2022-04-19

"იმედგაცრუებული ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე", - ასე გამოეხმაურა ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე სტუდენტების პროტესტს, სწავლის პროცესის სრულად აუდიტორიებში განახლებასთან დაკავშირებით. 

მოგესხენებათ, სტუდენტები სწავლის შერეულ მეთოდს ითხოვდნენ, ვინაიდან რეგიონში მყოფი ახალგაზრდები, საცხოვრებლით უზრულველყოფის პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, არიან ისეთებიც, ვინც ონლაინ სწავლების რეჟიმში დასაქმდა, ახლა კი დროზე ადრე ხელშეკრულებას ვერ წყვეტს. 

"ამ პოსტს ვწერ ძალიან იმედგაცრუებული, პირველ რიგში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატის საყურადღებოდ. სად არის ჩემი უნივერსიტეტი , ივანე ჯავახიშვილის სახელობისა, რომელიც მე დავამთავრე და რომელმაც მომცა ყველაფერი, რაც ნორმალურ ადამიანს სჭირდება. დღეს, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი იმედებს მიცრუებს. რატომ? იმიტომ, რომ მას აღარ აქვს ის ღირებულებები, რაც ნიკო კეცხოველის რექტორობისას ჰქონდა. აი, თუნდაც ახლა , როცა შევიტყვე, რომ სემესტრის ბოლო ორი თვისთვის რექტორატი აპირებს სტუდენტები ონლაინ რეჟიმიდან სააუდიტორიო ლექციებზე დააბრუნონ. რა თქმა უნდა, აუდიტორიებში ლექციებს უამრავი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ უნივერსიტეტი განათლებასთან ერთად მხარს უნდა უჭერდეს სტუდენტის კეთილდღეობასაც. მაგრამ რა ხდება ახლა? მაშინ, როცა ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მასიური შემოსვლის გამო ბინების ფასი ლამის ორმაგადაა გაძვირებული, სტუდენტებს ვთხოვთ 2 თვის გამო გაძვირებული ბინები იქირაონ? ასე ხომ მათ და მათ მშობლებს ვწირავთ უდიდესი ფინანსური ზარალისთვის და ხშირად მონური შრომისათვის. უკეთესი ხომ არ იქნებოდა ეს წამოწყება სექტემბრიდან შესულიყო ძალაში, ასე ხომ ზაფხულში მაინც არ მოუწევდათ სტუდენტებს ბინის ქირაში ფულის ტყუილად ხარჯვა. გამიხარდება თუ ამ გადაწყვეტილებას შეცვლის უნივერსიტეტი და დაფიქრდება, რომ ზოგჯერ სტუდენტის კეთილდღეობაზეც უნდა იზრუნო, ცალკე სიმკაცრე და აკადემიური მიდგომა არაფერია თუკი სტუდენტების ცხოვრება და სოციალური კონტექსტი არ გავითვალისწინეთ", - წერს ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში.

 

თსუ-ს სტუდენტები, უნივერსიტეტისგან სწავლის ონლაინ გაგრძელების საშუალების მიცემას მოითხოვენ

თსუ სტუდენტების მოთხოვნებს პასუხობს

განათლება