2020-03-03

მას ქვია საკუთარი ხალხის ღალატი და ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება! მე, როგორც რიგითი მოქალაქე და თქვენი მუდმივი მომხმარებელი, სულ რომ უწამლოდ ვკვდებოდე, თქვენთან აღარასდროს შემოვალ! გადაწყვეტილების მიმღები პირი რომ ვიყო, ასეთ შემთხვევებს პირად კონტროლზე ავიყვანდი და ბიზნესი კი არა, თავბედს გაწყევლინებდით! არავინ გაბედოს იმის თქმა, რომ ფასებს ბაზარი არეგულირებს და რომ მოხმარება-მიწოდების პრინციპით მართლდება ეს ღორობა!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამთა ჯანაძე და პოსტს შესაბამის ფოტოს ურთავს, სადაც ჩანს, რომ ორ პირბადეში 3,7 ლარი (სამი ლარი და 70 თეთრი) გადაიხადა.

პოსტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება იქვე მოყვა და 600-ზე მეტ გაზიარებასთან ერთად, შემდეგი შინაარსის 500-ზე მეტი კომენტარი დაუგროვდა: „ეტყობა ჯადოსნური პირბადეა“, „ჩაივლის ეს ვირუსი და დარჩებით მომხმარებლების გარეშე“, „სირცხვილი იმპექსს! ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ და ისწავლიან ჭკუას სხვა ფირმებიც!“

მსგავსი შინაარსის კომენტარები თავად კომპანიის გვერდზეც აქტიურად გაჩნდა და საზოგადოების აგრესიამ, უკვე ფართო მასშტაბი მიიღო.

მოგეხსენებათ, კორონავირუსი გავრცელების საფრთის დაანონსებასთან ერთად, პირბადეებზე მოთხოვნამ იმატა, საზოგადოებამ კი ფასის მატება, როგორც „ომის დროს ფულის შოვნის გზად“ შეაფასა.

„მშობელი“ კომპანიას დაუკავშირდა იმის გასარკვევათ, თუ რატომ გაძვირდა პირბადის ფასი და როგორ აფასებენ მათ მიმართ გამოვლენილ საზოგადოებრივ აგრესიას.

„იმპექსში“ განმარტავენ, რომ ფასის მატება გლობალურ მოთამაშეებს უკავშირდება და პირბადეების დეფიციტი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოს შეეხო.

რაც შეეხება პირბადეს, რომელიც 1,85 ლარი ღირს, მათი თქმით, სამშრიანია , შესაბამისად, მისი ფასი, ერთ და ორ შრიან პირბადეებზე მაღალია.

"პირბადეების დეფიციტი არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს შეეხო, რასაც საერთაშორისო მედია აქტიურად აშუქებს. cnn და foxnews-ის თანახმად, 1 ცალი სამშრიანი პირბადის ფასმა 0.80 $-დან თებერვლის ბოლოს უკვე 2 $-ს მიაღწია და მიუხედავად ფასისა, პირბადეები მაინც დეფიციტშია ევროპასა და აშ.შ-ში. დეფიციტის გამო ევროპის გარკვეულ ქალაქებში 1 ცალის ფასი 6-7 და ზოგ შემთხვევაში 15 ევროსაც კი აღწევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე სამედიცინო პირბადეებზე ფასი 6-ჯერ გაიზარდა. სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ საზოგადოებისთვის მედიკამენტებზე დაბალი ფასებითაა ცნობილი, შესაბამისად, მოლოდინი ჩვენს ერთგულ მომხმარებელს ნებისმიერ სხვა ტიპის სამედიცინო პროდუქციაზეც შესაბამისი აქვს. ამ შემთხვევაში, ერთი თვის განმავლობაში პირბადეებზე ფასების ზრდა რამდენჯერმე დაფიქსირდა, რადგან სხვადასხვა მომწოდებლების მხრიდან მოხდა შესყიდვა. ამან მომხმარებელი სამართლიანად გააღიზიანა, რადგან მას მომხმარებელთა შესაბამისი ინფორმირება არ მოჰყვა. როგორც მოგეხსენაბთ, პირბადეების წარმოება ძირითადად ჩინეთსა და ამერიკაში ხდება. როცა ჩინეთში კორონავირუსმა იფეთქა, ექსპორტი შეწყვიტეს და მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის მომარაგებაზე გადავიდნენ. საქართველოს ბაზარი ძირითადად ჩინეთიდან მარაგდებოდა. საქართველოში არებული მარაგები, რომელიც სტანდარტულ ვირუსებზე იყო გათვლილი, კორონავირუსის გავრცლების საშიშროების დაანონსებიდან ერთი კვირის განმავლობაში ამოიწურა. საერთაშორისო საინფორმაციო პორტალების და ახალი ამბების თანახმად, იდენტური სიტუაცია დაფიქსირდა ევროპაშიც, საფრთის დაანონსებისთანავე  მოსახლეობამ ქაოტურად დაიწყო შეძენა და სხვადასხვა ტიპის ქსელებიდან და აფთიაქებიდან მარაგები გაქრა. პირბადეები არსებობს ერთშრიანი, ორშრიანი და სამშრიანი. პირადად „იმპექსის“ მაგალითზე რომ გითხრათ, რადგან ქვეყანაში ჯერ კიდევ იყო ერთშრიანი პირბადეების მარაგი და არ იყო მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი სამშრიანი, შედარებით უკეთესი დაცვის პირბადეები, მეზობელი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი და თურქეთი) ეტაპობრივად შემოვიტანეთ მხოლოდ სამშრიანი პირბადეები. რაც შეეხემა მათ ღირებულებას, იქიდან გამომდინარე, რომ მათ მწარმოებელ ქვეყნებშიც კორონავირუსის გავრცელების რისკის ზრდის გამო, მათზე დეფიციტია, მოგვიწია ამ პირბადეების მეზობელი ქვეყნებიდან საბაზრო ანუ გაზრდილ ფასად შეძენა, რადგან გაიზარდა მათი ბაზრიდან აზიელი და ევროპელი შემსყიდველების მხრიდან შესყიდვის მოთხოვნა. თავად ჩინელებიც კი ამ ქვეყნებიდან ცდილობდნენ უკან გატანას“, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ საწყობში მარაგი სრულად ამოწურულია, ქსელში კი ჯერ კიდევ არის შეძენა შესაძლებელი. რაც შეეხება უახლოეს პერიოდში შემოტანას, კომპანია პროგნოზს ვერ აკეთებს და უახლოეს ერთ კვირაში შემოტანის იმედს ვერ იძლევა.

„ფაქტობრივად ჩვენც ამოგვეწურა მარაგი, საწყობში არ გვაქვს, ქსელში ჯერ კიდევ არის, მაგრამ მხოლოდ სამშრიანი, რომელიც 1,85 ლარი ღირს. ამოწურვის მერე რა ფასად იქნება შესაძლებელი შესყიდვა და რა ფასად გავა ქართულ ბაზარზე, ვერ გეტყვით. ჩვენ ჯერ შესყიდვაზეც არ გვაქვს შემოთავაზება. ვმუშაობთ, მაგრამ რამდენად შევძლებთ შემოტანას ვერ ვამბობთ. საუკეთესო გამოსავალია, თუ ადგილზე გაჩნდება წარმოების რესურსი, დაარეგულირებს ფასსაც და მოთხოვნასაც. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსდა, რომ შესაძლებელია საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყოს, რაც ძალიან მისასალმებელია, რადგან აღნიშნული ცალსახად დაარეგულირებს, როგორც ფასს, ისე მნიშვნელოვნად შეამცირებს პირბადეებზე წარმოშობილ დეფიციტს ადგილობრივ ბაზარზე. რაც მთავარია, სახელმწიფოს აქვს სტრატეგიული მარაგი სამედიცინო დაწესებულებებისათვის, და მათი განცხადებით სახელმიწფო პირბადეების შესყიდვას კვლავ ახორციელებს.

კომპანიის წარმომადგენელი აქვე დასძენს, რომ ქაოტურმა შესყიდვამ, რეალურად ის ადამიანები დატოვა პირბადეების გარეშე, ვისაც რეალურად ჭირდებოდა.

„ფიზიკურად არ არის რეკომენდირებული ჯანმრთელმა ადამიანმა გაიკეთოს პირბადე, თუ თავად არ არის გამავრცელებელი, ან ავადმყოფთან არ უწევს კონტაქტი. იმდენად ქაოტურად მოხდა შესყიდვა, ვისაც უფრო ჭირდება, იმათ გაუჭირდათ შეძენა. აქტიურად მუშაობს კომპანიის ფეისბუქ გვერდი და ქოლ ცენტრი, სადაც გვეკონტაქტებიან და ჩვენ ვცდილობთ დაინტერესებულ პირებს ოპერატიულად მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რომელ ფილიალში არის შესაძლებელი, ამ ეტაპზე, პირბადეების შეძენა“.

საზოგადოება