2019-02-06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სქესობრივი დანაშაულისთვის ნასამართლევ პირებს, სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა აეკრძალებათ.

არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდელბლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას და მათთვის მთელი რიგი უფლებების ჩამორთმევას. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა, ასეთ დაწესებულებებში ყოფნა და ა.შ.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 141-ე მუხლებით მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას, რაც მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა მონიტორინგის გზით, დანაშაულის პრევენციას.

გარდა ამისა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, რომელიც თებერვლიდან პილოტურად ამოქმედდება და რომლის მიზანი გამოძიების მიმდინარეობისას მსხვერპლთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივებაა.

ძალადობა