2019-02-04

მშობლების განქორწინება საკმაოდ ხშირი მოვლენაა და  შვილების ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე სტრესულ ფაქტორს წარმოადგენს. პროცესი  მტკივნეულია როგორც თავად მშობლებისათვის, ისე მათი შვილებისათვის. სამწუხაროდ ხშირად მშობლები არ ფიქრობენ ბავშების ემოციებზე, რაც შემდგომში უამრავ პრობლემას იწვევს.. რა გავლენას ახდენს განქორწინება შვილებზე, რა სახით შეიძლება ის გამოვლინდეს ბავშვის ქცევებში და რას გვირჩევს პროფესიონალი, „მშობელი“ პრაქტიკოს ფსიქოლოგს, (ევროპული სტანდარტის სერთიფიცირებული გეშტალტთერაპევტი) დარეჯან თოლორდავას ესაუბრა.

- მშობლების განქორწინება შესაძლოა, ბავშვის ცხოვრების ერთ-ერთ ტრავმულ გამოცდილებად იქცეს. გაყრის კრიზისი, რომელიც თავისთავად გულისხმობს დანაკარგს ან დანაკარგის შიშს, მიმდინარეობს ძლიერი სტრესის ფონზე. განქორწინება ცვლილებაა, როგორც ბავშვისთვის, ისე იმ სისტემისთვის, რომელშიც ის იმყოფება. მასზე ეს კრიზისი ბევრად მძიმედ აისახება, ვიდრე მშობლებზე. მშობლებმა თავად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ხოლო ბავშვი უნდა შეეგუოს ამ ცვლილებას და მიიღოს ახალი რეალობა, რაც საკმაოდ რთულია.

ბავშვზე მძიმედ მოქმედებს:

  • ერთ-ერთ მშობელთან ურთიერთობის გაწყვეტა;
  • მშობლებს შორის, როგორც კონფლიქტურ მხარეებს შორის, ყოფნა.

კრიზისი უფრო დაძლევადი და ნაკლებ მტკივნეული ხდება, თუ მშობლები ითვალისწინებენ ბავშვის მდგომარეობას, მის გრძნობებსა და საჭიროებებს, თუ გაყრის პროცესი ბავშვისთვის მოულოდნელი არ არის და მხარს უჭერენ მას ცვლილებასთან შეგუებასა და კრიზისის დაძლევაში.

სხვა შემთხვევაში კრიზისი შეიძლება გადაიზარდოს ბავშვის ემოციურ და ქცევით დარღვევებში. შოკი როგორც პირველადი რეაქცია, მიტოვების და მარტო დარჩენის შიში, შფოთვა, გაურკვევლობა, არასაჭიროების და დანაშაულის განცდა, მშობლების მიმართ  ბრაზი, იმედი და ფანტაზია რომ მშობლები შერიგდებიან, გლოვა და დარდი რომ მთლიანი დაიშალა, უიმედობა და დაბნეულობა. ეს ის ძირითადი ემოციებია, რომელთაც  განიცდიან ბავშვები განქორწინებისას და შემდგომ  პერიოდში. სტრესის შედეგად გროვდება უარყოფითი ემოციები (შიში, ბრაზი, აგრესია, შფოთვა და სხვა), ვერ ხერხდება მათი ე.წ. ,,ემოციური ვენტილაცია“. ეს ემოციები, თავის მხრივ,  აზიანებენ ბავშვს და იწვევენ  ფსიქოსომატურ დარღვევებს. ცვლილებებზე რეაქცია დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების დონეზე, პიროვნულ მახასიათებლებსა და განქორწინების პროცესის კონკრეტულ გარემოებებზე.

ქცევითი და ემოციური დარღვევები, რასაც განქორწინება ბავშვებში ტოვებს...

როგორც ზემოთ აღვნიშნე, განქორწინების კრიზისზე რეაქცია  დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე.

სკოლამდელი ასაკი: 6 წლამდე

  • მოუსვენრობა და შფოთვა;
  • ქცევის მკვეთრი ცვლილებები (პასიურობა);
  • რეგრესი (უკუგანვითარება);
  • ფაქტის უარყოფა (თითქოს არაფერი მომხდარა, არ ახსენებს);
  • შიშები;
  • ფანტაზიები და იმედი რომ მშობლები შერიგდებიან;
  • თამაში (შინაარსი ყოველთვის ომია, სადაც ყოველთვის იმარჯვებენ ცუდები).

უმცროსი სასკოლო ასაკი:  6-9 წელი

  • დანაშაულის გრძნობა, რომ მშობლები მის გამო დაშორდნენ, რომ ის არ იყო საკმარისად კარგი;
  • ფანტაზიები (დაბრუნდება, მშობლები შერიგდებიან და სხვა);
  • სოციალური პრობლემები თანატოლებთან (რცხვენია დედის გამოჩენა იქ, სადაც მამა უნდა იყოს);
  • გამოხატული სევდა, დარდი;
  • მონატრება ან ერთ-ერთი მშობლის დადანაშაულება;
  • შფოთვა, შიში, რომ მიატოვებენ;
  • მარტოობის და მიტოვების გრძნობა (სიცარიელის შევსება ასოციალური ქცევებით, საჩუქრების მოთხოვნით და ა.შ.);
  • ფსიქოსომატიკა (ავადმყოფობაში წასვლა, ნევროტული გამოვლინებები, ფრჩხილების კვნეტა, ტიკები-თვალების ხამხამი, სახის კუნთების უნებლიე მოძრაობები და ა.შ.)

მოზარდები:

  • სიბრაზე;
  • ჩაკეტილობა, იზოლაცია;
  • სახლიდან გაქცევები;
  • აგრესიული, მტრული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ;
  • დეპრესია;
  • სუიციდის მცდელობა;
  • სასკოლო, სასწავლო პრობლემებს თან ახლავს სევდა, სირცხვილი;
  • ფობიები;
  • დელინკვენტური ქცევა (ასოციალური, კანონდარმღვევი ქცევები).

ყველაზე ხშირი შემთხვევები როგორია და ზოგადად რამდენად ხშირია მომართვიანობა?

- სამწუხაროდ, მშობლების დაბალი ფსიქოგანათლების გამო არის გვიანი მომართვა დახმარებაზე. ჩემს პრაქტიკაში არის ასეთი შემთხვევები:

1.როდესაც მშობლები ამბობენ რომ განქორწინებას ბავშვზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ფსიქოთერაპიაზე ის მოჰყავს ბავშვის ამა თუ იმ სიმპტომს (დათრგუნული ბრაზი და აგრესია, შიშები, სოციალური ურთიერთობის სირთულეები, დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში, ჩაკეტილობა, ტიკები, ენურეზი).

  1. როდესაც მშობლებს შორის არსებული კონფლიქტი და ქონებრივი დავაა, ბავშვი „ოჯახის ზვავშია“ მოყოლილი ან მას იყენებენ მანიპულირების საგნად. მშობლები იმდენად ჩაძირულები არიან თავიანთ „მიტოვების თუ უარყოფის“ და“ დაშლის“ ტკივილში, თვითონ იმყოფებიან ბავშვის პოზიციაში და აუცილებლად საჭიროებენ ფსიქოთერაპევტის მხარდაჭერას, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ კრიზისს და როგორ ისწავლონ ახალ სიტუაციაში „ მშობლობა“.

მომართვიანობა სასურველია იყოს პრევენციისთვის, გაყრის კრიზისის მხარდასაჭერად. ვინაიდან ბავშვის გლოვა „მთლიანის დაშლის“ მიმართ კანონზომიერია. თუ სწორად ავუხსნით და შევამზადებთ, კრიზისი ნაკლებად დაზიანების გარეშე ჩაივლის.

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ამ დროს, არსებობს თუ არა ამ პროცესის უმტკივნეულოდ გადატანის ხერხი?

- განქორწინება ყოველ ოჯახში მიმდინარეობს თავისებურად და თითოეული მათგანი   ინდივიდუალური შემთხვევაა. ამის მიუხედავად, შევეცდები, მშობლებს მივცე საერთო რეკომენდაციები, რათა გადადგან თანმიმდევრული ნაბიჯები, რომლებიც დაეხმარება  ბავშვს  ცვლილებებთან შეგუებაში.

რეკომენდაციები თქვენს შვილს შესაძლებლობას მისცემს, თქვენი განქორწინება უფრო ადვილად გადაიტანოს, არ გახდეს დაშორებით გამოწვეული გრძნობების მსხვერპლი  და არ მიიღოს ტრავმული გამოცდილება.

რჩევები:

როგორ უნდა ვუთხრათ ბავშვს განქორწინების შესახებ? - მშობლების განქორწინება ბავშვისთვის თავისთავად არის შოკი. ამიტომ საუბარი უნდა წარიმართოს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში. თუ ბავშვი ემოციურად მიჯაჭულია ერთ რომელიმე მშობელზე,  აჯობებს, სიახლე მან ამცნოს. 

როდის უნდა ვუთხრათ ბავშვს განქორწინების შესახებ? - ოჯახში  მოსალოდნელი ცვლილებების  შესახებ უნდა ვუთხრათ მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება უკვე საბოლოოდ არის  მიღებული. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ ჩამოყალიბებული, ნუ მოამზადებთ ბავშვს „შესაძლო განქორწინებისათვის“.  უმჯობესია, ამის შესახებ უთხრათ  დასვენების დღეებში - ბავშვს უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო ამ ამბის „მოსანელებლად“. მნიშვნელოვანია, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ის არ რჩებოდეს სახლში მარტო. ასევე, არ ღირს ამის თქმა ძილის წინ, რათა ბავშვს მივცეთ მშვიდი ძილის საშუალება .

რა უნდა უთხრათ კონკრეტულად? - „ჩვენ გადავწყვიტეთ განქორწინება“, - ნუ გაექცევით სიტყვას „განქორწინება“. თუ ბავშვი ძალიან პატარაა და ვერ იგებს ამ სიტყვის მნიშვნელობას, მაინც გამოიყენეთ ეს ტერმინი და მერე განუმარტეთ, რას ნიშნავს ის: „განქორწინება ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ ვიცხოვრებთ ერთად“. ,,შენ (ან თქვენ)ისევ აქ იცხოვრებ, მხოლოდ  მამა   გადავა სხვაგან საცხოვრებლად ან თავის მშობლებთან (ბებოსთან და პაპასთან), შენ ყოველთვის შეძლებ მის ნახვას, შენ გაქვს და ყოველთვის გექნება სახლი, ყოველთვის გექნება საშუალება, რომ ნახო მშობლები“.

რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად? - განქორწინების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისცეთ ბავშვს საშუალება, ჰქონდეს ორივე მშობელთან მჭიდრო კონტაქტი, არ აიძულოთ, რომ აირჩიოს თქვენ შორის ერთ-ერთი, არ ეცადოთ, ჩაუნერგოთ, რომ თქვენი ღალატი იქნება, თუ კარგი ურთიერთობა ექნება თქვენს ყოფილ მეუღლესთან.  ბავშვების უმრავლესობას სურს სტაბილური, მჭიდრო ურთიერთობა ორივე მშობელთან და უყვარს ორივე, მიუხედავად მათი უარყოფითი მხარეებისა  და შეცდომებისა.

საუკეთესო რამ, რაც ამ დროს  შეიძლება გააკეთოთ თქვენი ბავშვისთვის, ისაა, რომ აღიაროთ მისი უფლება, ჰქონდეს განსაკუთრებული გრძნობები (დამოკიდებულება)  თქვენს ყოფილ მეუღლესთან, გრძნობები, რომლებიც არაა აუცილებელი, თქვენსას დაემთხვას.

რა არ უნდა გააკეთოთ!!! - თუ ბავშვს ეტყვით, რომ მხოლოდ ერთ მშობელს სურს განქორწინება და მეორეს - არა, ამით თქვენ ხსნით „პანდორას ყუთს“. ეს ლოგიკურია, რადგან ბავშვს არ უნდა, რომ მისი მშობლები განქორწინდნენ. ის სწრაფად იკავებს  ,,მიტოვებული“ მშობლის მხარეს და იწყებს მანიპულირებას, განქორწინების ინიციატორის გადარწმუნებას, თავისი თავის იდენტფიცირებას მასთან, „ვისგანაც მიდიან“, მისი გრძნობების გაზიარებას. 

განქორწინების დროს, ალბათ, ყველაზე გავრცელებული ფრაზაა: „მამა ჩვენგან წავიდა, მან მიგვატოვა, მისი დანახვა და გახსენება აღარ მინდა, ოჯახი საერთოდ არ ანაღვლებს“. ამ შემთხვევაში ბავშვი მთლიანად  დედის მხარეს იჭერს და იზიარებს მის გრძნობებს მამის მიმართ.

მ ა გ რ ა მ ! - განქორწინება უფროსების დაშორებაა - ამ დროს სრულდება  ურთიერთობა ცოლსა და ქმარს შორის, ხოლო დედისა და ბავშვის,  მამისა და ბავშვის ურთიერთობა არასდროს სრულდება. ზუსტად მაშინ ტოვებთ ბავშვს ორივე მშობლის გარეშე, როცა მას აღიქვამთ, როგორც მოკავშირეს, თქვენს „ომში“ მეუღლის  საწინააღმდეგოდ.

არასოდეს გარიოთ მეუღლის მიმართ თქვენს წყენასა და ბრაზში ბავშვი, არ უნდა გამოიყენოთ ის იარაღად ქმრის მიმართ ან მის დასასჯელად.

ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი „მედეას კომპლექსი“ - ბავშვზე მზრუნველი მამისთვის შურისძიების მიზნით „მიტოვებული ან უარყოფილი“ დედა არა ფიზიკურად, არამედ  „ფსიქოლოგიურად“  კლავს შვილებს.

რა უნდა უპასუხოთ ბავშვს კითხვაზე - „რატომ“? - მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეკითხვა, რომელსაც სვამს ბავშვი, არის „რატომ?“, ხშირ შემთხვევაში მათთვის სულერთია, თუ რა  არის განქორწინების რეალური მიზეზი. ისინი იმას დარდობენ, რომ მათი სამყარო დაიშალა და შეიცვალა.

შეკითხვა ,,რატომ“? ყველაზე მეტად აწუხებთ ზრდასრულებს - დიდი შეცდომაა, თუ ერთ-ერთი მშობელი ფიქრობს ასე: ,,ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ განქორწინება ჩემი მიზეზით არ მომხდარა, არ მინდა, რომ  მე დამადანაშაულონ, რადგან ეს არ ყოფილა ჩემი არჩევანი. მე ხომ არ მყოლია საყვარელი და არ დამინგრევია ოჯახი, ბავშვებს აქვთ უფლება, იცოდნენ სიმართლე“. რეალურად, ბავშვს არ სჭირდება უფროსებისთვის მნიშვნელოვანი სიმართლე. მისი დარდი და სევდა  დაკავშირებულია იმ ცვლილებებთან, რომლებიც მის ცხოვრებაშია და არა იმასთან, რის გამო მოხდა ეს.

„შენ ხომ იცი, რომ მე და მამა ბოლო დროს ვერ ვრიგდებოდით ბევრ რამეზე, ვერ ვმეგობრობდით  და ხშირად ვკამათობდით. გადავწყვიტეთ, რომ თუ გავეყრებით ერთმანეთს, ორივესთვის უკეთესი იქნება“, - ეს ინფორმაცია საკმარისზე მეტია ბავშვისთვის.

მცირეწლოვან ბავშვებს შეიძლება უთხრათ დაახლოებით ასეთი ტექსტი:

„როდესაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, ერთმანეთი მოგვეწონა და შეგვიყვარდა. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ერთად ყოფნა გვინდოდა და შევქმენით ოჯახი. ჩვენი დიდი სიყვარულის შედეგად ამ ქვეყანას მოევლინე შენ და ჩვენ გავხვდით უბედნიერესი მშობლები. მერე  გაგვიჭირდა ერთად ყოფნა, ხშირად ვკამათობდით - შენც ხომ იცი ეს. სამწუხაროდ, ჩვენი სიყვარული დასრულდა, მაგრამ ასეც ხდება-ხოლმე. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ერთად აღარ ვიცხოვროთ, ჩვენთვის ასე უკეთესი იქნება.  შენ სამუდამოდ დარჩები ჩვენს შვილად, ჩვენ კი სამუდამოდ შენი მშობლები ვიქნებით.  ძალიან გვიყვარხარ, ყოველთვის გვეყვარები და ვიზრუნებთ შენზე“. მნიშვნელოვანია, ბავშვი  მივახვედროთ,  რომ ის ვერანაირად ვერ მოახდენს გავლენას ამ გადაწყვეტილებაზე.

ბავშვი შეიძლება გახდეს მტირალა, ტიროდეს იმის გამო, რასაც ადრე საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, განიცადოს რეგრესი, დაეუფლოს შიშები, მაგალითად, სიბნელის შიში, რომელიც მან უკვე გადალახა ან შეიძინოს ახალი შიშები, დაეწყოს ენურეზი და ტიკები. შეიძლება მოითხოვოს მეტი ყურადღება და სკოლაში წასვლა აღიქვას აუტანელ ყოველდღიურ განშორებად, გაკვეთილზე დაეწყოს ფსიქოსომატური ჩივილები, მუცლის  ტკივილი, თავის ტკივილი ან მოუსვენრობა და ყურადღების დეფიციტი.

აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ დახმარებას. ბავშვთა ფსიქოთერაპევტი ბავშვს დაეხმარება ოჯახურ ცვლილებებთან დაკავშირებულ რთულ ემოციებთან გამკლავებაში.

 

რა პროცედურებს ითვალისწინებს განქორწინება

 

მოამზადა ირინე არდაშელია

რჩევები