2022-01-24

სამინისტრო კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებ დევნილებს ქირით გასვლას სთავაზობს.

„ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და სხვადასხვა ქალაქებში უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები და ახლა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებთან, ქონების მართვის სააგენტოსთან ამ მიწების გადმოსაცემად პროცესი. პარალელურად, დაწყებული გვაქვს სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკებები ამ მიწებზე მშენებლობების დაწყების საკითხზე“ , - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ სამინისტრო, მათი განსახლების მიზნით, მიმდინარე მშენებლობებთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.

„რადგან ასეთი კრიტიკული მდგომარეობაა სასტუმრო „ქართლთან“ დაკავშირებით, ჩვენ მოვიძიეთ მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა და მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ არსებული ფასების ფარგლებში შემოვიდნენ გამოცხადებულ კონკურსში. მიმდინარე წელს ამ ბინებით ჩვენ მოსახლეობას დავაკმაყოფილებთ. დავადასტურებ, რომ დევნილთა სააგენტომ მოიძია ღირსეული საცხოვრებელი პირობები, სხვადასხვა ბინები, სადაც ჩვენ კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებ დევნილებს ვთავაზობთ ქირით გასვლას, მშენებლობების დასრულებამდე, მათ იქ ცხოვრება შეეძლებათ. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ყველა შესაძლო რესურსს ვიყენებთ და უახლოეს პერიოდში კონკრეტული ხელშესახები შედეგი გვექნება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

საზოგადოება