
10 თვის მონაცემებით, სახალხო დამცველმა ბავშვის უფლებების დარღვევის 700-მდე ფაქტი შეისწავლა.
ამის შესახებ სახალხო დამცველის წლის შემაჯამებელ მოხსენებაშია ნათქვამი.
"დადებითი ძვრების მიუხედავად, 2018 წელს კვლავ მძიმეა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა. ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებები მწირია და პრობლემის მასშტაბებს ვერ პასუხობს. 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, სახალხო დამცველმა ბავშვის უფლებების დარღვევის 700-მდე ფაქტი შეისწავლა. მათი უმრავლესობა ოჯახში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების მიმართ ძალადობას, ბავშვთა სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა. ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომელთა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისად ეფექტური და ადეკვატური. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ მომხდარა ბავშვის ფიზიკური დასჯის აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე. შემაშფოთებელია, ბავშვთა ჩაგვრის (ბულინგი) გავრცელების მაჩვენებელი, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან დამატებით ყურადღებას და ჩართულობას მოითხოვს", - ნათქვამია ანგარიშში.