2020-12-21

ბათუმში 5 200 ბენეფიციარისთვის დღეს სასურსათო პროდუქტების კალათის გადაეცემის პროცესი დაიწყო.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სასურსათო კალათების შეძენისთვის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო 416 ათასი ლარი, რომელიც ბიუჯეტში დაზოგილი ხარჯებით მიღებული ეკონომიაა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პროდუქტებს ახალ წლამდე აჭარაში სულ 10 ათასამდე ოჯახი მიიღებს. ახალი წლის შემდეგ კი პროგრამას მედიკამენტებით უზრუნველყოფაც დაემატება.

„დაახლოებით 10 000-მდე ოჯახი წლის ბოლომდე მიიღებს შესაბამის სასურსათო უზრუნველყოფას. ასევე, იცით, რომ ახალი ბიუჯეტის პირობებში მომავალ წელს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში პროგრამული ხასიათი მიეცემა მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფას, დაემატება მედიკამენტებით უზრუნველყოფაც. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის ძალიან მცირედი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ამ კონკრეტულ მოცემულობაში მოქალაქეებს და მათ ოჯახებს გვერდში დავუდგეთ, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გავაფართოვოთ ამ მხარდაჭერის არეალი ისე, რომ განსაკუთრებით მოახლოებულ ახალ წელს და შემდგომ პერიოდშიც არც ერთი ოჯახი არ დარჩეს სახელმწიფო ზრუნვის გარეშე“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საზოგადოება