2018-02-01

თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, უამრავი ადამიანი ებრძვის სხვადასხვა მძიმე დაავადებას. ბევრს ბრძოლის დაწყება უჭირს, ბევრიც იმარჯვებს. „მშობელი“ დღეს სწორედ ერთ-ერთ გამარჯვებულს, ლილე ჩხეტიანს წარმოგიდგენთ და მასთან ერთად ვეცდებით სტიმული მივცეთ იმ ხალხს, ვინც ახლა ბრძოლის პროცესშია. ლილე მოგვიყვება თუ როგორ გაიგო ავადმყოფობის შესახებ, როგორც დაიწყო ბრძოლა და რა გზა გამოიარა 5 წლიან ომში.

ლილე მკურნალობის პერიოდში

ლილე ჩხეტიანი -  37 წლის, იურისტი. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი.

- 2011 წლის გაზაფხულზე შეუძლოდ ვიგრძენი თავი. მიზეზის ძებნაში მოვიარე რამდენიმე ექიმი და ჩავიტარე ბევრი კვლევა. ბოლოს, ძველ ონკოლოგიურში (ლისზე) დამისვეს დიაგნოზი, ჰოჯკინის ლიმფომა.

როცა დიაგნოზი შემატყობინეს მახსოვს ექიმის სიტყვები - „არა უშავს, მთავარია კიბო არ არის“. მეორე ექიმის სიტყვები - „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ადვილად განკურნებადი სიმსივნე, მოგიწევთ ხანგრძლივი მკურნალობა და უსიამოვნო პროცედურების გაკეთება“.

ახლა ვფიქრობ, ვერ გავაცნობიერე მაშინ რა ხდებოდა. მინდოდა ერთი წამიც არ დამეკარგა და მემკურნალა. მახსოვს პირველად როცა დავწექი ქიმიის პროცედურაზე ექთანის სიტყვები - „ როგორი ხელდაუკარებელია“. დიახ, ხელდაუკარებელი ვიყავი, 31 წლის ასაკში პირველად ვიყავი კლინიკაში მნიშვნელოვანი მიზეზით.

დავიწყე მკურნალობა, მახსოვს პირველი ეტაპი ისე ჩავატარე რომ მე და ბაჩის მანქანა არ გვყავდა და გადასხმის მერე ონკოლოგიურის ეზოში ვდგებოდი ბაჩიზე დაყრდნობილი, მარშუტკას ველოდებოდი და რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლით მივდიოდით სახლში.

დაავადებას ვებრძოდით, ვაჩერებდით, ვაქრობდით, მაგრამ ისევ ჩნდებოდა. ეს მოხდა ორჯერ. მეორე რეციდივზე მივხვდი, რომ საქართველოდან უნდა წავსულვიყავი. ვიპოვეთ კლინიკა, თუმცა მკურნალობა ჯდებოდა ძალიან ძვირი.

დაავადებასთან ბრძოლის 4 წლის თავზე პირველად ვითხოვე დახმარება. მარტო ვერ გავწვდებოდი ხარჯებს. ჩემს ირგვლივ საოცრებები ხდებოდა. უპრეცენდენტო აქტივობამ შედეგი გამოიღო. ჩემი ანგარიში არ ჩერდებოდა. უამრავი ადამიანი მირიცახვდა ფულს. მკურნალობისთვის საჭირო ფულის შეგროვების პროცესს მართავდნენ ჩემი თანამშრომლები, მეგობრები, ნათესავები რომელბმაც წარმოუდგენელი რამ შეძლეს ძალიან მოკლე დროში. პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იყო კახა ბენდუქიძის ინიციატივა, პოსტი, რომელმაც ახალი ძალა მისცა ბრძოლისთვის ყველას. კახა დაგვპირდა რომ სხვადასხვა აქტივობებით შეგროვებულ ფულს გააორმაგებდა, რაც შეასრულა კიდეც და მე შევძელი სტამბოლის კლინიკაში ჩასვლა.

სტამბოლში, მედიპოლ მეგაში, ჯერ გადავამოწმეთ დიაგნოზი და მერე დავიწყეთ მკურნალობა. გავიკეთე ქიმიოთერაპიის სამი კურსი, რის შემდეგაც დავიწყეთ მაღალდოზირებული ქიმიის გაკეთება, რომელიც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციამდე ტარდება. მე და დედა მოგვათავსეს ოთახში, სადაც სამედიცინო პერსონალის გარდა არავის არ უშვებდნენ, იზოლირებული ვიყავით. დავიწყეთ მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია. თუ არ გადაგიტანია მსგავსი რამ, ვერაფრით ვერ ავხსნი ეს რა იყო. ძალიან მოკლედ შემიძლია გითხრათ - მოვკვდი და გავცოცხლდი. მე-8 დღეს გავიკეთე ძვლის ტვინის გადანერგვა. პროცესი წავიდა ნორმალურად. თბილისში დავბრუნდი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და 2 თვიანი რეაბილიტაცია დამჭირდა რომ გარესამყაროს დავბრუნებოდი.

საერთო ჯამში ჩემმა სიმსივნესთან ბრძოლამ 5 წელი მოიცვა.  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ 5 წლის განმავლობაში არავის უნახია სასოწარკვეთილი ლილე. მახსოვს პირველ გადასხმას მოვრჩი, წავედი პირდაპირ სამსახურში და მნიშვნელოვან კონტრაქტზე ვიმუშავე ისე, რომ ასოები მერეოდა ერთმანეთში. ძვლის ტვინის გადანერგვის ეტაპამდე არ გამიცდენია სამსახური. მქონდა მძიმე პერიოდები, რომელსაც ბაჩი ხედავდა მხოლოდ. ჩემი მორალური, წამიერ სისუსტეები საკუთარ თავზე გადაქონდა ბაჩის. რეციდივების დროს მქონდა წამიერი იმედგაცრუებები, თუმცა ეს იყო წამიერი, არ დავნებებულვარ, არ დამიშვია, რომ წავაგებდი ამ ომს. ვიცოდი ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ვიყავი საჭირო, ვიყავი მნიშვნელოვანი და არ უნდა მიმეტოვებინა ისინი.  ყველა პროცესში ვიყავი ჩართული ბოლომდე, ყველაფერი ვაკონტროლე ბოლო წუთამდე და გავიმარჯვე.

 

კახა ბენდუქიძის ცნობილი პოსტი, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტშია გაკრული

მიყვარხართ ყველა:

დედა, რომელიც 3 თვის განმავლობაში ერთ ოთახში უყურებდა საკუთარი შვილის შემზარავ ტრანსფორმაციას. მე ალბათ ვერ გავუძლებდი, დედამ გაუძლო.

18 წლის ძმა,  სტამბოლში სტუდენტი და შესაბამისად, ჩემი მთავარი მასპინძელი. იმანაც იბრძოლა ერთადერთი დის გადასარჩენად ბოლომდე.

მამა, რომელიც დედას შენატროდა, შენ უყურებ მაინცო.

ბაჩი, რომელიც მემატიანეა ყველაფრის. ერთი წლის შექმნილი ოჯახი მენანებოდა ალბათ ყველაზე მეტად და ამიტომ გავუძელი. ბაჩიმაც ღირსეულად გაუძლო. წელს მითხრა, რომ ჩემი დიაგნოზის დასმისას ექიმს, რომელიც არ იყო ჩემი პირდაპირი ექიმი, გაუყვანია განზე და უთქვამს, რომ ლილე მაქსიმუმ 6 თვე იცოცხლებსო. ამდენი წელი გავიდა და ვერ მომიყვა, ვერ გაიმეორა ეს სიტყვები.

ექიმი, დენიზ სარგინი, რომელმაც სასწაული ჩაიდინა, ჩემი ნდობა მოიპოვა და ბოლომდე იბრძოლა ჩემთან ერთად.

კლინიკა ჰემას ექიმები და პერსონალი, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ პოზიტიურად ვყოფილვიყავი განწყობილი მთელი მკურნალობის პროცესი და დღემდე მეხმარებიან.

კახა ბენდუქიძე, რომლის ჩარევაც პროცესებში გარდამტეხი იყო.

ჩემი მეგობარი, ლილი ბეგიაშვილი რომელიც ჩამოფრინდა სტამბოლში, გაარღვია იზოლაცია და გადანერგვიდან რამდენიმე დღეში ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფს ქორწინების ხუთი წლის იუბილე მომილოცა.

ვატო ლეჟავა, ღილების აქციის იდეის ავტორი, ლილეს გადარჩენის პროექტის ავტორი.

ნათია სამუშია, თამუნა ლოლაძე, ლეილა, ყველა ადამიანი, ყველა მეგობარი, თანამშრომელი, ნათესავი, ოჯახის წევრი, მაშინ უცნობები რომლებიც თავგანწირვით იბრძოდნენ ჩემთვის.

ჩემს თავს გადახდენილ საოცრებებს მინდა მივუბრუნდე J

ჩემს ირგვლივ ყველა გაერთიანდა, ყველა რაღაცას აკეთებდა, ყველა მწერდა რაღაცას, ყველა მამხნევებდა. იცოდეთ, რომ ყველაფერი მახსოვს, ყველა აქტივობა, ყველა გაღიმება, ყველა თბილი სიტყვა მახსოვს. ძალიან ბევრი იყავით, სახელებს არ ვახსენებ, მაგრამ იცოდეთ რომ ყველა მახსოვხართ. ჩემი ისტორიის ჰეფი ენდით დასრულება თქვენი ბრალია, თქვენ მომეცით ძალა, თქვენ მაგრძნობინეთ, რომ უნდა გამეძლო, უნდა გადავრჩენილვიყავი რომ  თქვენთვს მადლობა მეთქვა.

 

ლილეს დასახმარებელი კუთხე თავისუფალ უნივერსიტეტში

როცა თქვენს ირგვლივ ასეთ ადამიანს დაინახავთ, ადამიანს, რომელსაც სიმსივნე აქვს, კიბო აქვს, იცოდეთ რომ ის უნდა გიყვარდეთ. მოეფეროთ. უთხრათ ის, რასაც გულით ატარებდით და არ გითქვამთ მისთვის. მოეფერეთ, ძალიან მოეფერეთ და ის გადარჩება. მე ასე გადამარჩინეთ თქვენ. დღემდე ვიღებ უამრავ შეტყობინებას, დღემდე მგულშემატკივრობთ და იცოდეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

თუ თქვენ ავად ხართ, არ მოდუნდეთ, არ მიეცეთ სასოწარკვეთას, ნუ გადააბარებთ თქვენს პრობლემას სხვას. არ დაჯდეთ სახლში, არ იყოთ უმოქმედოდ, არ შეწყვიტოთ აქტივობა, არ დარჩეთ საკუთარ თავთან მარტო, იფიქრეთ რომ ეს არის მორიგი ცხოვრებისეული პრობლემა, რომელიც უნდა გადალახოთ. ყველაზე კარგი თერაპია სიმართლისთვის თვალის გასწორებაა, რეალობის სწორად აღქმა. იცოდეთ, რომ ეს იოლი ბრძოლა არ არის, იბრძოლეთ, შეუძლებელი არაფერია.

ლილე დღეს 

 

ირინე არდაშელია

 

ქველმოქმედება