2018-10-12

„იქ სადაც ქორწინება სიყვარულის გარეშეა, იქნება სიყვარული ქორწინების გარეშე“

                                                                                                                         ბენჟამინ ფრანკლინი

ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია განქორწინება. განქორწინება მეუღლეთა შორის შესაძლებელია განხორციელდეს ორი გზით. პირველი როცა მეუღლეები მიმართავენ ერთობლივი განცხადებით სახელმწიფო სერსივების განვითარების სააგენტოს და ახორციელებენ ქორწინების შეწყვეტის რეგისტრაციას. აქვე საინტერესოა ის, რომ სამოქალაქო კოდექსი ქორწინების რეგისტრაციას მინდობილი პირის მეშვეობით არ უშვებს, თუმცა განქორწინება მინდობილი პირის მეშვეობით შესაძლებელია. მეუღლეთა თანხმობით განქორწინების რეგისტრაციის საფასურია 45 ლარი და ის ხორციელდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში. აღნიშნული წარმოადგენს მარტივ გზას ქორწინების შეწყვეტისათვის. 

იმ შემთხვევში თუ მეუღლეთა შორის არსებობს დავა, განქორწინება ხორციელდება სასამართლო წესით, სასარჩელო წარმოების გზით, კერძოდ, რომელიმე მხარე/მეუღლე მიმართავს სასამართლოს და ითხოვს ქორწინების შეწყვეტას (შესაბამისი სააქტო ჩანაწერის გაუქმებას). გასათვალისწინებელია, რომ მეუღლეს თანხმობის გარეშე, ქმარს არ აქვს უფლება მეუღლის ორსულობის დროს ან/და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში აღძრას სარჩელი განქორწინებაზე სასამართლოში.             

სასარჩელო წარმოება სასამართლოში იწყება სარჩელის შეტანის გზით. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახი წარმოადგენს სახელმწიფოსა და საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელ ელემენტს, კანონმდებელი და მათ შორის სასამართლო ყოველთვის მიმართულია იმისკენ, რომ ოჯახი შენარჩუნდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.         

იმ შემთხვევაში თუ მეუღლეები ვერ თანხმდებიან, შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე, შვილებისათვის აუცილებელი სარჩოს (ალიმენტის) თაობაზე, ასევე ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლის რჩენის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.        

მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება ითვლება თანასაკუთრებად, იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთი მათგანი მუშაობდა, ხოლო მეორე საოჯახო მეურნეობას მიზდევდა.

ქონების გაყოფის შესახებ დავა განიხილება ასევე განქორწინებასთან ერთად, თუმცა აღნიშნულსაც გააჩნია ხანდაზმულობის ვადა. კერძოდ, ქორწინების შეწყვეტის რეგისტრაციიდან (თუ მეუღლეები თანხმობას განაცხადებენ, დაარეგისტრირებენ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში ქორწინების შეწყვეტის თაობაზე) სამი წელი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მართალია მეუღლეს რჩება უფლება მოითხოვოს ქონების გაყოფა, თუმცა მეორე მეუღლის მიერ ხანდაზმულობის ვადაზე მითითების შემთხვევაში, სასამართლო აღარაა უფლებამოსილი დააკმაყოფილოს ქონების გაყოფის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა.  

მართალია, მეუღლეთა თანაცხოვრების განმავლობაში შეძენელი ქონება ითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მეუღლეს უკვე გააჩნდა ქონება ან/და ქონება მიიღო მემკვიდრეობით ან/და აჩუქეს მას, აღნიშნული ქონება უკვე აღარ ითვლება თანასაკუთრებად და შესაბამისად, მისი გაყოფა მეუღლეთა შორის განქორიწნების შემთხვევაში ვერ განხორციელდება.     

არის შემთხვევები როცა, მეუღლეთა თანაცხოვრების დროს ერთ-ერთი მეუღლის სახელზე აღირიცხება ქონება, თუმცა აღნიშნული თუ იმ მეუღლის მიერ იქნა გასხვისებული, რომელიც რეგისტრირებულია მესაკუთრედ საჯარო რეესტრის სააგენტოში, მეორე მეუღლეს არ შეუძლია მოითხოვოს აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა და მის თანასაკუთრებად დარეგისტრირება, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში მეუღლეს რჩება მხოლოდ მეორე მეუღლესგან მიღებული სარგებელი ქონების გაყოფიდან.            

შესაძლებელია მეუღლეს ჰქონდა საკუთრებაში ქონება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ქორწინების შემდგომ, აღნიშნული ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, აღნიშნული ქონება გადაიქცევა თანასაკუთრებად. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს ზოგადი წესიდან, იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ მეუღლესთან შვილები რჩებიან საცხოვრებლად (შესაბამისად გაიზარდოს მისი წილი) ან/და მეორე მეუღლე ოჯახის საზიანოდ ხარჯავდა მეუღლეთა ქონებას.         

განქორწინების შემდგომ, მეუღლეს გამონაკლის შემთხვევაში უნარჩუნდება უფლება მეუღლისგან მოითხოვოს სარჩო, თუ ერთ-ერთი მეუღლე შრომისუუნარო გახდა ქორწინების დროს ან/და განქორწინებიდან ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული გამონაკლისიდან არის გამონაკლისიც, როცა მეუღლე აღარ არის მოვალე მეორე მეუღლეს უხადოს სარჩო,  თუ მეუღლე, რომელიც ითხოვს სარჩოს ხელახლა დაქორწინდა ან/და უღირსი საქციელი ჩაიდინა ქორწინების განმავლობაში, ან/და მისი შრომისუუნარობა გამოწვეულა მის მიერ ალკოჰოლის, ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებით ან/და ჩაიდინა განზრახი დანაშაული.                   

ყოველივე ამის გათვალისწინებით სასარჩელო წარმოება სასამართლოში მიმდინარეობს დადგენილი წესით, მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის საფუძველზე, ამასთანავე იმ შემთხვევაში თუ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვტილებას არ ეთანხმება მხარე შეუძლია გასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში, შემდგომში კი საკასაციო სასამართლოში. პროცედურული თვალსაზრისით სასარჩელო წარმოება რა თქმა უნდა მოითხოვს მეტ დროს, თუმცა უფლებათა დაცვის მიზნით ზოგჯერ აუცილებელიცაა,  მეუღლეთა შორის დავა გადაწყდეს სასამართლოში, რათა მეუღლის უფლებები მეორე მხარის მიერ არ იქნეს გამოყენებული ბოროტად.

 

პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ

ადვოკატი გურამ კონტუაძე, სპეციალურად „მშობელისთვის“    

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - Facebook-ზე, ან შემდეგ მისამართებზე: ტელ: +995 591 97 67 64;              
Viber/Whatsapp: +995 591 97 67 64;  

skype: pa31101986kgg
ელ.ფოსტა:
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.;             


 

რჩევები