
„პროფესიის არჩევაში, უპირველესი მისი სიყვარულია, მერე კი შრომა და მუდმივი განვითარება“, - დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი, ფსიქოთერაპევტი ნათია ახობაძეა.
ნათია, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაგვიზიარებს, აქვს თუ არა პროფესიას ასაკი და რა ძალა აქვს ოცნებას.
„ოცნებიდან ქმედებამდე“ - სწორედ ამ თემას შეეხება მისი სამუშაო რვეულიც, რომლის გამოცემასაც უახლოეს მომავალში ამ სახელწოდებით გეგმავს.
ალბათ აქედან გამომდინარეობს მისი მარტივი პასუხიც კითხვაზე - ვინ არის ნათია ახობაძე: მეოცნებე.
დაფიქრდით, რაზე ოცნებობთ თქვენ?, იქამდე კი ნათია მოგვიყვება, თუ როგორ და სად მოიყვანა ქვეცნობიერმა ოცნების ძალით.
„ნათია ახობაძე არის მეოცნებე ადამიანი. რაც თავი მახსოვს, სულ ვოცნებობდი. სულ დიდ საქმეებს ვაკეთებდი დიდ სცენაზე, აუდიტორიის წინაშე. ამან მომცა გააზრების საშუალება, თუ რა იყო ჩემი მასშტაბი და წერტილი, საიდანაც უნდა მევლო. ჩემი გამოცდილებით, ოცნება არის შენი გაუხსნელი პოტენციალი, რომელსაც ქვეცნობიერი ოცნების სახით გვაწვდის. უნდა ვიოცნებოთ და დავფიქრდეთ, რატომ ვოცნებობთ იმაზე, რაზეც ვოცნებობთ, რა მესიჯი დგას ამ ოცნების უკან.
ჩემს შემთხვევაში ეს ადამიანების გადარჩენის წერტილი აღმოჩნდა. ეს პროცესი შეიძლება სხვადასხვა ფორმით განახორციელო, მაგალითად, შეიძლება გახდე მაშველი ფიზიკურად, ან აკეთო ის, რასაც მე ვაკეთებ.
შეიძლება ქუჩაში შეგხვდეს ადამიანი, უბრლოდ გაუღიმო და ამით გადაარჩინო, შეიძლება დახატო ნახატი და ამან იქონიოს ადამიანის სიცოცხლეზე გავლენა. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა ამის მაგალითი, როცა კონკრეტულმა ნახატმა ჩემი კლიენტი სიცოცხლის სურვილისკენ მოაბრუნა“.
ნახატი ეძღვნება ბუბა კიკაბიძეს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ
პირველი ახდენილი ოცნება
„ჩემი პირველი ახდენილი ოცნება, სამედიცინო უნივერსიტეტში უფასოდ ჩაბარება იყო, როცა დედამ ჩარიცხვისთვის საჭირო თანხა, უკან წამოიღო (მაშინ ქვეყანაში ქრთამის აღება დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. რედ ჩანართი).
პროფესიით ფსიქოთერაპევტს, არასდროს უოცნებია კონკრეტულად ხატვაზე, თუმცა დღეს ათობით ნახატის ავტორია. მიიჩნევს, რომ აქამდე სამყარომ მიიყვანა ოცნების ძალით.
„კონკრეტულად ხატვაზე არასდროს მიოცნებია, თუმცა როგორც ჩანს, ჩემი ოცნებებით ახლოს ვიყავი მასთან. სამყაროს თავად მივყავართ ოცნების ძალით იმ ადგილებში, რაზეც ქვეცნობიერი ფიქრობს.
ხატვის სწავლა რომ დავიწყე, წინა დღეს აზრადაც არ მომსვლია მსგავსი რამ. მაშინ 37 წლის ვიყავი, მეგობართან ერთად ვსეირნობდი, როცა სახელოსნოს ჩავუარეთ წარწერით „ჩემი სამოთხე“. მითხრა, აქ ძალიან კარგი მხატვარი (მერი კუდუხაშვილი) ასწავლის, განსაკუთრებული ქალიაო. დავაკაკუნე, მარტო დაგვხვდა, ცოტა ხანს ვისაუბრეთ, ვკითხე დიდებთან თუ მუშაობდა და მეორე დღეს ფანქრით და ფურცლით, უკვე მის კართან ვიდექი.

მერი მასწავლებელი და ნახატი, რომელიც ფლორენციის გამოფენაზე გავიდა
პირველი ხაზი რომ გავავლე, გავიფიქრე, ხატვა სიამოვნება მეგონა და ეს რამხელა შრომა ყოფილა-მეთქი. კონკრეტულად პერსონალურ გამოფენაზე ვერც კი ვიოცნებებდი. აქაც ჩანს ჩემი სამყაროს მიმართ ნდობა, თუ როგორ მივყევი პროცესებს და სად მიმიყვანა ქვეცნობიერის ძალამ. თუ სწორად შრომობ, შედეგი მხოლოდ დროის ამბავია“.
რა არის ჩადებული ნახატებში?
„არსებობს ხატვის ტექნიკა და არსებობს ფერწერა. მე უფრო ფერმწერი ვარ, ვიდრე მხატვარი. ჩემს ემოციას გადმოვცემ არა ფორმით, არამედ ფერებით. წინასწარ არასდროსაა დაგეგმილი რას შევქმნი. იბადება პატარა იდეა, რომელიც ხატვაში იხვეწება, საბოლოოდ კი ჩემდაგასაკვირად იღებს იმ ფორმას, რომელსაც ან თერაპიული ეფექტი აქვს, ან გაცნობიერების წყაროა. შიგნიდან წამოსული ემოციით ქმნი, მაგრამ დასრულებული ვერსია, თავიდან ახდენს გავლენას ჩემზე“.
ნათია მიიჩნევს, რომ პროფესიის არჩევაში, ყველაზე მთავარი საქმის სიყვარულია, რადგან ვერასდროს გააკეთებს საქმეს სიამოვნებით და წარმატებით დიდხანს, თუ ის არ გიყვართ.
„საქმის სიყვარული უპირველესია, რადგან ვერ გააკეთებ დიდი ხნის განმავლობაში იმას, რაც არ გიყვარს. ესაა ნომერ პირველი. ზოგს ეშლება და მიიჩნევს, რომ სიყვარულით კეთება, მარტივად გამოსვლას ნიშნავს, მაგრამ ასე არ არის. სიყარულის გვერდით აუცილებლად უნდა იყოს მუდმივი შრომა. მე ვერ გავჩერდებოდი ისეთ პროფესიაში, რომელსაც დასასრულის წერტილი აქვს, ამიტომ ჩემი საქმე არის ყოველდღიური ძიება, რაც დღემდე მაძლევს საშუალებას ვიყო ამ საქმეში“.
პროფესიას ასაკი არ აქვს...
„ასაკი რაც მეტია, მეტად უნდა იყოს პროფესიაში ცვლილბები, რადგან ასაკი თავისთავად არის სტიგმა. აი, 50 წლის ვარ და რა დროს ჩემი სიახლეა, ამ სტიგმას უნდა ებრძოლო და შენ ასაკს დააკარგინო მნიშვნელობა. ამის გაკეთების საუკეთესო გზა კი სწორედ ახალ პროფესიაში წასვლაა. ახალი პროფესიის შესწავლასთან ერთად, შენი ასაკის რიცხვებიც ჩამოიწევს. სახის პროცედურა და თავის მოვლა, ასაკს ვერ შეგიცვლით, თუმცა ახალ პროფესიაში წასვლით, საკუთარ თავს თავიდან აღმოაჩენთ.
ხატვა 37 წლის ასაკში დავიწყე, დღე კი ჩემი ერთ ერთი ნახატი, რომელსაც „განთიადი კავკასიონზე“ ჰქვია, ფლორენციის ერთ-ერთ გამოფენაზეა გატანილი და საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. ნახატი მილიონ დოლარად არის შეფასებული. რაც შეეხება გაყიდვას, მათში იმხელა ემოცია და ცხოვრებისეული გამოცდიებაა ჩადებული, რომელიც ადამიანს კურნავს, ჯერ ვერ მემეტება, არ ვარ მზად ნახატი გავასხვისო. ამ ეტაპზე მილიონზე ნაკლებად, ჩემი არცერთი ნახატი არ მემეტება 😊)“.
გარდა ხატვისა, ფსიქოთერაპევტი წიგნის „ქალი და ფული“ ავტორია, რომელიც მიეძღვნა ქალებს, რომლებიც ზუსტად ისე შრომობენ, როგორც მამაკაცები და ზუსტად ისეთივე უნარი აქვთ თანხა გამოიმუშაონ, როგორც „ძლიერ სქესს“.

წიგნი "ქალი და ფული"
„იდეა მოწმენდილ ცაზე გაჩნდა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ასე უბრალოდ არაფერი ხდება. კი მეგონა, რომ თითქოს ერთ დღეს გავხსენი ნოუთი და დავიწყე წერა, მაგრამ მერე გავიაზრე, რომ ის მთელი 5 წელი მწიფდებოდა. სურვილი მოვიდა და არც მიფიქრია სხვა რამეზე, ზუსტად ვიცოდი რომ ეს იქნებოდა ფინანსურ ინტელექტზე და ქალთან დაკავშირებული. პირადად ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენს გამოიმუშავებ, მთავარია გზა, რითაც ამას აკეთებ. იმდენად მნიშვნელოვანია, ფულის შოვნა იყოს სასიამოვნო პროცესი, თავისუფალი დროით, ეს იყო სამყაროს პასუხი ჩემს ქმედებაზე. მინდოდა ეს მესიჯი მიმეტანა ქალებამდე, იმ ქალებამდე, რომლებიც ზუსტად ისე შრომობენ, როგორც მამაკაცები. ქალი ნატიფი არსებაა, რომელსაც აქვს უნარი თავისი ენერგიებით გამოიმუშაოს დიდი ფული.
წიგნი არ არის მხოლოდ ფინანსებზე, მისი წაკითხვის დროს, შენ საკუთარ შინაგან სამყაროსაც ეცნობი და სტრუქტურულად გილაგდება გონებაში ყველაფერი“.
როგორც საუბარში გაირკვა, ნათია მალე შემდეგი წიგნის გამოცემას გეგმავს
„არ ვიცი ეს წიგნი მეორე იქნება თუ მესამე, რადგან ორ წიგნზე ვმუშაობ, მაგრამ ერთი ჩემი კლიენტებთან მუშაობის 23 წლიან პრაქტიკას და პირადი საზღვრების დაცვას ეხება. წიგნის დაწერის გადაწყვეტილება, კლიენტებმა მიმაღებინეს. თითქმის ყველა სეანსზე მხვდებოდა ეს თემა და ხშირად უთხოვიათ დამეწერა. მეც მივიღე გადაწყვეტილება შევქმნა საინფორმაციო თერაპიული წიგნი პირადი საზღვრების დაცვაზე. რაც შეეხება მესამეს, ეს იქნება პირადად ჩემი გამოცდილება, როგორც ფსიქოლოგმა და როგორც ადამიანმა, რა გზა გავიარე, რა ტრავმები დავამუშავე და რა კომპლექსები დავძლიე, როგორ შევქმენი და შევცვალე ჩემი ცხოვრება. მართალია უნივერსიტეტში გვასწავლეს, რომ ფსიქოთერაპევთ არ აქვს უფლება კლიენტს საკუთარი სისუსტე აჩვენოს, თუმცა მუშაობის პრაქტიკა სხვა რამეს აჩვენებს. კლიენტს მეტად სჭირდება დაინახოს რამდენად ადამიანური ხარ. თუ ეს ვერ დაინახა, მას აუცილებლად ექნება თავდაცვა, შენს წინაშე სუსტი არ გამოჩნდეს, შესაბამისად, გაუჭირდება გაიხსნას“.
ფსიქოთერაპევტი კლიენტებთან მუშაობის წარმატებულ პრაქტიკებს გვიზიარებს
„დავიწყებ ფინანსების თემით, მყავდა ქალბატონი, რომელიც ჩემთან მოვიდა 0 ლარით. გვქონდა დავალება, უნდა გაგვეხსნა ყულაბა და ჩაგვეგდო ფული. მითხრა, ფული არ მაქვს და რა ჩავაგდოო, მაშინ ვკითხე, რამდენი შეგიძლია ვინმეს თხოვო-თქო. მითხრა, რომ ქმარს სთხოვდა და სიმბოლურად 5 ლარი ჩავაგდეთ ყულაბაში. ტრენინგის დამთავრებამდე, მან გააკეთა ვარდის მურაბები, გაიტანა გამოფენაზე, სადაც ერთ-ერთმა უცხოელმა ტურისტმა ნახა და შეუკვეთა დიდი რაოდენობით. მერე იყო სხვადასხვა ტიპის მურაბები, ჩამოაყალიბა შპს და დღეს ძალიან წარმატებული მეწარმეა. ამ ისტორიას 5 ლართ დაწყებული ბიზნესი დავარქვით.

ფოტო ქალზე, რომელიც მეუღლის ღალატის გამო თავს იკლავს
მეორეს თერაპიიდან გავიხსენებ: მოვიდა მამაკაცი, რომელსაც მეუღლე დაეღუპა და სუიციდის ფიქრები ჰქონდა. საუბრის დასრულების შემდეგ, ვაჩვენე ჩემი ორი ტილო, სადაც ზუსტად ის თემატიკა იყო ასახული, რასაც თავად ებრძოდა. ეს იყო ბუბა კიკაბიძე, რომელსაც ასევე მეუღლე გარდაეცვალა და მეორე ქალი, რომელიც მეუღლის ღალატის გამო თავს იკლავდა. ამ ადამიანებმა სიცოცხლის გადაწყვეტილება მიიღეს. ავუხსენი ნახატების შინაარსი, უხმოდ მომისმინა, ხელი ჩამომართვა, მადლობა გადამიხადა და წავიდა. ამ შეხვედრის შემდეგ, ეს ადამიანი შვილებთან დაბრუნდა და სიცოცხლეს უთხრა კი.
ბოლოს, ნათიას მის მთავარ პროფესიაზე ვკითხეთ. ის სამი შვილის დედაა და ამ საქმეს დამოუკიდებლად უძღვება.
„ნათქვამია, ყველაფრის მოსწრება შეუძლებელია, ამიტომ უნდა აირჩიო ისეთი რამეები, რაც პრიორიტეტია. ის, რასაც მე ვაკეთებ, არის ბევრი, მაგრამ ყველა ერთნაირად პრიორიტეტული. მე არ ვარ ორიენტირებული მოვასწრო ყველაფერი, მე ორიენტირებული ვარ, ყველაფერი ვაკეთო სასიამოვნოდ. ამიტომ ტემპს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია ჩემთვის და მას ვხარჯავ იმის კეთებაში, რაც მიყვარს. სწორედ ესაა ჩემი შვილები და საქმე, რასაც ვაკეთებ“.
საუბრის დასასრულს, ნათია მკითხველს ურჩევს, პირველ რიგში ისწავლონ სიცოცხლის სიყვარული და მადლიერი იყონ სამყაროსი ყოველი გათენებული დღისთვის, შემდეგ კი აუცილებლად დავაფასონ დრო და ის სწორად გავხარჯონ ის.
„გონება ბევრ დროს ხარჯავს დაუმთავრებელ საქმეზე, თუ გვინდა ახალი საქმე დავისახოთ, უნდა დავხუროთ დაწყებული საქმეები. ენერგია ლიმიტირებულად გვაქვს და აუცილებელია მისი სწორად წარმართვა. ჩვენი გონება კომპიუტერის ეკრანივითაა, სადაც ბევრი სხვადასხვა ფანჯარაა გახსნილი, თუ არ ჩავხურავთ გახსნილ ფანჯრებს, ადგილი არ რჩება ახლის გასახსნელად.
ჩახურვა ნიშნავს, რაც აქტუალური არაა, თქვა, რომ ეს ჩემთვის დამთავრდა, აუცილებელია, შენ გადაწყვიტო რომ დამთავრდა. ჩამოვწეროთ სია და გავთვალოთ, რამდენი საქმის ჩახურვას მოვასწრებთ ერთ დღეში. ეს ინტერვიუც ერთერთი ფანჯრის ჩახურვაა ჩემთვის.
დილას, სეირნობის დროს, ცას ვუყურებდი და შინაგანად ბედნიერი ვიყავი, რომ მაქვს ამის საშუალება - ვიარო ფეხით, ვუყურო ცას და გავიაზრო, რამხელა საჩუქარია სიცოცხლე. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამის შეგრძნებას შეძლებს, შეცვლის მის ცხოვრებას უკეთესობისკენ.
10 წლის წინ, შენ თქვი ფრაზა, რომელიც შეიძლება შენ არც კი გახსოვს: ესაა ადამიანი, რომელსაც უყვარს ცხოვრებაო. შენ იყავი პირველი ადამიანი, რომელმაც ჩემში ცხოვრების უპირობო სიყვარული ამოიკითხა და მას მერე დავფიქრი ამ ყველაფერზე“.
ირინე არდაშელია - სპეციალურად „მშობელისთვის“