიდან • We exist -The voice from Abkhazia

ბლოგი