2021-03-31

ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 55 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ მიიღო.

„ჩვენ ვიმსჯელეთ იმ კალენდართან მიმართებაში, რომლითაც დღეს საქართველო ხელმძღვანელობს ვაქცინაციის პროცესის წარმართვასთან მიმართებაში. საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის ჯგუფს ჩვენ დავამატებთ ჩვენს მოქალაქეებს 55 წლის ზემოთ. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ჩვენ დავაკვირდით თუ დიდია ინტერესი და რამდენად კარგი არის აქტივობა ჩვენს მოქალაქეებში, რომლებიც არიან 65 წელს ზევით. ასევე იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა სწორედ იმ ჯგუფს შორის, რომელიც 55-დან 65 წელს მოიცავდა", - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ვაქცინის იმ დოზებით, რომლის დაკარგვის რისკიც არსებობს, პოლიციელები და ჯარისკაცები აიცრებიან.

„იმისთვის, რომ დანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდეს პოლიციის და ჯარის ჩართულობა პროცესში და სათადარიგო სიების შექმნა. ეს არის ის საკითხი, რომლებზეც საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება. 5 აპრილიდან ამ ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა მოხდება. პოლიცია ჩაერთვება, როგორც აცრის ჯგუფი და ისინი მიიღებენ იმ სათადარიგო დოზებს, რომლის დაკარგვის რისკი შეიძლება დადგეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვა