2019-05-27

ექვსთვიანი განხილვების შემდეგ დღეს, 27 მაისს სასამართლომ გორში 9 წლის გოგოს მკვლელობისა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ ამ განაჩენით სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. პროკურორ ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, არაერთი მტკიცებულებით დადასტურდა, რომ 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი იაგო ნებიერიძემ მოკლა.

თავად იაგო ნებიერიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ბავშვი არ მოუკლავს. ნებიერიძე მხოლოდ შეუტყობინებლობის გამო ითხოვს გასამართლებას.

უსაფრთხოების მიზნით პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში ტარდებოდა, სადაც მოკლული ბავშვის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ. ისინი, ისევე როგორც ჟურნალისტები, განხილვასა და განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ვერ დაესწრნენ, რადგან ამ საქმეზე პროცესი დახურულია. მოკლული ბავშვის ოჯახი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა.

იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი თბილისში © გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი გორში 2018 წლის 25 ოქტომბერს იპოვეს. ბავშვს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, სახეზე კი- პოლიეთილენის პარკი ჩამოფარებული. მეორე დღეს, 26 ოქტომბერს, შსს-მ  დააკავა 34 წლის ეჭვმიტანილი, იაგო ნებიერიძე.

იაგო ნებიერიძის მიმართ გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რასაც შემდგომ დაემატა გარყვნილი ქმედების ბრალდებაც.

აღნიშნულ პირი ფიგურირებს 14 წლის წინ გორში გაუჩინარებული მოზარდის საქმეშიც, რომლის ცხედრის სამძებრო სამუშაოებიც გასულ წელს გორში მიმდინარეობდა. იაგო ნებიერიძე 14 წლის წინ სასამართლომ გაამტყუნა 11 წლის გაუჩინარებული ბიჭის საქმეში ფულის გამოძალვაზე. მან ამ ბრალდებით მოიხადა სასჯელი, ხოლო ბავშვის გატაცება მაშინ ვერ დაუმტკიცდა.

გასული წლის ნოემბერში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ 14 წლის წინ გატაცებული 11 წლის ბიჭის ცხედრის ადგილსამყოფელი დაასახელა, თუმცა, რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, ბავშვის ცხედარი სამართალდამცველებმა ვერ იპოვეს.

 

წყარო

ძალადობა