2024-03-13

 

"იმედის კლინიკა" პაციენტის ბრალდებებს გამოძიების დასრულებამდე არ პასუხობს.

საქმე ეხება მოქალაქე ნათია მჭედლიშვილის ბრალდებებს, სადაც ის აცხადებს, რომ კლინიკიდან ისე გაწერეს, მისი მდგომარეობა არ გადაუკონტროლებიათ, გართულების შემდეგ კი სეფსისი დაუდგინდა. გარდა ამისა, გაუფრთხილებლად ჩაუტარდა ოპერაცია და დაკარგა საშვილოსნო. 

"პაციენტს ყველა სახის დოკუმენტაცია საღებული აქვს კლინიკიდან, მიმდინარეობს გამოძიება. მის დასრულებამდე კომენტარის გაკეთებას არ მივიჩნევთ მიზანშეწონილად", - განუცხადეს "მშობელს" კლინიკაში. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, დაზარალებულს განცხადება უკვე ცხრა თვეა შეტანილი მაქვს ჯანდაცვის სამინისტროში, თუმცა რეაგირება ჯერ არ მოუხდენიათ.

"თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩემი ისტორია გაგიზიაროთ, რადგან ვინმესგან რომ მომესმინა, მე ნამდვილად ავარიდებდი თავს იმედის კლინიკაში მოხვედრას. სრულიად ჯანმრთელი და უპრობლემო ორსული შევედი კლინიკაში სამშობიაროდ. ჩამიტარდა საკეისრო კვეთა ექიმ გია გაბრიჩიძის მიერ. სტანდარტულად მესამე დღეს გამომწერეს საკონტროლო ეხოსკოპიის გარეშე, არ გადამიმოწმეს ანალიზები, ტკივილებზე მითხრეს რომ პოსტოპერაციული პერიოდია და გამივლის. პალატის ექიმმა გიგა გურასპაშვილმა გადმომცა მხოლოდ 15%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი იმედის კლინიკის და არანაირი კონსულტაცია ან დანიშნულება არ მოუცია. ასე გამომწერეს სამშობიაროდან ინფექციით, სეფსისით.

რამდენიმე დღის შემდეგ დავბრუნდი ჩივილებით, დამიმალეს დიაგნოზი, მკურნალობდნენ არასწორად. ამაში ჩართული იყო მთელი იმედის კლინიკის ექიმები! გია გაბრიჩიძემ ყველანაირი კანონის ავლით, საკუთარი მანქანით გადამიყვანა სერგო მათითაშვილთან. ეხოსკოპიაზე იქაც არ მითხრეს თუ რა მჭირდა და იქიდან მოსული ეგრევე შემიყვანეს საოპერაციოში.

არც მე და არც ჩემი ოჯახი არ ფლობდა ინფორმაციას, თუ რისთვის შემიყვანეს საოპერაციოში. იმედის ექიმებისგან ვიცოდი რომ ადგილობრივი ანესთეზიით უბრალოდ მოხდებოდა მუცლის ღრუში არსებული სითხის დრენაჟირება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩამიტარდა ჰისტერექტომია, დამაკარგვინეს საშვილოსნო თავისი დანამატებით. ეს ოპერაცია მაია მჭედლიძემ გამიკეთა.

ამ ოპერაციის მერე ისევ ვმძიმდებოდი და მივხვდი რომ ესენი გამოჯანმრთელების მაგივრად მკლავდნენ. მივითხოვე გადასვლა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მოხდა ჩემი სრული გამოკვლევა. რეანიმაციაში სეფსისის დიაგნოზით დამაწვინეს.

ორი კვირის განმავლობაში ვიბრძოდი სიცოცხლისთვის, ღმერთის წყალობით გადავრჩი. მივიღე მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესი. მომაყენეს მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება, ის გამოც დარჩენილი სიცოცხლე უნდა ვიყო მკურნალობის ქვეშ და ჯერ სულ რაღაც 31 წლის ვარ.

თავს ვალდებულად ვთვლი ეს ინფორმაცია გავაჟღერო. უნდა დაისაჯოს ყველა ექიმი იმ გულგრილი დამოკიდებულებისთვის, რასაც თითქმის ყოველდღე ჩადიან", - აცხადებს ნათია.

ჯანდაცვა