2022-01-11

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში საკარანტინო პერიოდის განახლებული ვადები ჩამოყალიბდება.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, საკარანტინო ვადების ცვლილება განპირობებულია „ომიკრონის“ შტამის განსხვავებული მიმდინარეობით, კონკრეტულად კი იმით, რომ ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში.

„ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, მივყვებით ევროპისა და ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პროტოკოლებს საკარანტინო ვადებთან მიმართებით. სამინისტროში განხილვები და კონსულტაციები დაწყებულია. დღეს, ხვალ, საბოლოოდ ჩამოყალიბდება უკვე განახლებული ვადები კარანტინთან მიმართებით.

საკარანტინო ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია „ომიკრონის“ მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან და იმასთან, რომ ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში. გამომდინარე აქედან, თუ პირი არის უსიმპტომო, მისთვის იზოლაციაში ყოფნა საკმარისია 8 დღის განმავლობაში, სიმპტომების ქონის შემთხვევაში, რეკომენდებულია 10 დღე, თუ საჭიროა შესაძლოა, მეტი დროც. კონტაქტების შემთხვევაშიც რეჟიმი არის შედარებით შემსუბუქებული. ამდენად, ჩვენ ყველა ამ რეკომენდაციას გავივლით და ბუნებრივია, შევჯერდებით ოპტიმალურ რეჟიმზე, რომ კიდევ ზედმეტი დატვირთვა არ დარჩეს როგორც იზოლირებული კონტაქტში მყოფი პირისთვის ან ინფიცირებული პირისთვის, არასაჭირო იზოლაციასთან დაკავშირებით და ასევე, განიტვირთოს სისტემა ზედმეტი ზეწოლისგან. დღეს, ხვალ ეს საკითხები მოგვარდება,“- განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვა