2022-04-07

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტუდენტების მოთხოვნებს პასუხობს და აცხადებს, რომ გარკვეულ პრობლემებზე, სტუდენტებმა ფაკულტეტებს უნდა მიმართონ. 

როგორც "მშობელს" უნივერსიტეტში განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების ნაწილი სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყებას 7 მარტიდან ითხოვდა, ფაკულტეტებზე გაითვალისწინეს გონივრული ვადები, რაც სტუდენტებს საცხოვრებელი და სხვა საკითხების მოსაწესრიგებლად ესაჭიროებოდათ. 

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 7 მარტიდან ჰიბრიდული ფორმატით განახლდა. 2022 წლის 2 მაისიდან, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი სრულად დასწრებით ფორმატში, აუდიტორიებში განხორციელდება. ამასთან, მედიცინის ფაკულტეტზე 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 7 მარტიდან სრულად დასწრებით ფორმატში (არადისტანციურ რეჟიმში) დაიწყო. აუდიტორიებში სასწავლო პროცესი ეპიდრეგულაციების სრული დაცვით ტარდება.

სწავლის ფორმატთან დაკავშირებით იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიიღეს უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოებმა. შესაბამისად, თუკი სტუდენტებს აქვთ გარკვეული პრობლემები, მათ უნდა მიმართონ ფაკულტეტებს.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სტუდენტებს ეცნობათ თებერვლის შუა რიცხვებში. მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყებას 7 მარტიდან ითხოვდა, ფაკულტეტებზე გაითვალისწინეს გონივრული ვადები, რაც სტუდენტებს საცხოვრებელი და სხვა საკითხების მოსაწესრიგებლად ესაჭიროებოდათ", - აცხადებენ უნივერსიტეტში.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტები, უნივერსიტეტს მათი ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ და მოითხოვენ რომ მიმდინარე წელს, სტუდენტების იმ ნაწილს, ვისაც აუდიტორიაში დასწრების საშუალება არ აქვს, სწავლის ონლაინ გაგრძელების საშუალება მიეცეს.

როგორც "მშობელს" მარიამ კიკნაველიძემ განუცხადა, რეგიონში მცხოვრები სტუდენტებისთვის, რამდენიმე კვირით აუდიტორიაში სწავლის განახლება, საცხოვრებლის უზრუნველყოფის პრობლემას ქმნის.

"თითქმის ორი წელია ვსავლობთ ონლაინ, შესაბამისად, სტუდენტების უმრავლესობა თბილისში არც ჩამოსულა. სულ რამდენიმე კვირა დარჩა სწავლის დასრულებამდე, მივმართეთ უნივერსიტეტს თხოვნით, მოეცა საშუალება ონლაინ გაგრძელების, რადგან გვექმნება ბინით უზრუნველჰყოფის პრობლემა. ნორმალურ პირობებშიც კი რთულია ერთი თვით ბინის დაქირავება, ახლა კი, როცა ბინების ფასები ამ ტემპით იზრდება და მოთხოვნაც ძალიან დიდია, კიდევ უფრო გაგვიჭირდება. უნივერსიტეტი უგულებელჰყოფს ჩვენს ინტერესებს და არ ითვალისწინებს სტუდენტების პრობლემებს, რაც ვფიქრობთ, მისი ვალდებულებაა. სხვა უნივერსიტეტებმა სტუდენტებს დაუტოვეს არჩევანის უფლება, იგივეს ვითხოვთ ჩვენც, რათა არ დაირღვეს, როგორც ჩვენი, ისე იმ სტუდენტების უფლებები, ვისაც აუდიტორიაში სურს სწავლის გაგრძელება", - განაცხადა მარიამ კიკნაველიძემ.

 

განათლება