2019-06-07

მოქალაქე ლელა კოპალეიშვილი, რუსთავის მედიცინის სახლის - N 1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის გამგის, პედიატრს ნინო კიკილაშვილის მხრიდან უხეშ მოპყრობაზე საუბრობს და მომხდართან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროსგან რეაგირებას მოითხოვს.

როგორც „მშობელს“ ორი შვილის დედამ განუცხადა, აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში ბავშვები თბილისიდან გადაიყვანა აღრიცხვაზე, თუმცა ზემოთხსენებულმა პედიატრმა ის არ მიიღო და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„3 წლის შვილები მყავს, თბილისში რეგისტრირებული ვიყავით, მოვხსენი რეგისტრაციიდან და გადმივიყვანე რუსთავში. ბაღისთვის მჭირდება ფორმა 100. მივედი, ჩავეწერე წინასწარ, ავიღე რიგის ნომერი. მიუხედავ იმისა, რომ პირველი ვიყავი რიგში, შევედი 30-ე. ხმა არ ამომიღია. ქალბატონი ნინო არის განყოფილების გამგე. დაგვინახა თუ არა კატეგორიული უარი გვითხრა მიღებაზე. გადაგვამისამართა სხვა ექიმთან, მას არ ყავს პაციენტებიო. მე 1500 პაციენტი მყავს და ვერ დაგიმატებთო. არადა როგორც დედამ, ვიკითხე ვინაა კვალიფიცირებული ექიმი რუსთავში, რომ ბავშვები აღრიცხვაზე დავაყენო-თქო. მოკლედ ერთი საათი ყვიროდა მე ვერ მიგიღებთო. მე მშვიდი ტონით უხსნიდი, არ გაქვთ უფლება უარის, პაციენტი ირჩევს ექიმს და არა ექიმი პაციენტს-თქო. მოკლედ ბოლოს ვუთხარი მომეცით ანკეტა ასეთ ვითარებაში როგორ უნდა გამისინჯოთ ბავშვები-თქო და დავემშვიდობე, თუმცა ბავშვები რეგისტრაციიდან არ მომიხსნეს, ორი თვე სჭირდება პროცედურასო. ფაქტობრივად პედიატრის მომსახურების გარეშე დამიტოვეს ბავშვები. შევიტანე საჩივარი სადაც საჭიროა და ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ გაკვირვებული და დამცირებული ვარ, ბავშვები საცოდავად მეკითხებიან: დედიკო ჩვენ ცუდი ბავშვები ვართ? რატომ გამოგვყარა ამ ექიმმაო? რა ვუპასუხო... რა ვუთხრა!!!“, - აცხადებს კოპალეიშვილი.

ლელა ასევე გვიყვება, რომ მას შემდეგ რაც აღნიშნული საკითხის გასაჯაროება გადაწყვიტა, სოციალური ქსელის მეშვეობით სულ სხვა პიროვნებისგან მიუვიდა მუქარის წერილი, სადაც მისი შვილები, წერილის ავტორს „ვიგინდარებად“ ყავდა მოხსენიებული.

„ღირდა ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა შენი ორი ვიგინდარა შვილის გამო, მოინდომა ვიაიპი ექიმი“, - ამ შინაარსის იყო წერილი, რომელიც მესენჯერიდან მას მერე გაქრა, რაც მივწერე, რომ გავასაჯაროებდი. ტყუპები ჩემი ნანატრი შვილები არიან, მათ 8 წელი ველოდით და არავის აქვს უფლება, ისინი „ვიგინდარებად“ მოიხსენიოს. ჩვენი მათით ვსუნთქავთ, ამიტომ თუ ჯანდაცვა არ იმოქმედებს სათანადოდ, სასამართლოს გზით ვიბრძოლებ“.

"მშობელი" ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ საჩივარზე პასუხი მომჩივანს უკვე გაეგზავნა. თუ რა წერია სამინისტროს პასუხში, მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

ჯანდაცვა