2018-01-24

„მშობელი“ ყველასთვის ცნობილი პოეტის, პროზაიკოსისა და ესეისტი გიორგი კეკელიძის ნაწარმოებების გამოქვეყნებას იწყებს.

გამოცემა პერიოდულად შემოგთავაზებთ ნაწყვეტებს მისი შემოქმედებიდან.

ცნობისთვის, გიორგი კეკელიძე დაიბადა 1984 წლის 10 აპრილს, ქალაქ ოზურგეთში. სწავლობდა ოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის N1 საშუალო სკოლაში, 2001-2009 წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

გიორგი კეკელიძე პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორის, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორია (2012 წლიდან დღემდე). არის პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2006-2012 წწ.) საგანმანათლებლო მოძრაობა #ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი.

ავტობიოგრაფიულ ცნობებ სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

 

ნაწყვეტი ახალი ნაწარმოებიდან

თუ ამ წიგნს კითხულობთ, ესე იგი, ცოცხალი აღარ ვარ. აბა, როგორ წერდა ხოლმე ის ხალხი, თავიდანვე დიადი ინტრიგის ჩათესვას რომ ლამობდა? მგონი, დაახლოებით ასე. ან მე რატომ აღარ უნდა ვიყო ცოცხალი? ჩემზე ხომ არ ვწერ? მე უბრალოდ ამბავს შევესწარი. კაცმა რომ თქვას, ადამიანი საკუთარ საქმეებსაც შეესწრება ხოლმე და მეტი ვერაფერი. აბა, სად ცალია მათზე საფიქრელად. ფიქრზე საშიში რამ ჯერ არ მოუგონია კაცობრიობას. შეგიტყუებს და დროს წაგართმევს. დრო კიდევ ისედაც ბევრია გასული და რაღა დარჩა. ცოტა, ძალიან ცოტა.

თუ ოდესმე ქალაქ ოზურგეთში, უცებ მოსული თავისუფლების ქუჩა #12 ა – ში, სადღაც 1992 წლის 18 თებერვალს, 8 წლისას, სიცხე გქონიათ, იოლად მიხვდებით ნიუანსების სიზუსტეს, მაგრამ რადგან ასეთი მხოლოდ მე ვარ და ჩემი მეზობელი გრიგოლ შევარდნაძე – სიტყვაზე უნდა მენდოთ.

,,ე, ბაღანას სიცხემ უუწია’’ – ამბობს ბებია შორიდან. ,,სიდან მიუათრიე აი გრიპი, ა, საიდან?! შენ არ მეისპე საცხა, რომ დეეთრევი ღელე–ღელე’’ – ეს დედაა, უფრო ახლოდან. ,,კაი, დეეთხუე ბაღანას, აკანკალებს ისედაც’’ – მამა. ბაბუა ცოტა გვიან შემოდის, არაფერს ამბობს, მაგრამ მთელი გურული მეოცე საუკუნის მიწურულის გვიანი ზამთარი მეტყველებს მისით – მყრალი სიგარეტის და ჭაჭის სუნი საშინლად უხდება ტალახიან ,,ვალინკებს’’ და შეუკრეჭელ წვერზე შერჩენილ ხურმა კარალიოკის კვალს. აი, საშინლად. ხატავს. ჯოჯოხეთში თუ მოვხვდები, მათ შორის ასეთი ვარიანტიც შეიძლება – იქნება თებერვლის ნელ–ცივი, წვიმანარევი დღე, მექნება სიცხე, დაახლოებით 37.4, ოღონდ ლოგინში ჩაწოლის დრო ვერ მექნება – მეზობელს მივეხმარები შეშის დახერხვაზე, მერე ის გამოიტანს არაყს, დავლევ, კიდევ დავლევ, ასტრას ნაფაზს დავარტყამ, გამოხრულ კბილში ჩარჩენილ თხილს გადმოვაფურთხებ, ხის გადანაჭერზე ჩამოვჯდები და ფეხებში შესულ წყალზე დავფიქრდები – თავისით გაშრება თუ ფეჩი დაჭირდება? ეს არის ჯოჯოხეთი.

ჯოჯოხეთამდე 1992 წელია. დაახლოებით ისიც ჯოჯოხეთი, მაგრამ სამოთხის ანარეკლებით. მე ვწევარ და თვალს რომ ხუჭავ და წითელი ვარსკვლავები ტრიალებს, ოჯახის წევრების ხმები კოსმოსში გაგზავვნილი სიმღერასავით რომ უერთდება. და ხმა და ფერი იგივეა. გიკვრის? მერა რა. სიცხის დროს უცნაური ამბები ჩვეულებრივდება. მერე მოდის ძმრიანი ნასკები და თხის ქონი და გულისრევა და თხის ქონი და გულისრევა. ლამფის გაჭვარტლული შუშის ჭვრეტა და კედელზე ჩრდილებისგან ბრძოლის სცენების ხატვა. ,,ა, გაოფლიანდა ისევლე’’ ,,მაიკის გამოცვლა’’ ,,მაიკის გამოცვლა’’ ,,მაიკის გამოცვლა’’ – მორჩილი ხარ გამოცვლების დროს, რაღაც უცნაურად ნებდები და ხელს მაღლა წევ. ფხალის ფოთლით შეკრული თავი. უი, სინათლე მოვიდა? ქი წავა ოც წუთში. ან მოსვლა რა იყო, ან იგი – წასვლა. მაგრამ სამოთხის ანარეკლიც ეგაა.

თუმცა მთავარი სცენა მაინც სხვაა. ანუ ის რაც ყველაზე მძაფრად ჩამჩრა და ახლა, ამ რომანის დაწყებისას ძალიან, ძალიან მომინდა განმეორებულიყო. დედა თერმომეტრს იღებს და მამაჩემს ეუბნება – დაფერთხე , მე აღარ მაქვს მკლავში ძალა. და მამა ,,ფერთხავს’’. მეტი არაფერი, აი, მხოლოდ ეს. არაფერი განსაკუთრებული და ყველაფერი განსაკუთრებული – ოღონდ ჩემთვის. არის საერთო ამბები და არის მხოლოდ შენი – ქალაქ ოზურგეთში, თავისუფლების ქუჩა #12 ა – ში, სადღაც 1992 წლის 18 თებერვალს, 8 წლისას, სიცხე თუ გქონიათ.