2020-12-26

დღეს, ცნობილი ხელოვანი ქეთი მელქაძე, დელისის მეტროსთან ჩვეულ აქციას გამართავს.

აქცია 2017 წლიდან, ყოველ წელს, დეკემბრის შუა რიცხვებში იმართება, სადაც მოქალაქეები სხვადასხვა სახის ნივთებით საკუთარ თანამოქალაქეებს ეხმარებიან.

"როგორც იცით, უკვე ოთხი წელია, დეკემბრის შუა რიცხვებში ვწერ სტატუსს და მეგობრებთან ერთად ვდგები დელისის მეტროსთან. ყოველთვის ვწერ, მოგვაწოდეთ ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლით შეჭირვებული ოჯახისთვის, საკვები პროდუქტები, შესამოსელი, სარეცხი ფხვნილი, თუ კბილის ჯაგრისი. ყველანაირი ათასი წვრილმანი, ყველაფერი ფულის გარდა, მაგრამ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მეგობრის ანგარიშის ნომერს მივუთითებ მათთვის, ვისაც ჩვენთან ერთად ყოფნა უნდა და მოსვლას ვერ შესძლებს. თქვენი სიკეთეებით არაერთი სატვირთო მანქანა ავსებულა. ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულია ჩემს ცხოვრებაში, რადგან უამრავი კეთილი და გახარებული ადამიანების თვალებს ვხედავ. ყოველთვის ვდებ შემდეგ თქვენი ფოტოებისგან შექმნილ ვიდეოკლიპს წარწერით - ეს არის საქართველო! ჩემთვის ეს არის საქართველო, კეთილი და მოყვასის მოსიყვარულე ადამიანების ქვეყანა. 26 დეკემბერს, 12-14 საათამდე ჩვენ დელისის მეტროსთან ვიქნებით, ვიქნებით რადგან, სხვა ადამიანს როდესაც ვეხმარებით, ხომ საკუთარ თავს უფრო მეტად ვეხმარებით. მაცხოვარსაც კი დასჭირდა დახმარება, რომ ჩვენი ცოდვები გოლგოთაზე აეტანა... ჩვენი ხარის ფოტო ავტვირთე თუ არა, რამოდენიმე წუთში გაიყიდა და ბევრი კანფეტები რომ გვაქვს, ეს უკვე ვიცი. მათ დარიგებას ჩვენი ერთ-ერთი „გენერალი“ უხელმძღვანელებს, რომელიც საინტერესო წინადადებით შემოვიდა, გაშალოს „ფრონტი“ და რამოდენიმე ადგილიდან ერთდროულად მოვეფეროთ ადამიანებს. დანარჩენი „გენერლები“ პროდუქტების გადანაწილებაზე იზრუნებენ, 7 შეჭირვებულ ოჯახს რომ შეძლებისდაგვარად თანაბარი რაოდენობის თქვენი სიკეთეები მივაწოდოთ. მე ფოტოებს გადაღებით დავკავდები. ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს, ბევრმა უცხოტომელმა მათშორის, თუ რანი ვართ ჩვენ, ქართველები. როგორც ყოველთვის, საპატრულო პოლიციას წერილობით მივმართავ, რომ მძღოლებს ავტომანქანის შეჩერების გამო, პრობლემა არ შეექმნათ. მოგვაწოდეთ სიკეთეები და ღმერთმა მწვანე შუქზე გატაროთ. შარშან ერთმა მანდილოსანმა დამირეკა, ქ-ნო ქეთი შეიძლება ორი პური რომ მოვიტანო, მეტის საშუალება არ მაქვსო. ავტომანქანა გავაჩერე და კარგა ხანს მისი დაძვრა ვერ შევძელი. მდგომარეობა, როდესაც უდიდეს სიხარულს და უძლიერეს ტკივილს ერთდროულად განიცდი. ამის გულისთვის ღირდა ამ დალოცვილ დედამიწაზე მოსვლა. მადლიერი ვარ მისი, ამის განცდა რომ შემაძლებინა. გთხოვთ გააზიაროთ ჩემი სტატუსი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შესძლოს ერთმანეთის მოფერება" - წერს ქეთი მელქაძე.

GE17BG0000000498485735 ნინო დარსაძე

ქველმოქმედება