იაშვილის სახელობის კლინიკაში მყოფი მშობელი, კარინა გრიგორიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ლეიკემიის განყოფილებაში მოთავსებული ბავშვების მშობლების მიდგომებზე წერს, რომელსაც "მშობელი" უცვლელად გთავაზობთ.
"შეგპირდით ნელნელა მოგაწვდით შთაბეჭდილებებს-თქო და მოვიდა ეს დროც. დღეს შევეხები მშობლების თემას (მშობლების, რომელთა შვილებიც ლეიკემიით არიან დაავადებულები). აქვე წინასიტყვაობასაც გავაკეთებ, ლეიკემია საიდან ჩნდება დადგენილი არ არის. ზოგად მიზეზად არანატურალური საკვები, დაბინძურებული ჰაერი, რადიაცია და გენეტიკა სახელდება. ანუ აქ მყოფი ბავშვებისთვის ნატურალური საკვები და სუფთა ჰაერი მნიშვნელოვანია (არიან პაციენტები ვისაც დროდადრო ჟანგბადი სჭირდება), გარდა ამისა ბავშვები მკურნალობენ ქიმიოთერაპიით (ეს კი რა სირთულესთან არის დაკავშირებული ყველამ იცით).
ვიცი ამ პოსტს წაიკითხავენ და შეიძლება ეწყინოთ კიდეც (თუმცა საწყენი არაფერია), მაგრამ მე აქ ,,ჯიგრული" ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად არ ვარ და კონკრეტული მიზანი მაქვს, რომელსაც ჩემი შვილის გამოჯანმრთელება ჰქვია.
მოკლედ გუშინ ერთ-ერთმა მშობელმა ოთახში საკმეველი დაანთო, რომლის სუნიც მთელს დერეფანში და შემდგომ ოთახებში შემოვიდა. პირადად მე ალერგია მაქვს მის სუნზე და ასეთ მძიმე ბავშვებთან ჩავთვალე რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ცხადია, მივეცი შენიშვნა, რაზეც მეორე მშობელმა გაფართოებული თვალებით (გაკვირვებულმა) მიპასუხა - რა იყო ეკლესიაში არ ყოფილხარ? მე კი ვერ მივხვდი რა შუაში იყო ეკლესიაში ყოფნა-არ ყოფნა საავადმყოფოსთან.
კვება ცალკე თემაა. ბავშვები არიან და ტკბილეულობა ყველას უყვარს და ითხოვს და ა.შ. მაგრამ ყველაფერი უნდა მისცე ნატურალური, ისიც უკიდურეს შემთხვევაში. ამ დროს ხშირად შეხვდებით მშობლებს, რომლებიც თითქმის ყველაფერს აძლევენ ბავშვებს. მაგ: შემთხვევა N 1: შორიდან ვუყურებ ბავშვს აჭმევენ გაურკვეველი წარმოშობის კანფეტებს. ამ დროს მოდის ექიმი და მშობლის რეაქცია არ გაინტერესებთ? ,,ჩქარა, ჩქარა დამალე ექიმი მოდის"... აი ეს ფენომენი ამიხსენით, მე ვერ ვხვდები.
შემთხვევა N2: ასევე მშობელი აჭმევს რაღაც საშინელებას, ვეუბნები - ეგ ხომ ქიმიაა, რატომ აჭმევ ცოდოა-თქო და პასუხი არ გაინტერესებთ? - ,,იმხელა ქიმიას უკეთებენ, იმაზე მეტი ქიმია ხომ არ არის"... აი ესეც არ ვიცი რა ფემონენია... ასეთი უცნაური შემთხვევები ბევრია და მერე შეიძლება ექიმებს დაბრალდეთ წარუმეტებელი შედეგები...
ღამე ბავშვების დაძინების შემდეგ ,,ბუხაობაზე" და ხმაურზე აღარაფერს ვამბობ (მიუხედავად მომსახურე პერსონელის შენიშვნებისა), ვერ ხვდევიან რომ ბავშვებს მძიმე დღის შემდეგ წყნარ და მშვიდ გარემოში ძილი სჭირდებათ.
არადა ყველა ცალ-ცალკე გიჟდება თავის შვილზე (მართლა)", - წერს გრიგორიანი.