2025-04-17

საქართველოში დემოგრაფიული გამოწვევებისა და შობადობის შემცირების ფონზე, განსაკუთრებით დასაფასებელია მრავალშვილიანი ოჯახები. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ, ამ მიმართულებით, გარკვეული ნაბიჯები გადადგა, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმ გამოწვევების საპასუხოდ, რაც მრავალშვილიანი ოჯახების წინაშე დგას.

რა  საკანონმდებლო რეგულაციები არსებობს ქვეყანაში, ვის ენიჭება სტატუსი და რა იცვლება სტატუსის მინიჭების შემდეგ, რას ნიშნავს იყო მრავალშვილიანი დედა, რამდენი მრავალშვილიანი ოჯახია ქვეყანაში, რა მხარდამჭერი პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს, კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგა და რა საჭიროებები დგას ამ ეტაპზე, "მშობელი" მოძრაობა ,,მრავალშვილიანები საქართველოს“ დამფუძნებელს ირმა გელანტია-ახვლედიანს ესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ირმა, თავად, აფხაზეთიდან დევნილი, 4 შვილის დედაა. ის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და სოციალური ჯგუფის "მრავალშვილიანი დედები სიძლიერეას" პარტნიორია;

"გმირი ხარ!"  ჯანსაღი  - აღტაცებით შემოგძახებენ... მრავალშვილიან დედას  - XXI საუკუნის  მრავალფუნქციურ, გამბედავ  ლიდერს დავარქმევდი!“, - ამ სიტყვებით იწყებს ჩვენთან საუბარს ქალბატონი ირმა.

- მეოთხე შვილის, ანდრია-მაქსიმეს  დაბადებით გავხდი 2020 წელს მრავალშვილიანი დედის სტატუსის მატარებელი. დიდ ოჯახურ სიხარულთან ერთად, გამოიკვეთა ახალი საჭიროებებიც... დღეს, ქვეყანაში არსებული შეღავათების დიდი ნაწილი, მხოლოდ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მრავალშვილიან ოჯახებზეა მიმართული. მხარდაჭერა და თანაბარი ხელმისაწვდომობა კი, მრავალშვილიანი ოჯახის თითოეულ ბავშვს სჭირდება, მიუხედავად მათი სოციალური ქულისა. სწორედ, დემოგრაფიული პოლიტიკის ანალიზმა,  მხარდამჭერი პროგრამების სიმცირემ,  მრავალშვილიანი ოჯახების წინაშე მდგარი საჭიროებების და გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიებამ ჩაუყარა საფუძველი 2020 წელს საინიციატივო მოძრაობას - მრავალშვილიანი დედების გაერთიანებას  მრავალშვილიანებისთვის  საქართველოში!

რაც, მეტად სიღრმისეულად  ვაანალიზებდით რეალურ გამოწვევებსა და საკანონმდებლო ღია სივრცეებს, მით  მეტი წინადადებებისა და სისტემური  ცვლილებების  ინიცირების საჭიროება იკვეთებოდა.

მალევე, მეგობრის მეშვეობით ვიგებ სოციალური პლატფორმის ,,მრავალშვილიანი დედები სიძლიერეას“ შესახებ, რომელიც, ასევე  2020 წელს შეიქმნა და დღეს,  როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, 27 000-მდე დედას აერთიანებს.

მალევე, ჯგუფის დამფუძნებელ, ენერგიულ ხათუნა ფიფიასთან  სამუშაო ფორმატში  ვთანხმდებით  - პარტნიორულ თანამშრომლობაზე და მოხალისეობრივი ძალისხმევით  ვერთიანდებით რამდენიმე მთავარი მიზნის ირგვლივ:

  1. საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების მხარდამჭერი ახალი პროგრამების ინიცირება, მათ შორის საბინაო, ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო  მიმართულებით,  რომელიც ასევე  გავრცელდება იმ მრავალშვილიან ოჯახებზეც, ვისაც  არ აქვს სოციალურად დაუცველი სტატუსი;
  2. საშეღავათო პორტფელების ინიცირება სპორტის, განათლებისა და სახელოვნებო მიმართულებით ჯანსაღი თაობის ჩამოსაყალიბებლად;
  3. მრავალშვილიანობის პოპულარიზება და მრავალშვილიანი დედების, როგორც ძლიერი ლიდერების წარმოჩენა მედია და სხვა სოციალური კამპანიით;
  4. მრავალშვილიანი დედების სამეწარმეო და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება;

თანმიმდევრული ნაბიჯებით   დავიწყეთ  ქვეყანაში  - მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებების იდენტიფიცირება, მათი სისტემატიზირება  სამოქმედო გეგმაში  და შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებთან საკითხების ლობირება.

დამეთანხმებით, ნებისმიერ საკანონმდებლო, ინსტიტუციურ თუ პროგრამულ   ინიციატივებს, სჭირდება ბენეფიციართა რაოდენობა და მისი გავლენა  საბიუჯეტო პროცესზე.

2020 წელს, ქვეყანაში არ არსებობდა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობასთან დაკავშირებით.

დაბალი მოტივაციისა და  ინფორმაციის სიმცირის გამო,  მინიმალური იყო მრავალშვილიანი მშობლების მიმართვიანობა ოფიციალური სტატუსის მისაღებად იუსტიციის სისტემაში. რაც,  სამართლებრივად  "უხილავს ხდიდა"  მრავალშვილიანი  ოჯახების ფაქტიურ არსებობას.

სახელმწიფოს იდენტიფიცირებული ჰყავდა, მხოლოდ  სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მრავალშვილიანი ოჯახების ოფიციალური მონაცემები.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური კი ფლობდა, მხოლოდ 2014წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს, რაც ცხადია  2020 წლისთვის შეცვლილი იყო და  ფაქტიურ სურათს ვერ ასახავდა. 

თანმიმდევრულად გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები:

ნაბიჯი I

იუსტიციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, დავადგინეთ ქვეყანაში  შვილების დაბადების მოწმობების საფუძველზე  მრავალშვილიანი ოჯახების რიცხვი, რამაც 2020 წლის მონაცემებით შეადგინა -  31449 ოჯახი

ნაბიჯი II

ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო პროგრამებისა და საშეღავათო სისტემის ანალიზით, გამოვკვეთეთ, რომ მათი უმეტესობა  ორიენტირებულია მხოლოდ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მრავალშვილიანი  ოჯახების მხარდასაჭერად. გარდა, იმ შემთხვევისა, როდესაც მრავალშვილიან ოჯახს შეუძლია ისარგებლოს 20 ლარიანი ელექტროენერგიის სუბსიდიით, ისიც თუ  სოციალურმა სააგენტომ 300 000 ქულა მიანიჭა. ასევე, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობენ, მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ, როგორც მაღალმთიან, ისე დაბალი შობადობის მქონე რეგიონებში. ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, ასევე განსხვავებული პროგრამები და საშეღავათო პაკეტებია  მუნიციპალიტეტების მიხედვით;

ნაბიჯი I I I

წამოვიწყეთ სოციალური კამპანია - ცნობიერების ასამაღლებლად ,,მივდივარ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მისაღებად  - იუსტიციაში“ და

 2022 წლის მონაცემებით სტატუსის მქონე მრავალშვილიანთა რაოდენობამ შეადგინა - 10 544

ნაბიჯი IV

64  მუნიციპალიტეტის მერიას, წერილობითი კომუნიკაციით ვთხოვეთ მრავალშვილიანების მხარდამჭერი პროგრამების ჩამონათვალი, ასევე მათ მუნიციპალიტეტებში მრავალშვილიანების სტატისტიკური მონაცემები;

ნაბიჯი V

მუნიციპალიტეტების მიხედვით შევქმენით 64 სამუშაო წარმომადგენლობა,   მათი მეშვეობით მეტად ხელმისაწვდომი  გავხადეთ  ინფორმაცია მოქმედ პროგრამებზე, მრავალშვილიან ოჯახებში, რეგიონების მიხედვით; 

გამოკვეთილი საჭიროებების ლობირებისა და ადვოკატირების მიზნით,  შევიმუშავეთ   2020-2024წწ.  სამოქმედო გეგმა კონკრეტული  აქტივობებით. 

ჯამში, მოხალისეობრივი აქტივიზმით, მათ შორის ურთულესი  პანდემიის - კოვიდ პერიოდის გათვალისწინებით  -  გავმართეთ:

  100-ზე მეტი  ონლაინ და პირისპირ  სამუშაო შეხვედრა;

  200-ზე მეტი წერილობითი და სატელეფონო  კომუნიკაცია სახელმწიფო და კერძო სექტორთან.  

რეალიზებული ინიციატივები:

  1. მრავალშვილიანი ოჯახების სტატისტიკის დადგენა იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით;
  2. მრავალშვილიანი სტატუსის მქონე რეგისტრირებულთა რიცხვის გაზრდა ხელშემწყობი სოციალური კამპანიით;
  3. თბილისის მერიასთან თანამშრომლობით შეიქმნა მრავალშვილიანის სტატუსის მქონე ,,სტუდენტების დაფინანსების პროგრამა“;
  4. 2025 წლის იანვრიდან, ამოქმედდა 40%-იანი საშეღავათო ტარიფი თბილისის მერიის 4 მუნიციპალურ აუზზე, ასევე რეგიონების მიხედვით გავაგზავნეთ მერებთან ,,ინიციატივა - საცურაო აუზებზე შეღავათებთან დაკავშირებით“ და ველოდებით შედეგებს რეგიონებში  მცხოვრები მრავალშვილიანებისთვის;
  5. ხელსაქმით დაკავებული მრავალშვილიანი დედებისთვის - თბილისის მერიის  მიერ ორგანიზებულ საგამოფენო  ღონისძიებებში მონაწილეობის  ხელშეწყობა;
  6. მოსახლეობის  2024წ. საყოველთაო აღწერის პროცესში ვითხოვეთ  კითხვარში მრავალშვილიან ოჯახებზე სტატისტიკური მონაცემების იდენტიფიცირებისათვის ინსტრუმენტების დამატება; 
  7. აფხაზეთის ა/რ სამთავრობო დაწესებულებებთან აფხაზეთის მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებების გაცნობა, სამუშაო ფორმატში პირველი შეხვედრები დავიწყეთ 2023 წელს;
  8. ამასთან, მრავალშვილიანობის პოპულარიზების და მრავალშვილიანი დედების  მოტივირების ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი 10 მრავალშვილიანი ,,წარმატებული დედის - სამოტივაციო ისტორიით“  დაჯილდოება აფხაზეთის ა/რ სამთავრობო დაწესებულებებთან თანამშრომლობით;
  9. მრავალშვილიანი დედების უწყვეტი კონსულტირება სხვადასხვა პრობლემური საკითხების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიმღებებთან მიტანის მიზნით;
  10. საქართველოს პარლამენტის გენდერულ საბჭოსთან მრავალშვილიანი დედების სამი სამუშაო შეხვედრის ინიცირება -  პრაქტიკული საჭიროებების წარდგენა;

ინიციატივები, რომელიც განხილვის პროცესშია 

  1. საშემოსავლო და ქონების გადასახადში, საგადასახადო შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით, წარვადგინეთ პეტიცია საქართველოს მთავრობაში;
  2. ჩავატარეთ ორი ტიპის კვლევა მრავალშვილიან ოჯახებში:
    • სახელმწიფო პროგრამაში ,,სუბსიდირებული იპოტეკური სესხი” ჩართული მრავალშვილიანი ოჯახების - სესხის  გაძვირებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულ იქნა 2024 წელს,  რეფინანსირების კლებისა და  „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსების წილის შემცირებით. კვლევის შედეგების გათვალისწინებით ვითხოვთ, სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების ინიცირებას;
    • საგადასახადო კოდექსში ცვლილებების ინიცირების მიზნით, განვახორციელეთ მრავალშვილიანი სტატუსის მქონე 3000-მდე მშობლის კვლევა დასაქმებისა და საშემოსავლო გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით, ვინაიდან ქვეყანაში არ ხდება დემოგრაფიული ნიშნით გადასახადის გადამხდელთა შესახებ სტატისტიკურ მონაცემების წარმოება. აღნიშნული კი საფუძვლად დავუდეთ პეტიციას;
  3. წარვადგინეთ საქართველოს პრემიერთან ინიციატივების პაკეტი - ,,სუბსიდირებული იპოტეკური სესხის” სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების ინიცირების, მეტი ხელმისაწვდომობისა და საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით 2030 წლამდე; 

აუცილებლად, უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო პროგრამა „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“, რომელიც კარგი ინსტრუმენტია საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად, თუმცა  სურვილის მიუხედავად, ოჯახების დიდი ნაწილი ჩვენი ჯგუფიდან ვერ ჩაერთო პროგრამაში, დაბალი შემოსავლის გამო.   

  1. შემდეგი ინიციატივა უკავშირდებოდა მრავალშვილიანი ოჯახების იმ ნაწილს, რომელთაც გააჩნია შემოსავალი, თუმცა საკმარისი საბანკო გარანტიების მისაღებად, საჭიროებენ საბინაო პირობებით მხარდაჭერას, მზად არიან თანადაფინანსებით შემოვიდნენ. ამისთვის საჭიროა შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამა და მაგალითად, ოჯახს, რომელიც მე-7 შვილის მოლოდინშია და ცხოვრობს 50 კვ. მეტრ ფართში, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაში.
  2. შემდეგი ინიციატივა: მხარდაჭერილ იქნან 6 და მეტი შვილის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ფართის ან მიწის ნაკვეთის გადაცემით. კარგი პრაქტიკის მაგალითია, ქ. ბათუმის მერია,  რომელიც რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს 6 და მეტი შვილით, ბათუმში რეგისტრირებულ ოჯახებს და საცხოვრებელ ფართს გადასცემს ახალაშენებულ  სახლებში.
  3. თბილისის მერიასა და საკრებულოსთან სამუშაო შეხვედრები და წერილობით წარდგენილი ინიციატივები - სპორტის, განათლების, ხელოვნების, სატრანსპორტო და ახალგაზრდული ბანაკების  მიმართულებით;
  4. საჯარო სამსახურის ბიუროს (ლიკვიდაციამდე) მივმართეთ ,,საჯარო სამსახურში დასაქმებული მრავალშვილიანი მშობლების რაოდენობასთან დაკავშირებით რაც, შესაძლებლობას მოგვცემს ინიციატივების ფორმირების და დასაქმებული მშობლებისთვის სამოტივაციო პაკეტების ინიცირების;  
  5. იუსტიციის სამინისტროსთან, დავაინიცირეთ, როგორც მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მიღების პროცედურის გამარტივების, ისე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის დამზადებისას კანონმდებლობით დაწესებულ საშეღავათო პირთა სიას მრავალშვილიანების  დამატების შესახებ;

აქვე,  უნდა აღინიშნოს, რომ 13 წლის განმავლობაში 2006-დან  2019 წლამდე ქვეყანაში  გვქონდა სამართლებრივად ღია  სივრცე, მრავალშვილიანის სტატუსის მინიჭებას არ არეგულირებდა არცერთი სამართლებრივი აქტი. აღნიშნულ პროცესში, პოზიტიური ცვლილებებისთვის, ასევე აქტიურ მონაწილეობას  იღებდა ორგანიზაცია "გენი ქართული". 

მნიშვნელოვანია, რომ 2006 წლამდე საქართველოში მრავალშვილიანად ითვლებოდა პირი 3 და მეტი შვილით. მსგავსი პრაქტიკაა, დღეს მსოფლიოს უმეტეს და მეზობელ სახელმწიფოებში,  სადაც მრავალშვილიანად ითვლება ოჯახი 3 და მეტი შვილით და ამ მიმართულებითაც დაწყებული გვაქვს პროცესის ინიცირება.

და ბოლოს მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ მრავალშვილიანი ოჯახების წინაშე  სხვადასხვა მიმართულებით მდგარი უმწვავესი გამოწვევების  გადაჭრისა და სახელმწიფოს მხრიდან განგრძობითი მზრუნველობის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ ნაბიჯებს ყველა ინიციატივის შედეგებამდე მისაყვანად.

ჩვენი პარტნიორობა, როგორც სოციალური ჯგუფის "მრავალშვილიანი დედები სიძლიერეა", ისე მოძრაობა "მრავალშვილიანები,  საქართველო" ვაგრძელებთ კონსტრუქციულ მუშაობას,  როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან,  მათ შორის მედია ინსტიტუტებთან. ამასთან,  გავაგრძელებთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების კვლევას და კარგი გამოცდილებების საქართველოს კონტექსტთან  ჰარმონიზებას,  რათა საქართველოში რესურსების არარსებობის გამო - მშობლებს არ უწევდეთ ფიქრი, რომელი შვილი გამოარჩიონ საგანმანათლებლო, სპორტულ თუ სხვა წრეზე სატარებლად.

გაბედულად შექმნან ახალგაზრდებმა ოჯახები და გააჩინონ შვილები!

მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი გავხადოთ რეალურად - მიმზიდველი და მამოტივირებელი დემოგრაფიული კეთილდღეობის მისაღებად საქართველოში!

"მრავალშვილიანობა ქვეყნის სიძლიერეა რაზეც დგას სახელმწიფო"

"ძლიერი მრავალშვილიანი ოჯახი ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს!"

 

ინფორმაციისთვის: მრავალშვილიანი სტატუსის მინიჭებას პროცედურა შემდეგია: საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის დადგენილებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს იუსტიციის სამინისტრო, კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ანიჭებს (რეგიონებშიც). მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მისაღებად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს მშობელმა: რომელსაც ჰყავს 4 ან მეტი შვილი ან ნაშვილები; სტატუსის დადგენისათვის შვილების ასაკი შეზღუდული არ არის; მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორივე მშობელი - დედაც და მამაც. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენა სრულიად უფასოა და გადაწყვეტილება განაცხადის წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს მიიღება; - მშობლემა უნდა წარადგინოს დაბადების მოწმობები და განცხადება ადგილზე დაწერონ;

სპეციალურად "მშობელისთვის" ირინე არდაშელია

მშობლები