2019-03-07

1996 წელი, 7 მარტი,
ქობულეთის სამშობიარო.
ტირიან ორნი:
დედის მკლავებში ატოტილი
ჩვილი ნიქოქო
და ბებიამისი.
ბიჭუნამ ჯერ კიდევ არ იცის,
რატომ ტირის,
სამაგიეროდ, იცის ბებიამ,
მას არ სურს კიდევ ერთი ბიჭი შვილიშვილი.

ღარიბ ოჯახში დაიბადა ნიქოქო,
მაგრამ მისი საბავშვო ხის საწოლი
იმაზე უფრო კომფორტული აღმოჩნდა,
ვიდრე ბეთლემში შობილი ყრმის ბაგა.

წლები გავიდა და საწოლი დაპატარავდა.
"ნიქოქო გაიზარდა" - ამბობდნენ ისინი.
"საწოლი დაპატარავდა"
- ამბობდა ნიქოქო.
სხვა საძინებელში გადაიყვანეს,
(„ცივ ოთახში“, ასე ეძახდა ყველა საძინებელს,
გარდა ერთისა,
სადაც მშობლებს ეძინათ)
ვერ მიხვდა, რატომ.
ეტყობა მშობლებმა გადამიყვარესო...

კოშმარებს რომ ხედავდა,
შეშინებული და ატირებული,
დედ-მამის საძინებელში გარბოდა
შუაში უგორდებოდა,
ტანით მამის მხარეს წვებოდა,
თავს კი დედის ბალიშზე დებდა,
ყველაზე ფაფუკ,
ყველაზე ლამაზ,
ყველაზე ტკბილსუნიან ბალიშზე სამყაროში.
(ტყუილად წერდნენ მათე და ლუკა მოციქულები,
ძესა კაცისასა არა აქვს ადგილი, სადა თავი მიიდრიკოსო).

ხომ შეიძლება,
როცა ძალიან გიჭირს,
ღმერთმა, რომელიც არ არსებობს,
წამით იარსებოს და გითხრას:
„ვიხუმრე, ნიქოქო,
მაპატიე, ამდენხანს რომ გაგრძელდა შენი კოშმარული სიზმარი.
ცუდი ღმერთი ვარ, ანცი ღმერთი,
შურისმაძიებელი ღმერთი ვარ,
მიყვარს ტანჯვისა და ჯვარცმის ღრუბლებიდან ცქერა.
მარტოსული ღმერთი ვარ, ნიქოქო,
მინდა სხვებმაც იგრძნონ მარტოობა
და კოშმარებს ვუგზავნი.
გახსოვს, ბავშვობაში,
წვიმის წვეთები რომ ჩემი ცრემლები გეგონა,
ხოდა, აღარ მინდა, მარტომ ვიტირო,
დაე სხვებთანაც იწვიმოს“.
მაგრამ ღმერთები არაფერს ნანობენ,
არც კოშმარები დამთავრდება,
ცხადი იქცევა სიზმრად
და სიზმარი ცხადად.
ხომ ითქვა უკვე:
„ყოველივე ამაოა, ქარების დევნა“.

2019 წლის 7 მარტსაც საავადმყოფოში შეხვდები,
ამჯერად დრეზდენში,
კარლ გუსტავ კარუსის საუნივერსიტეტო კლინიკაში,
ეპილეფსიის განყოფილებაში,
„ცივ ოთახში“,
სადაც შეგიძლია იტირო, რამდენიც გინდა,
მაგრამ ვერ იპოვი მშობლებით გამთბარ საწოლს,
ვერც ბალიშს - დედის სურნელით,
ვერ დაგწიწკნის დედის გასაპარსი ფეხები,
ვერ შეგაწუხებს მამის ხვრინვა,
იქნები ღმერთივით მარტო
და იფიქრებ უკეთეს დღეებზე,
რომლებსაც იმსახურებ,
აქ და ახლა.
და შენსავე ლექსს წაუკითხავ შენს ძვირფას თავს:

ღმერთების ხოცვის წელი იყო 2018.

ო, მართლაც რა ლამაზი ღმერთები იყვნენ ჩემი მეგობრები
და რა უღმერთოდ მახინჯად მიმატოვეს.

რა ლამაზია მარტოობა.

რა ლამაზი ხარ, შენ,
ჩემო თავო.

რა ლამაზი ხარ,
როცა არა ხარ ლამაზი.

რა ლამაზი ხარ,
როცა ყბაში მუშტებს გირტყამენ.

რა ლამაზია შენი სისხლი.

რა ლამაზი ხარ,
როცა წევხარ საოპერაციო მაგიდაზე
და იცინიან ექიმები,
რადგან იციან,
რატომაც გაქვს ყბა გახეული.

რა ლამაზი ხარ,
შენ,
ჩემო თავო,
როცა ვერ გძულს,
ვინც უნდა გძულდეს.

რა ლამაზი ხარ,
როცა გცემენ ღამით მეტროში.

რა ლამაზი ხარ,
როცა გაგდებენ ავტობუსიდან.

რა ლამაზი ხარ,
როცა მთელი ვაგონი გლანძღავს.

რა ლამაზი ხარ,
როცა ტირი,
გვიანღამით,
მშობლიური ქალაქის სანაპიროზე,
რადგან იცი,
ვეღარ ნახავ მრავალი წელი.

რა ლამაზი ხარ,
როცა ბანაობ თავშესაფრის ცივ საშხაპეში
და გიყურებენ უცხო კაცები.

რა ლამაზი ხარ,
როცა გიტევს ეპილეფსია,
როცა გდიხარ 40 წუთი ძირს გათიშული,
ცხვირგატეხილი.

რა ლამაზი ხარ,
როცა გინდა,
არ იყო მარტო.
როცა გინდა სხვისი მკლავები,
დგები,
ბანაობ,
გარბიხარ გარეთ
და მთელი ღამე ეხუტები უცნობ მამაკაცს,
რომელიც იცი აღარასდროს ჩაგეხუტება.

რა ლამაზი ხარ
და რა მსუბუქი,
როდესაც გიყვარს.

შენ ერთადერთი ბეღურა ხარ,
ბეღურებს შორის,
ვინც გადაფრინდა თბილ ქვეყანაში.

რა ლამაზი ხარ,
ამ ახალ წელს
ცისფერო ბეღურავ,
მერე რა, რომ
ნაცვლად შენი თბილი ბუდისა,
(სადაც ახლა სხედან შენები
და ტირის დედა),
დგახარ დრეზდენის ცივ სადგურში
(პარავ ინტერნეტს დაკეტილ სტარბაქსს),
და ჯღაბნი ამ ტექსტს,
ეგ არაფერი,
ვერც ვერაფერი ვერ დაგაკლო განვლილმა წელმა, -
შენ ხომ ასეთი ლამაზი ხარ,
ასე მსუბუქი,
იმათ იკითხონ...

 

ნიქო გორგილაძე

ლიტერატურა