2022-04-07

ი.ჯ. სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტს მათი ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ და მოითხოვენ რომ მიმდინარე წელს, სტუდენტების იმ ნაწილს, ვისაც აუდიტორიაში დასწრების საშუალება არ აქვს, სწავლის ონლაინ გაგრძელების საშუალება მიეცეს.

როგორც "მშობელს" მარიამ კიკნაველიძემ განუცხადა, რეგიონში მცხოვრები სტუდენტებისთვის, რამდენიმე კვირით აუდიტორიაში სწავლის განახლება, საცხოვრებლის უზრუნველყოფის პრობლემას ქმნის.

"თითქმის ორი წელია ვსავლობთ ონლაინ, შესაბამისად, სტუდენტების უმრავლესობა თბილისში არც ჩამოსულა. სულ რამდენიმე კვირა დარჩა სწავლის დასრულებამდე, მივმართეთ უნივერსიტეტს თხოვნით, მოეცა საშუალება ონლაინ გაგრძელების, რადგან გვექმნება ბინით უზრუნველჰყოფის პრობლემა. ნორმალურ პირობებშიც კი რთულია ერთი თვით ბინის დაქირავება, ახლა კი, როცა ბინების ფასები ამ ტემპით იზრდება და მოთხოვნაც ძალიან დიდია, კიდევ უფრო გაგვიჭირდება. უნივერსიტეტი უგულებელჰყოფს ჩვენს ინტერესებს და არ ითვალისწინებს სტუდენტების პრობლემებს, რაც ვფიქრობთ, მისი ვალდებულებაა. სხვა უნივერსიტეტებმა სტუდენტებს დაუტოვეს არჩევანის უფლება, იგივეს ვითხოვთ ჩვენც, რათა არ დაირღვეს, როგორც ჩვენი, ისე იმ სტუდენტების უფლებები, ვისაც აუდიტორიაში სურს სწავლის გაგრძელება", - განაცხადა მარიამ კიკნაველიძემ.

განათლება