2020-05-01

თაკო მათეშვილი, ჟურნალისტი

ჩემი ერთ-ერთი პირველი სამსახური, 18 წლის ასაკში, სუპერმარკეტის კონსულტანტობა იყო. კონკრეტული მიზნისთვის დავიწყე მუშაობა - ცხოვრებაში პირველად ზღვაზე დაქალთან ერთად უნდა წავსულიყავი და ფული მჭირდებოდა. 1 თვე ვიმუშავე და ზუსტად ერთი თვის თავზე, ხელფასის აღებიდან მეორე დღესვე, წამოვედი.

დღემდე, ჩემს ერთ-ერთ ცუდ მოგონებად იმ მარკეტის მენეჯერი რჩება. ახალგაზრდა გოგო, რომელიც კაცმა არ იცის რაზე გაბოროტებული თანამშრომლებზე იყრიდა ჯავრს. მე განსაკუთრებულად ათალწუნებული ვყავდი. არ ვიცი, რატომ. უსაყვარლესი დაცვის ბიჭი მეუბნებოდა - ეჭვიანობსო :) სისულელეა-მეთქი ვუმტკიბდი, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ მას შემდეგ რაც მენეჯერის შეყვარებული რამენიმე წუთით გამომელაპარაკა, მენეჯერი დამემუქრა, რომ თუ ეს კიდევ განმეორდებოდა, ხელფასს დამაკლებდა :) აღარ განმეორებულა :) მოკლედ, ხელფასის აღებიდან მეორე დღეს სამსახურიდან წამოვედი. ისე, რომ ჩემი მენეჯერი არც გამიფრთხილებია. ზღვაზე მაინც ვერ წავედი, რადგან ხელფასი 2008 წლის 9 აგვისტოს ავიღე :)

ეს სამსახური, ცუდი სამუშაო პირობებისა და უსამართლო დამსაქმებლის კუთხით, ჩემი პრველი გამოცდილება იყო. მას მერე უამრავ ადგილას ვიმუშავე და საბედნიეროდ, კარგი გამოცდილება უფრო მეტი დამიგროვდა.

დღეს 1 მაისია, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი - მშრომელთა საერთაშორისო დღე. ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში უამრავი ადამიანი ყოველდღიურად განიცდის იმას, რასაც მე 18 წლის ასაკში და შიგადაშიგ მერეც - ცუდ სამუშაო პირობებს, უსამართლო გათავისუფლებას, ბატონ-ყმური მენტალიტეტის მქონე დამსაქმებლებს და მუდმივ ჩაგვრას, რაზეც ხმამახღლა ვერ საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის - სამუშაოს და შესაბამისად, საარსებო წყაროს დაკარგვის შიშით. ზუსტად ეს არის ჩემი მენეჯერისნაირი დამსაქმებლების კოზირიც - იციან, რომ სამუშაო ადგილები "არ ყრია" და ამით კარგად, ბოლომდე სარგებლობენ.

ბრიტანელი მეცნიერების კვლევები არ სჭირდება იმის დადგენას, რომ ადამიანი მაშინაა პროდუქტიულიც, მონდომებულიც, მოტივირებულიცა და წარმატებულიც, როცა ხედავს, რომ მას და მის შრომას აფასებენ და ეს დაფასება მხოლოდ თვის ბოლოს აღებული ხელფასით არ გამოიხატება. როცა სამუშაო ადგილზე თავს ადამიანად გრძნობს, ვის აზრსაც ითვალისწინებენ, პატივს სცემენ და დროებით აღზევებული უფროსები მონებად არ აღქვამენ. კმაყოფილი კადრი = ნაყოფიერ კადრს. თითქოსდა, რა ადვილია ასეთ მენეჯერად ყოფნა ხო? არადა არა, არ გამოსდით.

მე ვიცნობ ასეთებს - ნამდვილ მენეჯერებს, ერთ გუნდად რომ კრებენ კოლექტივს, თითოეული დასამებულის კომფორტზე რომ ზრუნავენ, იცავენ და რაც მთავრია, აფასებენ. შედეგად, დასაქმებულებიც თავიანთ მაქსიმუმს რომ აკეთებენ.

თუმცა, სამწუხაროდ, მეორე კატეგორიის წარმომადგენლებსაც ვიცნობ - მონათმფლობელებს. საქმის კეთების ნაცვლად ხელქვეითებთან ძალის დემონსტრირებით, მათი გამწარებით რომ არიან დაკავებულები, თითოეულ თანამშრომელს დამსახურებულად რომ სძულს და ერთადერთ რამეზე - მისგან თავის დაღწევაზე რომ ოცნებობენ. გარდა იმისა, რომ ადამიანურად ასეთები, შესაძლოა,გებრალებოდნენ თავიანთი პატივმოყვარეობის, სიბოროტის, შეუმდგარობისა და კომპლექსების გამო, პროტესტიც გიჩნდება, რომ მათ ადამიანების ბედი აბარიათ. იმ ადამიანების ბედი, რომელთა უკანაც კიდევ უფრო მეტი ადამიანი დგას, თავიანთი პრობლემებით, საჭიროებებითა და ფინანსური ვალდებულებებით.

მე ასეთ ადამიანებსაც ბევრს ვიცნობ - სრულიად დაუცველებს, რომელთაც შვილების საკვები, მშობლების წამლები, ძმის სწავლის გადასახადი და ბანკის ვალები აიძულებთ, რომ ჩუმად აიტანონ ჩაგვრა და არაადამიანური პირობები.

პირველ მაისი ამ ადამიანების დღეა. მათი ხმის გაგების დღე. მინდა, რომ მათი გაძლერების დღეც იყოს. მონათმფლობელებს კი დღეს მაინც შევახსენოთ, რომ ასეთად ყოფნა, უბრალოდ, "ტეხავს".

 

 

ბლოგი