2021-02-26

ნანიკო გრიგალაშვილი, 3 წლის სანის მარტოხელა დედაა. ნანიკოს სანის გარდა, თუ მეგობრებს არ ჩავთვლით, არავინ ჰყავს. მამა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ავადმყოფობას ემსხვერპლა, დედა კი, რომელიც მისი ერთადერთი იმედი იყო, კორონავირუსმა წაართვა. ნანიკოს, დედის დაკრძალვა, საავადმყოფოდანვე მოუწია.

ნანიკო „მშობელთან“ იხსნებს, თუ რა გახდა დედის გარდაცვალების მიზეზი და ადამიანებს მოუწოდებს, მეტად გაუფრთხილდნენ ერთმანეთს.

„სანი ჩემი ჯერ კიდევ სტუდენტობის წლების სიყვარულის ნაყოფია. მის დაბადებას ბევრი სირთულე მოჰყვა, როცა მარტომ გადავწყვიტე მასზე მეზრუნა, მაგრამ დედა მალევე შეეგუა და მისი გაჩენის შემდეგ, სრულიად შეიცვალა დამოკიდებულება. დედას იმ დღიდან შეუყვარდა სანი, როცა დაიბადა. სახლში მოყვანისთანავე გადაინაწილა პასუხისმგებლობა, რადგან მე უნდა მემუშავა. გულზე იწვენდა და ისე აძინებდა. მეგობრების წყალობით მე მალევე დავიწყე მუშაობა და სანიც მალევე გახდა ბებოს ბიჭი. სულ მასთან იყო და ის ზრდიდა. ზოგჯერ დედასაც მას ეძახდა. მე ბევრი სამსახურის გამოცვლა მომიწია, ხშირად ღამეც მიწევდა დარჩენა, შესაბამისად, სანი სულ ბებოსთან იყო, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა.

როგორც იქნა დავიწყე სტაბილური სამსახური და ნელ-ნელა სიმშვიდეც შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში. თუმცა ბოლო კარანტინის დროს, ისევ უსამსახუროდ დავრჩი. დედა არნახული სიმშვიდით მამხნევებდა. ყველაფერი კარგად იქნება, გავუძლებთ ასეთებისთვის გაგვიძლიაო, რისი გეშინიაო შენ და შიში ვის გაუგიაო.

ასე მამშვიდებდა სულ. დავგეგმეთ რაღაცების გაკეთება სახლში და ყველაფერი კარგად იყო, სანამ ერთ დღეს სტუმარი არ მოგვივიდა. თურმე სიცხეები ჰქონია წინა დღეს, მაგრამ გაციებას დააბრალა. შემდეგ დედას დაეწყო სიცხეები, მაგრამ არანაირი სიმპტომი არ ერთვოდა, ამიტომ ჩვენც გაციებას დავაბრალეთ. გაუარა და დაახლოებით 5 დღის მერე, ისევ შეუძლოდ გახდა. უკვე ყოველ დღე მძიმდებოდა. ღამე თითქმის არ ეძინა. ვერ სუნთქავდა მადა არ ქონდა, სუნსაც ვერ გრძნობდა, თუმცა მაინც ეგონა რომ სხვა რამ ჭირდა და არა კოვიდი. სასწრაფოს არ მაძახებინებდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთ დღედაც ჩუმად დავრეკე, მოვდინენ და სასწრაფოდ ტესტზე გაგვგზავნეს.

ავიღეთ და კაბინეტიდან გაისმა ხმა - ქალბატონო თქვენი ტესტი დადებითია. დედამ ერთი ძლიერად ამოიოხრა და ისევ სასწრაფო გამოვიძახეთ კლინიკაში გადაყვანის მიზნით. დედამ მთხოვა, ამ ერთ ღამესაც გავათენებ სახლშიო, მაგრამ ნაცნობი ექიმები, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, მეუბნეოდნენ რომ ჟანგბადის გარეშე ძალიან დამიმძიმდებოდა და წუთი არ უნდა დამეკარგა.

დავარწმუნე. სანამ სასწრაფოს გამოვიძახებდი, ჩემი ხელით დავბანე, ძალიან მთხოვა, მოვაწესრიგე და მოვიდნენ კიდეც ექიმები. იმედი ქონდა 10 დღეში გამოვიდოდა. ჩვეულებრივ საუბრობდა, საავადმყოფოში წასაღები ტანსაცმელებიც კი თავისი ხელით ჩაალაგა, სასწრაფოში თავისი ფეხით ჩაჯდა. პირველად იყო, რომ მარტო გავუშვი და არ გავყევი. პირველად დავტოვე მარტო. საავადმყოფოში ადგილები არ იყო და ნაცნობების ჩარევით ერთი ადგილი ძლივს გამოგვიჩინეს, ისიც მარნეულში.

მე და ბავშვი იმწუთიდან იზოლაციაში გადავედით და გამოვიკეტეთ სახლში. ეს კიდევ სრულიად ახალი გამოწვევა იყო. ხალხი გადაირია. ყველა დახმარებას მთავაზობდა, ნაცნობები, უცნობები. მოქონდათ საკვები, მირიცხავდნენ თანხას. ყველა ფეხზე დადგა ჩვენ გამო.

დედა პირველ დღეს კარგად იყო, მეორე დღეს ექიმს რომ ვესაუბრე, მითხრა რომ მდგომარეობა არც ისე კარგია და შეიძლება აპარატზე შეერთება დაჭირდესო. არც კი დამიშვია რომ რამე ცუდი მოხდებოდა.

მესამე დღეს მითხრეს რომ გადარჩენის შანსი, მხოლოდ 0.05% იყო. ეგონათ რომ დედას კოვიდთან ერთად ლეიკემია ჰქონდა, თუმცა ასე არ იყო. დედას ფიბრომული კვანძები აწუხებდა და ის გაუღიზიანა ამ დაავადებამ. მთელ ორგანიზმს მოედო და საბოლოოდ სიცოცხლე სიკვდილმა დაამარცხა.

ექიმები შოკში იყვნენ, ასეთი არაფერი გვინახავს, ცალკე ეს ქალი იბრძვის სიცოცხლისთვის, ცალკე ეს დაავადება ებრძვისო, დედა უკვე დასუსტებული იყო და ვეღარ გაუძლო”.

ნანიკოსთვის ყველაზე მძიმე, დედის დაკრძალვა აღმოჩნდა, რომელიც საკუთარი ხარჯებითა და იმავე დღეს მოუწია.

„სახელმწიფომ სერთოდ არაფერი დააფინანსა. სასახლე, მანქანა, რომლითაც მარნეულიდან გადმოვასვენეთ, სპეციალური კონტეინერი, რომელშიც დედა შეფუთეს, მთლიანად ჩემი ხარჯით გაკეთდა.  

აქ დაიწყო მეორე ეტაპი. სახლში თუ მოვასვენებდი დედას, ხელწერილი უნდა დამეწერა, რომ სამძიმარზე არავინ შემოვიდოდა. 2 000 ლარიანი ჯარიმა იყო მათთვის, ვინც დაარღვევდა, რადგან მე და ბავშვი ისევ კარანტინში ვრჩებოდით. სახლში ჩვენ გარდა არავინ იყო. მე არც ფინანსები მიწყობდა ხელს, რომ დედა სახლში მომესვენებინა, მერე ის ისევ მექირავა მანქანა და საფლავზე წამესვენებია. არც ის მინდოდა ცარიელ ოთახში დალუქულ სასახლესთან მე და ბავშვი დავრჩენიყავით მარტოები და ბავშვს სტრესი მიეღო ამით. ამ ყველაფრის გამო დედას დაკრძალვა იმ დღესვე მომიწია, რასაც უბანში დიდი აჟიოტაჟი მოყვა და ხელახლა განხილვის საგანი გახდა ჩემი ოჯახი. მე დღემდე მიწევს ადამიანებისთვის ახსნა, თუ რატომ მომიწია ჯერ კიდევ თბილი დედის დაკრძალვა".

"მე და დედა საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ძალიან ვუგებდით ერთმანეთს. ორივეს გვიყვარდა ხუმრობა და ასე სიცილში ვატარებდით დღეებს. რა თქმა უნდა ვკამათობდით კიდეც, თუმცა მხოლოდ ერთი დღით.

დედას გარდაცვალება ყველაზე მეტად სანის გაუჭირდა, ეძებდა ოთახებში, კითხულობდა, ტიროდა. ერთ დღესაც ვუთხარი რომ მისი ბაბა ცაში იყო. გავიდა აივანზე და ეძახდა. მისი ტანსაცმელები იპოვა, იხუტებდა და კოცნიდა ბაბაო. ახლა ნელ-ნელა მიეჩვია და იმდენად აღარ კითხულობს. მეც არ გავტყდი იმ დღიდან, რაც დედა დაიღუპა ორმაგი ძალა მომეცა. სულ მარტო დავრჩი ბავშვთან ერთად, თუმცა მე საუკეთესო მეგობრები მყავს, რომლებიც დიდ სტიმულს მაძლევენ.

ახლა კი ახალი იდეებით და დიდი გეგმებით ვარ სავსე. თითქოს, როცა რამე ცუდი ხდება, ჩემში ახალი რამ იბადება. ასეა ახლაც. პროექტს ვამზადებ, რომელსაც ამ ზაფხულს ბოლომდე მივიყვან.

არ ვნებდები... ესაა ცხოვრება... წამი... ყოველი წამით უნდა ვიყოთ ბედნიერი. არ ვიცით ხვალ რა მოხდება, ვინ წავა ვინ მოვა ჩვენ ცხოვრებაში... წარსულს დიდი დრო არ უნდა დავუთმოთ, თორემ ვერასდროს ვიქნებით ბედნიერები. მე ელემენტარული მზის ამოსვლაც კი მაბედნიერებს უკვე. ყოველი გათენებული დღე დიდი საჩუქარია, რომელიც დარდში არ უნდა გავატაროთ. არცერთი წუთი არ უნდა დავკარგოთ“.

საზოგადოება