2023-12-13

"ტატუზე და ბავშვებზე ამეკვიატა და უნდა გითხრათ:
მომწონს გააზრებულად და გაუაზრებლადაც.
მეც ვეძებ, რატომ...
ისინი ღია ან/და დაფარულ ადგილებზე იხატავენ და ამ სიმბოლებს წასაკითხად გვიტოვებენ...
ტატუ წერილია, მესიჯი სამყაროში ადამიანებისთვის, როცა მინდა ,,მე" დაგანახო;
როცა ასე ფერმკრთალი ან ზედმეტად ფეროვანი ფიგურა ვარ და მაინც ვერ მკითხულობ;
ტატუ ჩემი კვალია, შინა სამყაროა, რომელიც ამოგიბრუნე და ღიად გაჩვენე.
არ გაატარო - მე შენ სული დაგანახე!
რომ მიხვდე და აღიარო - უნდა წაიკითხო, მაგრამ გაუაზრებლად ვკრძალავთ;
ეს წაუკითხავი მესიჯების წაშლას/ბარათების დახევას ჰგავს, რომელიც სამყაროს ემატება და აგრესიული ჰაერის ნაკადს ავსებს.
ისე იხევა, რომ არც კი გვაინტერესებს რატომ დაიწერა;
ფაქტობრივად, ბავშვები წიგნს გვთავაზობენ მათი წაუკითხავი ცხოვრების ეპიზოდის/ეპიზოდების შესახებ, მათი გაუგებარი/დაუნახავი სიცოცხლის შესახებ, მათი დამალული და ვერგამხელილი ფიქრების შესახებ...
სხვა სიცოცხლეზე გვწერენ, სხვა სუნთქვაზე, შესაძლებლობებსა და ინტერესებზე;
დამიჯერე, გაკვეთილის გაკვეთილია და ეგეც თემაა: ჩემი შვილის/მოსწავლის ტატუ!
თუ არ აქვს, დაინტერესდი, რას დაიხატავდა (ზოგს ხომ ართმევენ ამ უფლებას), - და ყველაზე რთული: შეეკითხეთ, - რატომ?
რატომ უხატია/დაიხატავდა ამ სიმბოლიკას, სიტყვას, ფრაზას, ხაზს, რიცხვს, წერტილს ან მძიმეს...
ასე შეგიძლია დაუსრულებელი ისტორიების სამი წერტილი შემოასწავლო და ჟურნალში პუნქტუაციურ თემად შეიტანო.
თემაა ხო?! ამ თემაში ვეძებთ საკვანძოს და ბავშვის ცხოვრებასაც ადვილად ვხსნით.
ბავშვები არ ლაპარაკობენ, სიტყვაძუნწი კი არ გახდნენ - სიმბოლოებით გვესაუბრებიან. უფროსებმა ამ სიმბოლოების ენა უნდა ვისწავლოთ, რადგან საერთაშორისო თინეიჯერულია!
ტატუ, ხაზები, წერტილები, ნახატები, - ჩვენგან საგულდაგულოდ გადამალული ცხოვრებაა;
ისინი ნაოჭებივითაა - ფიქრით შექმნილი და სიცოცხლის დამტევი;
სანამ გავბრაზდებით, ვკითხოთ: რა და რატომ..."

 

მანანა ჯინჭარაძე

ბლოგი