დავით გაგუას სახელობის კლინიკა, ერთ-ერთი პაციენტის, ანა გელაშვილის პოსტზე ვრელი კომენტარისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ კლინიკა საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობს.
საქმე ეხება პაციენტის ბრალდებას, რომელსაც ვრცლად ქვევით შემოგთავაზებთ. ანა კოვალენკო-გელაშვილი კლინიკას გულგრილობაში ადანაშაულებს, რამაც მისი შვილის გარდაცვალება გამოიწვია.
რატომ არ მოხდა, პაციენტის გაფრთხილება მოსალოდნელი ოპერაციის შესახებ, ინახება თუ არა პაციენტის გამოკვლევების პასუხები ამობეჭდვამდე ელექტრონულ ჟურნალში და სად გაქრა ვიდეო ჩანაწერი, რომლითაც პაციენტის თქმით, დასტურდებოდა დოკუმენტებში ასახული დროის ცდომილება რეალურ დროსთან, კლინიკა პასუხობს, რომ ეს პაციენტის პიარადი ინფორმაციაა და მისი გაცემის უფლება არ აქვთ.
„მოქმედი კანონმდებლობით პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლება კლინიკას არ აქვს. გაგუას კლინიკა მუშაობს საერთაშორისო სტანდარტებით და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება პაციენტების უსაფრთხოებისთვის. კონკრეტული შემთხვევის კვლევაში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო გატარდება შესაბამისი ღონისძიებები’’, - განმარტავენ კლინიკაში.
ანნა გელაშვილი საკუთარ პოსტში წერს, რომ დავით გაგუას კლინიკაში 28 ივნისს, გამთენიისას ძლიერი სამშობიარო ტკივილით მივიდა, თუმცა სამშობიაროში მისთვის აუცილებელი პროცედურების ჩატარება დააგვიანეს, რამაც შემდგომში მისი შვილის გარდაცვალება გამოიწვია.
„2020 წლის 13 აგვისტოს თბილისში, გაგუას კლინიკაში გარდაიცვალა ჩვენი შვილი, მას სიმონი ერქვა.
დილით ადრე 28 ივნისს, მუცლის ძლიერი მჭრელი ტკივილისგან გამეღვიძა, მქონდა გულისრევა, ზურგზე ცივი ოფლი მასხამდა. გზაში სამშობიაროსკენ ჩემმა ქმარმა გიორგიმ დარეკა კლინიკაში და გააფრთხილა რომ მე ცუდად ვიყავი და მათთან მივდიოდით. კლინიკამდე გზას ორიოდე წუთი დაჭირდა და ჩვენ დილის 7:35-ზე უკვე კლინიკაში ვიყავით.
ექიმმა დამადო მუცელზე დოპლერი, მაგრამ ჩვეული გულისცემის ხმა ვერ გაიგო. შემდგომ დაიწყო უცნაურობა: იმის ნაცვლად რომ ბავშვი გადაერჩინათ, დამსვეს სიცხის გასაზომად, შემდგომ გამიშვეს ანალიზების ჩასაბარებლად, რომ დავბრუნდი მთხოვეს ჩანთიდან ამომეღო ყველა საბუთი: პასპორტი, სკრინინგის შედეგები, სურათები, კვლევები - და აუჩქარებლად დაიწყეს ამ საბუთების გროვი ასლების გადაღება.
დრო მიდიოდა, ტკივილი იზრდებოდა...
ექიმმა დაურეკა ტელეფონით ექოსკოპისტს, რომ იგი ჩამოსულიყო მიმღებში. ხუთი ათი წუთი გავიდა, ჩამოვიდა ექოსკოპისტი, დიდხანს ატარებდა მუცელზე ექოსკოპიის ხელსაწყოს და პარალელურად ჩემთვის გაუგებრად ქართულ ენაზე განიხილავდა რაღაცას ექიმთან ერთად. მე არ მესმოდა რაზე იყო საუბარი და ამიტომ ვკითხე ყველაფერი რიგზეა თუ არა მაგრამ არაფერი უპასუხიათ.
წამოვდექი მაგიდიდან და ჩამოვჯექი მიმღებ განყოფილებაში მოლოდინის რეჟიმში. გამოვიდა ექიმი და გააგზავნა გიორგი სადღერამისო აფთიაქში ელასტიურ ბინტებზე.
მის ხმაში არ შეინიშნებოდა მღელვარება ან სიჩქარე, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე მშვიდად ვიყავით, რადგანაც გვეგონა რომ ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ უნდა მოვითმინოთ.
გიორგი წავიდა აფთიაქში, მე დავრჩი და ველოდებოდი. დრო ძალიან იწელებოდა, მეუღლე დაბრუნდა ბინტით, მე გამოვიცვალე ტანსაცმელი. გადამიხვიეს ფეხები და წამიყვანეს საოპერაციოში. უბრალოდ წარმოიდგინეთ: არც მე არც მეუღლე არ გააფრთხილეს იმის შესახებ რომ სასწრაფოდ საკეისროა საჭირო! ძალიან შემზარავია როდესაც ამას იგებ უკვე საოპერაციო მაგიდაზე. გიორგიმ გაიგო ამის შესახებ უკვე მას შემდეგ, რაც ოპერაცია დასრულდა და მე მას მივწერე შეტყობინება.
საბუთების თანახმად ბავშვი ამოიყვანეს 8:18-ზე, რატომ საბუთების თანახმად? იმიტომ რომ ჩვენი სამშობიაროში მისვლის დრო შეცვლილია და დაფიქსირებულია არა 7:35 არამედ 8:10. რა საჭიროა საბუთების ფალსიფიკაცია თუ დასამალი არაფერი გაქვთ?
ექიმებმა დაწერეს რომ მე მქონდა პლაცენტის ცენტრალური აცლა - მძიმე მდგომარეობა, რომლის შემთხვევაშიც თუ დროულად არ მოხდა რეაგირება, ჟანგბადის უკმარისობის გამო კვდება ნაყობი და ხანდახან სისხლის დაკარგვის გამო დედაც.
გაურკვეველი მიზეზების გამო არ არის შენახული / გაქრა ყველა სურათი, რომელიც იყო გადაღებული ექოსკოპიით მიმღებში მისვლის დროს. ასევე გაქრა და არ არსებობს ვიდეო ჩანაწერები თუ როდის მივედით ჩვენ კლინიკაში. მაგრამ თუ კი მართლა ასეთი ვითარება იყო, პლაცენტის ცენტრალური აცლა მქონდა, როგორ დაკარგეთ დრო და გააგზავნეთ ჩემი ქმარი ბინტებზე? ნუთუ ამხელა კლინიკაში ბინტი არ უნდა იყოს?
დაბადებისას აპგარის შკალის მიხედვით სიმონს ქონდა შეფასება 1. შემდგომ კომა, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ტვინში სისხლის ჩაქცევა, სისხლის გადასხმა, ზონდიდან კვება, პნევმონია, სეფსისი, შვილი იბრძოდა სიცოცხლისთვის 47 დღე.
„ასფიქსიის მძიმე შედეგები“ - ხელებს შლიდნენ ექიმები. აი ამ მომენტში გახდა ნათელი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ზუსტად ის დაკარგული 40 წუთი რომელიც უგზოუკვლოდ გაქრა კლინიკაში ჩემი მკურნალობის ისტორიიდან.
ჩვენ ვართ „არასასურველი შემთხვევა“, ბავშვი რომ დაბადებულიყო მკვდარი, მაშინ შეიძლებოდა თქმა: „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო“. ასეთ შემთხვევაში მგონია რომ გულგრიობია-გაუფრთხილებლობას და გარდაცვალებას შორის კავშირს ვერ დავამტკიცებდი. მაგრამ ბავშვი დაიბადა ცოცხალი, ანუ დაკარგული დრო იყო ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი! შეიძლებოდა ბავშვის სიცოცხლე გადარჩენილიყო!
ჩვენი შვილი გარდაიცვალა, მას უკვე ვეღარ დააბრუნებ, მაგრამ ის ექიმები ხომ ისევ აგრძელებენ მუშაობას? კლინიკა ჩვენ არ დაგვიკავშირდა რომ გარკვეულიყო შემთხვევა, არ ჩაუტარებია შიდა გამოძიება თუ რა როგორ და რატომ მოხდა, არ მოუხსნიათ სამსახურიდან ის ხალხი, ვინც ასეთი რამ დაუშვა.
ჩატარდა ექსპერტიზა, პოლიციამ აღძრა საქმე 116-ე მუხლის 1 ნაწილი - „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“, იქნება სასამართლო.
ჩვენ ერთი ჩვეულებრივი ოჯახი ვართ, მივდივართ უზარმაზარი კლინიკის წინააღმდეგ, სადაც ყველა დაიცავს ერთმანეთს.
გთხოვთ დაგვეხმაროთ, გაავრცელოთ ეს პოსტი. გავრცელება - არის ჩვენი ერთადერთი შანსი სასამართლოს სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მაშინ იმედი მაქვს რომ არც ფული და არც ნაცნობობა არ უშველის დამნაშავეებს პასუხისმგებლობას თავი აარიდონ“, - წერს ანა გელაშვილი.
მოამზადა სალომე ჭიკაძემ