2018-01-16

„უცნაურია... ვერ გაიგებ რას განიცდის, რა აწუხებს... ხმაურიანი, თავისებური, მაგრამ თავისთავადია... არავის ჰგავს... ნამდვილია... არ თამაშობს, არ გეყალბება...

ბევრის სათქმელს ამბობს, ბევრს ეიმედება... ყველგან არის, მაგრამ არსად არის...

წერს, თბილად წერს... სტრიქონებს შორის იკარგება... მერე თავიდან ჩნდება, მერე ისევ იკარგება... ლექსებს ემსგავსება... მეტს იტყვის... ისეთებს, ყველაში რომ არის, მაგრამ თავადაც რომ არ იციან...

მარტოობის მგზავრია... გზები ერთმანეთში ირევა... ის ყველა მიმართულებით მოძრაობს... ყოველთვის თავშია, არასდროს ბოლოში... ის არასდროს დამთავრდება...“, - ასეთია წინასიტყვაობა კრებულისა, რომელიც პეტრე კოლხს ეკუთვნის და რომელიც გაგა გოგსაძემ სოფიკო ჭიაურელს მიუძღვნა. „მშობელი“ წიგნის ავტორს ესაუბრა, პერიოდულად კი მის შემოქმედებას ჩვენს გვერდზე გაეცნობით.

- ვინ არის გაგა გოგსაძე?

- ცხოვრებაში ბევრჯერ, არა, უამრავჯერ შემეშალა. საერთოდ, მგონია, რომ ღმერთი შეცდა და მისი შეცდომა ჩემი დაბადება იყო. სამი მარტის პირმშო ვარ, დედის დღის და ყველაზე მეტად იესოს შემდეგ დედა მიყვარს. ქუთაისში დავიბადე, ქალაქიც დავამძიმე და "წმინდანად თვითშერაცხული" საზოგადოებაც. ის, რაც გამაჩნია და რასაც წარმოვადგენ, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველმა კლასიკურმა გიმნაზიამ მომცა. ნანა გრიგოლია ჩემი პირველი კრებულის რედაქტორია, ჩემი პედაგოგი, ახლა უკვე მეგობარი და მესაიდუმლე. იესოს არასდროს არაფერი ეშლება. ჩემს დაბადებასთან დაკავშირებით, პოეტურად ვიხუმრე. მადლობა უფალს, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო სოფიკო ჭიაურელი და არსებობს პეტრე კოლხი, რომელსაც ჩემი პირველი კრებულის გამოცემაში ლომის წილი მიუძღვის.

- რაზე წერ? რა გახდა შთაგონების წყარო?

- მე ვწერ სიყვარულზე, ტკივილზე, სევდაზე... ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი დიდი სევდა სწორედ "ფუფალას," - სოფიკოს სიკვდილი იყო. ის მე ბედნიერებას მჩუქნიდა და ახლა ჩემი წიგნი სწორედ მას ეძღვნება. არასდროს მოკლათ სიყვარული და ღმერთი თქვენს გულებში!

- როგორია სამომავლო გეგმები?

- მე დავიბადე პოეზიისთვის.პროფესიით ტელე-რადიო გადაცემათა წამყვანი ჟურნალისტი ვარ.ერთხელაც დავუბრუნდები ეკრანს,მის ცისფერ უდიდებულესობას,იქამდე კი დავწერ,დავწერ და დავწერ,ვიდრე სიკვდილის წერა არ ამიტანს.

 

... 

ზამთარი წელსაც აღმოჩნდება უკიდეგანო,

ღმერთი ფიფქებად ჩამომიყრის უთქმელ სტრიქონებს.

დეკემბერს სუსხით არასოდეს არ დაემგვანო,

ის ხომ ვერასდროს შეიყვარებს გაყინულ მონებს.

ნუ იქცევ ჩვევად სიცივეს და სხვებზე სიარულს,

ერთხელაც სუსხი გაგიყინავს მედიდურ ტერფებს.

მზე მიაშველე შენს სინათლეს,სულში დაფარულს,

გულს კი ის ძაფი, მაცხოვართან რომ შეგაერთებს.

სიკეთე ჰქვია,გადარჩენის ვიწრო ბილიკი...

უძღები შვილის სინდრომი აქვს მას დაბრუნების.

მისით ცხოვრებას უცაბედად,წამში მოიმკი,

მოსავალს ისეთს,რაც დათესე,როგორც გეგების!

იქნებ ზამთარიც გადალახო,უკიდეგანო,

თან რომ დეკემბერს ამ სიცივით არ დაემგვანო.