2020-01-28

ვისთვის საინტერესო, ვისთვის ბანალური ამბავი უნდა მოვყვე...

ორი წელია „მშობელი“ შეიქმნა და მას შემდეგ ეტაპობრივად ვწერთ ქალებზე, რომლებიც ოჯახის შექმნის შემდეგ საკუთარი თავის ძიებაში არიან. ბევრჯერ დავიწყე წერა და გავჩერდი დამეწერა ის, თუ რა იყო „მშობელის“ შექმნის იდეა.

მეც, როგორც ყველა ჩვეულებრივი ახალგაზრდა, ოჯახის შექმნამდე, საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ვიყავი დააკვებული და წარმოდგენა არ მქონდა ისეთ რამეებზე, რაც ოჯახის შექმნის და ბავშვის გაჩენის შემდეგ ხდება.

რაოდენ თავისუფალ ოჯახშიც არ უნდა ცხოვრობდე, ბავშვი და ოჯახი, ორსულობა და პოსტსამშობიარო პერიოდი, ყველა ქალის ცხოვრბაში იწვევს ცვლილებებს.

ამ მხრივ არც მე აღმოვჩნდი გამონაკლისი და ბავშვის გაჩენიდან მალევე დაიწყო პერიოდი, როცა მეგონა რომ ცხოვრება დასრულდა. მეშინოდა ბავშვთან მარტო დარჩენის, მეგონა რომ სულ რაღაც ცუდი უნდა მოსვლოდა, მეგონა ჩემზე უკეთ ვერავინ მიხედავ და არათუ უკეთ, უბრალოდ ვერავინ მიხედავდა. თანდათან მოვალეობები მამაზე გადანაწილდა და მალევე მამა გახდა ადამიანი, რომელსაც შვილი თვალდახუჭულმა ვანდე. ალბათ ეს იყო პირველი საფეხური იმ ცვლილებების, რაც ამ რთულ პერიოდში უნდა დაწყებულიყო.

ბავშვის გაჩენის ეიფორიამ ჩაიარა... ამის შემდეგ კი ახალი საფიქრალი გაჩნდა, არ მოვმკვდარიყავი როგორც ჟურნალისტი, რადგან ვფიქრობ, ამ სფეროში დიდი ხნის წყვეტა, პროფესიულ გარდაცვალებას ნიშნავს.

სამსახურის ძიებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ვერ წარმომედგინა ბავშვის ძიძასთან დატოვება, არც ფინანსური რესურსი არსებობდა ჯერჯერობით საამისოდ.

ვრჩებოდი სახლში მარტო და ვტიროდი მანამ, სანამ ვინმე არ მომისწრებდა. ვტიროდი იმას, რომ ჩემი თავისუფალი ცხოვრება მორჩა, ჩემი პროფესია დასრულდა, ჰაერი არ მყოფნიდა და დროდადრო, როცა აზრზე მოვდიოდი, ვცდილობდი გამოსავალზეც მეფიქრა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიყავი იმ კატეგორიაში, რომელიც სახლში გამოიკეტა ან რამეში იზღუდებოდა. ბავშვისგანაც და მეუღლისგანაც სრული კომფორტი მქონდა მოქმედების თავისუფლების, თუმცა როგორც მერე გავარკვიე, სამშობიარო დეპრესია, რომელიც ჩემს თავს, სრულიად გაუცნობიერებლად ხდებოდა, თავისას მაინც ახერხებდა.

დავიწყე ფიქრი, მაგრამ რაზე არ ვიცოდი, უბრალოდ ვიცოდი, რომ უნდა მეფიქრა, უნდა მეპოვა გამოსავალი არსებობისთვის, ჰაერისთვის, სუნთქვისთვის. თავში ათასი აზრი მომდიოდა, ელექტრო ღუმელიც კი შევიძინე იმ მოტივით, რომ ცხობა დამეწყო და გამეყიდა. დავიწყე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემთვის არ იყო.

ბავშვის გაჩენის მერე, უამრავ ისეთ ჯგუფში გავწევრიანდი, რომელზეც წარმოდგენა არ მქონდა და რომელიც, თურმე ძალიან აქტუალურია დღესდღეობით. ეს იყო დედათა ჯგუფები, სადაც ხან უამრავ რამეს ვსწავლობდი, ხანაც უბრალოდ გაოცებული გამოვდიოდი არსებული რეალობის გაცნობიერებით.

სწორედ მსგავსი ჯგუფების, იქ დასმული კითხვების, მოსმენილი ისტორიების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მე არ ვიყავი ერთადერთი და ის, რაც ჩემს თავს ხდებოდა, უამრავი ქალის ყოველდღიურობა იყო. მხვდებოდნენ ისეთები, რომლებმაც გამოსავალი მალევე იპოვეს, ისეთები, რომლებიც წლების შემდეგაც ჩემს მდგომარეობაში იყვნენ, რაც მე ძალიან არ მინდოდა, მხვდებოდნენ ისეთებიც, ვინც ჩემსავით ეძებდა გამოსავალს.

დავიწყე ისეთი ხალხის ძებნა, ვინც უკვე იპოვა გამოსავალი, ვიპოვე ფსიქოლოგები, წავიკითხე უამრავი რეკომენდაცია და სწორედ ამ პროცესში გადავწყვიტე შემექმნა ისეთი რამ, რაც ჩემსავით მეძებარს, პოვნას გაუადვილებდა, მისცემდა რჩევებს და სტიმულს.

პირველი - ეს იყო საქმე, რომელიც მე თვითონ მიყვარდა - წერა.

მეორე - ეს იყო საშუალება, მე თვითონ მიმეღო მასალების მზადების პროცესში უამრავი ისეთი რეკომენდაცია, რომელიც მდგომარეობიდან გამოსვლაში დამეხმარებოდა.

მესამე - მინდოდა მეპოვა ბევრი ისეთი გამარჯვებული ქალი, რომელიც სტიმულს მისცემდა სხვებს მარტივად ეპოვათ გამოსავალი.

როცა სახელზე მიდგა ჯერი, დაუფიქრებლად, საკუთარი სახელი, „მშობელი“ დავარქვი. ეს იყო ექსპრონტი, სახელი, რომელიც მე სანდრომ მაჩუქა და მდგომარეობა, რომელმაც ამ ყველაფრის ძიება დამაწყებინა. სახელი არ ითვალისწინებდა არავისთან კონკურენციას და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დოზით, ამან ჩემს წინააღმდეგ იმოქმედა, დღეს არ ვნანობ, რომ უკვე ჩემს მესამე შვილად წოდებულს, „მშობელი“ ქვია.

რა მივიღე: მივიღე სტიმული, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, საკუთარი სურვილებისა და შესაძლებლობების რეალიზაციის შესაძლებლობა. ვიპოვე ქალები, დედები, დიასახლისები, რომლებმაც ეს გზა გაიარეს, გადალახეს. ზოგმა მალე, ზოგმა ცოტა გვიან, მაგრამ იპოვეს. ყველაზე საინტერესო კი მაინც ისინი აღმოჩნდნენ, რომლებმაც სახლში ჯდომის პერიოდი, საკუთარი ნიჭის აღმოსაჩენად გამოიყენეს და ხელსაქმე წამოიწყეს.

ძალიან სასიხარულო იყო შეტყობინების მიღება, როცა მწერდნენ, რომ საიტზე გასული მასალა, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო მათი წარმატებისთვის. ასევე აღმოჩენა იყო მრავალშვილიანი დედები, რომლებიც ყველაფერს ასწრებდნენ ოჯახშიც და სამსახურშიც.

უამრავი რამ ვისწავლე მათგან და ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპზე, „მშობელი“ ჩემი ყველაზე მთავარი მეგობარი აღმოჩნდა საკუთარი თავის ძიებაში.

მერე იყო ბავშვის აღზრდის თემები და ყოველდღიურობასთან დაკავშირებული უამრავი სხვა საკითხი.

აღმოვაჩინე, რომ მარტო დედა არაა მშობელი და მამებიც თანდათან უფრო აქტიურად არიან ჩართული ამ საქმეში. აღმოვაჩინე, რომ ქვეყანაში განათლების ძალიან დიდი დეფიციტია, აღმოვაჩინე, რომ უამრავი ქალია ძალადობის მსხვერპლი და ქალების უმრავლესობას ჯერ კიდევ სჯერა, რომ კაცს აქვს უფლება შეაგინოს, ხელით შეეხოს, უღალატოს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყოველთვის, როცა სხვას ვუსვამდი კითხვას, როგორ გადალახეს ეს პერიოდი, როგორ წარმოედგინათ ცხოვრების გაგრძელება, სულ მინდოდა მეც მომეყოლა საკუთარ თავზე. ჰოდა, მოკლედ, მაგრამ ვეცადე ძირითადი სათქმელი გადმომეცა.

მეც ყველა თანმდევი პრობლემა თუ დაბრკოლება გამოვიარე, როგორც ფინანსური, ისე მორალური, მაგრამ დღეს, ვფიქრობ, რომ გავიმარჯვე. მე შევძელი, ე.ი. შენც, ვინც დღეს ფიქრობ რომ ახალმა ეტაპმა, რაღაც დაასრულა შენს ცხოვრებაში, უბრალოდ დაფიქრდი რა გიყვარს ყველაზე მეტად და არასდროს შეწყვიტო საკუთარი თავის ძიება.  

 

ირინე არდაშელია

ბლოგი