2024-03-15

ყოველთვის, როცა განხილვის თემა ქალზე ძალადობაა, საზოგადოების აზრი ორად იყოფა და საკმაოდ დიდი ნაწილი მსხვერპლს ადანაშაულებს.

„აქამდე სად იყო?!“, „თუ ამდენი ითმინა, ახლა რა აზრი ქონდა“, „ქალი იქნებოდა დამნაშავე“, - ასეთ ტექსტებს ბლომად წაიკითხავთ ამა თუ იმ სიახლის კომენტარებში. მეტიც, საზოგადოებამ მოახერხა და 11 წლის ბავშვიც კი გააკრიტიკა დუმილისთვის...

რეალობა კი ერთია, არავინ იცის ვინ რა გზას გადის, რა იმედს ებღაუჭება და რისი შიში აქვს.

სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, „მშობელი“ რამდენიმე ქალს ესაუბრა. ისინი მოგვიყვებიან თუ რატომ დუმდნენ, რისი ეშინოდათ, როგორ გაბედეს, რა გზა გაიარეს და რა გზას გადიან.

მკითხველს კი იმედია რამდენიმე წუთით მაინც დააფიქრებს, რა წვილი აქვთ მსხვერპლის დუმილში შეტანილი...

 

თათა 30 წლის (სახელი პირობითია): ყველაზე მძიმე ალბათ ეს საკითხია, იმიტომ რომ ხშირად დუმილის გამო მსხვერპლი ილანძღება, არადა ტოქსიკური ურთიერთობა ერთი დიდი მოჯადოებული წრეა და გამოსვლა ძალიან ძნელია-ხოლმე. როცა ფიზიკურის გარდა ფსიქოლოგიურ ზეწოლასთანაც გვაქვს საქმე, რაღაცნაირად ისე ხდება, რომ გგონია მეტჯერ აღარ გაიმეორებს, მერე ტვინი თავდაცვის ფუნქციას რთავს და აუცილებლად ახსენდება "კარგი" საქციელები.

ზოგადად მოძალადეებს თავისებური ტაქტიკა აქვთ, იმდენად უნერგავენ მეორე ნახევარს დანაშაულის გრძნობას, რომ თავის დაღწევა ურთულესია. ანუ, დაგარტყა? გაგინა? ესე იგი რაღაც დააშავე და იმიტომ. იმაზე არ ვფიქრობთ რომ ცივილური გზებითაც შეიძლება პრობლემის მოგვარება, თან სამწუხაროდ, ასე აღგვზარდეს -  "კაცია და უნდა მოუთმინო, აბა როგორ გინდა".

შეუღლებიდან რამოდენიმე დღეში, საერთოდ სხვა ადამიანი აღმოჩნდა, მეგონა საერთოდ არ ვიცნობდი. პირველად ალბათ ერთ კვირაში ან ათ დღეში იძალადა ფიზიკურად, იმიტომ რომ  რაღაც აზრებში ვეწინააღმდეგებოდი და "ჩემი არ გამატანინა". გაჩუმებას რაც შეეხება, ჩემები მეუბნებოდნენ, ხალხი რას იტყვისო, წავიდა ქალიშვილობა დაკარგა და ახლა გამობრუნდაო, მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვიზარებდი რა ხდებოდა.

ერთი ძალადობის ფაქტიდან მეორემდე, ხან თვეები იყო შუალედი, ხან დღეები. ბოლოს ეს სიმშვიდის პერიოდი ორი წელი გაგრძელდა, თუმცა ფსიქოლოგიური ზეწოლა არასდროს არ შეუწყვეტია.

მაგალითისთვის რომ ვთქვა, სულ მეუბნებოდა რომ დებილი ვარ, ვერ ვიმუშავებ, მის გარეშე შიმშილით მოვკვდები, ყველას "სახმარად" ვენდომები,  სერიოზულად არავინ შემომხედავს და ყველაზე უარესი ბავშვებს წაგართმევო.

ორჯერ ვცადე წამოსვლა და ისევ ჩემებმა დააბრუნეს, ყველას შეგვეცოდა.

საბოლოო გადაწყვეტილება პანდემიის დროს მივიღე, სოფელში ვიყავით და იქ გავიაზრე რომ არც ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ ახლოს, ვერც პოლიცია მომაგნებდა. ამიტომ მაქსიმალურად ვეთანხმებოდი ყველაფერში და ვცდილობდი არ გამეღიზიანებინა, მეგობრების დახმარებით იქიდანვე დავგეგმე რა უნდა გამეკეთებინა. ქალაქში რომ დავბრუნდით, მალევე წავედი პოლიციაში და თავშესაფარი მოვითხოვე. ზუსტად ვიცოდი ამ შემთხვევაში ჩემებიც დაინახავდნენ რომ საბოლოო გადაწყვეტილებაა და აღარ შევურიგდებოდი, საბედნიეროდ გაამართლა.

რაც შეეხება ურთიერთობას, თავიდან იყო ხვეწნა, მერე სახლში მოვარდნა და ციხეში ჩაჯდომა მოუწია. ციხიდან რომ გამოვიდა, ერთი პერიოდი მემუქრებოდა. პრობლემა ის იყო რომ ვმუშაობდი და ბავშვები "მივყარე". სანამ არ ვაჩვენე რომ ძლიერი ვარ და აღარ მეშინია, არ გაჩერდა.

ახლა შედარებით ცივილური ურთიერთობა გვაქვს ისიც ბავშვების თემაზე, ოღონდ არ ვიცი როდემდე გაგრძელდება ასე.

5 წელი დამჭირდა იმისთვის რომ საკუთარი თავის შეყვარება და დაფასება დამეწყო, მქონდა დეპრესიის ეპიზოდები, სუიციდზე ფიქრი, ყველა ახალი სამსახურის შიში, ახალი ურთიერთობების და ზოგადად, ახალი დავალებების შესრულებისაც. სიმართლე გითხრათ, გასაუბრებაზე რომ მივდივარ, ახლაც თავში მიტრიალებს რომ დებილი ვარ და არ შემიძლია, თუმცა წარმატებით ჩავახშობ-ხოლმე.

უკვე იმ ეტაპზე ვარ რომ შემიძლია ჩემს შვილებს ელემენტარული კომფორტი შევუქმნა და პროფესიულადაც ვვითარდები.

თურმე საჭიროა ერთხელ გადაგიტრიალდეს ტვინში რაღაც და ნაბიჯს რომ გადადგამ, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება.

 

თინა 34 წლის (სახელი პირობითია): ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოდები, რომ პარტნიორი შეიცვლება, აძლევს შანსს, იიმედებ თავს, არწმუნებ და იჯერებ, რომ სიყვარული მრავალსახოვანია, თუნდაც ისეთი, ტკივილს რომ გაყენებდეს... "ყველა ერთანირად ვერ გამოხატავს."...

შემდეგი ეტაპი, ხვდები რომ არავინ იცვლება, მაგრამ თავად არ იცი, რა გინდა და რა შეგიძლია... მერე ჩდებიან „კეთილისმსურველი“ ბიძიები და დეიდები, რომლებიც გაჯერებენ, რომ შენ დაუშვი შეცდომა და შენვე უნდა აგო პასუხი. რეალურად ასეცაა, მე ვაგე ყველა ჩემს შეცომაზე პასუხი.

შეუღლებიდან მალევე შეიცვალა ურთიერთობა. თავიდანვე გამოკვეთილად ჩანს ყველაფერი, უბრალოდ ვარდისფერი სათვალეებით უყურებ ყველაფერს. ქორწინებიდა ერთ კვირაში დაიწყო. ეს არ იყო  ფიზიკური შეხება, ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა... მიზეზი კი როგორ გავბედე საერთო ფოტოს ახლობლებისთვის გაზიარება...

ასე გაგრძელდა სისტემატიურად, ფსიქოლოგიურს მოყვა ფიზიკურიც...

ძმის გარდაცვალების შემდეგ დავსვი საკუთარ თავში წერტილი და ვიცოდი რომ წამოვიდოდი, თუ ბოლომდე ამოვწურავდი მასთან თავს.

დაშორების მერე ახალი წინააღმდეგობები იწყება, კარგავ ადამიანებს და სრულიად უცხო გარემოში ხარ მარტო. უმძიმესია, თუმცა, როგორც კი იაზრებ რის ფასად ხარ თავისუფალი, აღარ გაშინებს მომავალი.

არ ვცხოვრობ საკუთარი ცხოვრებით, არ მაქვს პირადი და არ ვთვლი თავს ბედნიერ ქალად, მაგრამ ის დედა ვარ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა შვილები მასთან ყოფილიყო. მჯერა რომ იმდენს მივაღწევ, ბედნიერი ქალიც ვიქნები. რაც მთავარია, თავისუფალი ვარ.

დაშორების მერე იყო თავშესაფარი, შიშები, გაურკვევლობა, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მაჯერებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თითოეულ სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს. სწორად ნათქვამ ფრაზებს, ჩემისთანა ადამიანების ცხოვრებაში, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.

ყველაზე ხშირად დასმული ცუდი კითხვა კი ისაა, რატომ გავუჩინე შვილები. მე საკუთარ თავს გავუჩინე შვილები, ვერცერთი მათგანის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. ჩემი ცხოვრების მთავარი განძი და მონაპოვარი, სწორედ ისინია...

 

ნატა 28 წლის (სახელი პირობითია): რატომ დუმს ქალი? - ამაზე არასდროს მიფიქრია, არ ვიცი. ალბათ, თავიდან გამოსავლის ძიებაში ხარ და არ გინდა, რომ  სიტყვა "დაშორდი" მოისმინო... ყველა პატარა იმედს ებღაუჭები.

გეშინია მარტო დარჩენის, არ იცი შვილები მარტომ როგორ უნდა გაზარდო. ამ დროს იწყებ ბრძოლას საკუთარ თავთან და დუმხარ იქამდე, სანამ ამის ატანა შეგიძლია...

შეუღლებიდან 6 წელში შეიცვალა ურთიერთობა. ჩემთან საბედნიეროდ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ქონია, მაგრამ შოკისმომგვრელი იყო, როცა გავიგე მისი ნარკოდამოკიდებულების ამბავი. ეს იმდენად არვიცი რანაირი გრძნობა იყო, დაუჯერებელი?! და ამავდროულად ძალიან მტკივნეული... თვალი არ დამიხუჭავს, იმ დღიდან როცა გავიგე რასთან გვქონდა საქმე, ბრძოლაში ჩავები.

მისი არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა იყო მუდმივი... ბოლო ორი წლის მანძილზე 3 თვე იყო მხოლოდ მოსაწევის ზემოქმედების ქვეშ... პირველი ნაბიჯი გადავდგი 6 თვის შემდეგ როცა მის ოჯახში გაჟღერდა სიტყვები: „მას აღარ უყვარხარ".

სიმართლე გითხრათ იმ ქალების კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც წლები ცდილობენ ურთიერთობის გამოსწორებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამაში ხელს არ გიწყობენ... შეიძლება დღესაც მის გვერდით ვყოფილიყავი პიროვნულ შეურაწყოფაზე რომ არ გადმოსულიყო და არ დაეწყო ჩემი დამცირება სხვების თანდასწრებით. საბოლოო წერტილი დავსვი სწორედ მაშინ, როცა ბევრი თავდახრის, გაჩუმების, გაგების, ცრემლების, ვედრების, ჩხუბის, ბავშვების მანიპულაციით ვერ შევძელი მისი მოტრიალება ოჯახისკენ.

დაშორებიდან სამი თვის შემდეგ გამოვიდა კონტაქტზე ფრაზით - "მე დავბრუნდი, აღარ ვარ ის, ვინც ვიყავი და ისევ უნდა მიმიღო"... თითქოს არც არაფერი მომხდარა და მისთვის გაუგებარი იყო თუ რატომ აღარ მინდოდა მასთან ცხოვრება. რამდენიმეთვიანი ვედრების შემდეგ თითქოს შანსი მივეცი, რათა დაენახებინა მისი შეცვლილი სახე, რაც სამწუხაროდ სიმართლე არ აღმოჩნდა...

მასთან საბოლოოდ დაშორების შედეგ ვარ მშვიდი, გაწონასწორებული, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ბევრად ჯანმრთელი, და რაც მთავარია შვილებს აღარ ვეჩხუბები უმიზეზოდ...

 

ნონა 44 წლის (სახელი პირობითია): დიდი ხანი ვაანალიზებდი და ვფიქრობდი იმაზე, თუ რატომ ვდუმდი და პასუხი რაც გავეცი ამ კითხვას, ბევრ მიზეზს მოიცავდა: პატარა ასაკი, როცა გამოცდილება არ გაქვს, არ იცი რა ქნა, თითქოს შოკში ხარ და ეს მდგომარეობა გაშეშებს და გაჩერებს. მეორე მიზეზი ოჯახის აზრია, რომელიც გეუბნება, რომ ოჯახი თუ გინდა, კომპრომისზე უნდა წახვიდე, შენ კი იმდენად გამოუცდელი ხარ, არ იცი რომელ კომპრომისზე უნდა წახვიდე, რომელზე არა და საერთოდ წახვიდე თუ არა. მესამე ფინანსური დამოუკიდებულებაა.

შეუღლებიდან 10 თვეში მოხდა პირველი ფეხის ჩარტყმა წელში, როცა 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი. რატომ გავჩუმდი? - არ ვიცი. ალბათ იმიტომ რომ სხვებზე უფრო ვფიქრობდი, ვიდრე საკუთარ თავზე. აურზაური რომ ავტეხო, სხვებს გაეღვიძებათ, მშობლებს რომ ვუთხრა ინერვიულებენ…

ყველაფერს ვაკეთებდი რომ ეს ხშირად არ განმეორებულიყო, გავხდი ისეთი, როგორიც მას უნდა, ვიქცეოდი ისე, როგორც მას უნდოდა, გავხდი მისი რობოტი, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც მეორდებოდა, ბოლოს უფრო გახშირდა.

დაშორების ორი მცდელობა მქონდა და ორივეჯერ უკან დავბრუნდი. საბოლოო წერტილი 23 წლის შემდეგ დავსვი. დაშორების შემდეგ ჯერ ჯერობით კიდევ თავდაცვის რეჟიმში ვარ.

ვდგავარ ძველი და ახალი გზების გასაყარზე და იმისთვის რომ ახალ გზას დავადგე, ჯერ ვდილობ გავიხსენო ვინ ვარ, როგორი ვარ, რა მიყვარს, რა არ მიყვარს, რა მომწონს…

ეხლა ვცდილობ გავიხსენო იმ რობოტის უკან, როგორი ადამიანი დგას...

 

ნინია 37 წლის (სახელი პირობითია): რატომ ვდუმდი? - არ ვიცი თავს ვიმშვიდებ თუ მართლა ასე იყო თუ არა, მაგრამ არასდროს დავდუმებულვარ. პირველი ხელით შეხება მალევე მოხდა, ორი თვის ორსული ვიყავი. ფულს მთხოვდა და არ მივეცი. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ შეიძლებოდა ფულს ასე გამოეყვანა ადამიანი მწყობრიდან, როცა ამის აუცილებელი საჭიროება არსად ჩანდა. ხელი დამარტყა და როგორც კი მეგობრებთან დარეკვა ვცადე, ვენები გადაიჭრა.

ხელით შეხება არ გამეორებულა, მაგრამ ფსიქოლოგიური წნეხი, ცინიზმი, რომელსაც თურმა კაიფი იწვევდა, სისტემატიური გახდა.

როცა წამოყვანა ვითხოვე, კიდევ სცადეთო და ისევ იგივე მდგომარეობაში დამტოვეს ჩვილი ბავშვით, ორსული...

როცა მეორედ შემეხო ხელით და დახმარება ვითხოვე, ოჯახია და უნდა მოითმინოო...

მას შემდეგ, უკვე აღარც ვამბობდი, რაც არ უნდა დახმარება დამჭირვებოდა. ვხვდებოდი, რომ სხვისი იმედით, ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი. პარალელურად ვცდილობდი დავხმარებოდი, შეცვლილიყო და სიტყვიერად, რა თქმა უნდა თვითონაც მეთანხმებოდა.

საბოლოოდ, როცა გავაცნობიერე, რომ კაიფს თურმე აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულება დაემატა, მაშინ გავიაზრე, რატომ შემეხო ორი თვის ორსულს ფულის გამო...

საბოლოო გადაწყვეტილება მივიღებ მარტომ... ცარიელი ხელებით... უფულოდ, უსახლოდ, ადამიანების გარეშე, მაგრამ მთავარი ღირებული ადამიანებით, შვილებით...

ახლა როგორ ვარ? - ახლა კარგად. ბედნიერი, თავისუფალი, ჯანმრთელი შვილებით და სახეზე გულწრფელი ღიმილით...

 

სპეციალურად "მშობელისთვის"

ძალადობა