2019-03-18

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი,  67 წლის გახდა.

სალომე ზურაბიშვილი 1952 წლის 18 მარტს, პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილისა და ასევე პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის - ზეინაბ კედიას ოჯახში დაიბადა.

1972 წელს სალომე ზურაბიშვილმა დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1973 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს — პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.

დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1974 წელს რომში (კირინალი), საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივნის თანამდებობით. 1977-1980 წლებში მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ნიუ-იორკი), საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივნის თანამდებობაზე. 1980-1984 წლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელია.

1984-1988 წლებში სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი იყო. 1988-1989 წლებში ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველ მდივნად მსახურობდა. მოგვიანებით, ზურაბიშვილი იყო კონვენციური შეირაღების შემცირების საკითხში საფრანგეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის უფროსი; 1989-1992 წლებში ნჯამენაში (ჩადი) საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი; 1992-1993 წლებში, ბრიუსელში, ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პოლიტიკური მრჩეველი; 1993-1996 წლებში ბრიუსელში, დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა - მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; 1996-1998 წლებში, პარიზში, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი; 1997-1998 წლებში მუშაობდა პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაში; 1998-2001 წლებში, პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განიარაღების დეპარტამენტის სტრატეგიის საკითხთა სამმართველოს უფროსი; 2001-2003 წლებში, პარიზში, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო, სტრატეგიულ საკითხთა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი; 2003-2004 წლებში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.

2004 წლის თებერვალში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ჟაკ შირაკმა, საქართველოს ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ელჩის მოვალეობისგან გაათავისუფლა. 20 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საფრანგეთის ყოფილი ელჩი თბილისში, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. ამ დროის ის ჯერ კიდევ საფრანგეთის მოქალაქე იყო, ამიტომ პრეზიდენტმა, იმავე დღეს, საგანგებო ბრძანებით საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი იყო პირველი, ვისაც ორმაგი - საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა.

ქართულ პოლიტიკაში სალომე ზურაბიშვილი 2004 წელს გამოჩნდა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა. მინისტრობიდან წასვლის შემდეგ 2006 წლის 11 მარტს, დააფუძნა პარტია "საქართველოს გზა", 2010 წლის 11 ნოემბერს კი მან პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

2012 წლიდან ის ისევ ბრუნდება პოლიტიკაში, 2016 წელს ხდება საქათველოს პარლამენტის წევრი, 2018 წელს კი უკვე საქართველოს პრეზიდენტი. 

 

საზოგადოება