2018-12-07

სოფელ დვირის სკოლის დირექტორის დარეჯან კევლიშვილის ინფორმაციით, სკოლის დისციპლინარული კომიტეტის სხდომაზე, შშმ მშობლის დისკრიმინაციის ფაქტი არ დადასტურდა.

საქმე ეხება სოფელ დვირის სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის დედას, რომელიც შშმ პირია. არსამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განთლებისთვის“ თანადამფუძნებლის თაია მახარაშვილის ინფორმაციით, მას (შშმ მშობელს), უფლება არ მისცეს შვილს ექსკურსიაზე გაყოლოდა, მხოლოდ იმიტომ რომ შშმ პირია, დატოვეს მცხეთაში, იმის გამო რომ ტაძრიდან გამოსვლა (ფიზიკური მდგომარეობის გამო) დაუგვიანდა და მცხეთიდან ბორჯომამდე სამმა მასწავლებელმა შეურაცყოფა მიაყენა, ხოლო დისციპლინარულ კომიტეტში საჩივრის შეტანის შემდეგ კი მის შვილს მე-9 კლასიდან გასვლა ურჩიეს.

როგორც „მშობელს“ დირექტორმა განუცხადა, დადასტურდა მხოლოდ მასწავლებლის მხრიდან ბავშვისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რის გამოც მან ბოდიში მოიხადა, თუმცა დისციპლინარულმა კომიტეტმა საჭიროდ ჩათვალა მისთვის სასტიკი საყვედური გამოეცხადებია.

„გუშინ (6 დეკემბერს) იყო დისციპლინარული კომიტეტის სხდომა, დაიწერა ოქმი, ოქმის წაკითხვის დროს არ იმყოფებოდა თავად შშმ მშობელი, ესწრებოდა ბებია და გაგიჟდა რომ მოისმინა ყველაფერი, მე არ ვიცოდიო ასეთი რაღაცეებიო. არაფერი არ დადადსტურდა ერთი ფაქტის გარდა, რომელიც მასწავლებლის მხრიდან, ექსკლურსიის შემდეგ ბავშვის შეურასხყოფას ეხება. ეს ფაქტი ნამდვილად დადასტურდა, რის გამოც მან ბოდიში მოიხადა, თუმცა მასწავლებელს შინაგანაწესის საფუძველზე გამოეცხადა სასტიკი საყვედური. დანარჩენი, რაც ექსკურსიის მსვლელობაზე ითქვა, თითქოს მარტო მიატოვეს, როგორც შშმ პირი, ნამდვილად არ ყოფილა“, - განუცხადა „მშობელს“ დირექტორმა.

მისივე თქმით, დისციპლინარულ კომიტეტში ორი სხვადასხვა შინაარსის განცხადებაა შემოსული.

„ორი განცხადებაა შემოსული, განცხადებები არის ძალიან სხვადასხვა, ერთი შემოიტანა ამ ქალბატონის დამ, რომელიც ცხოვრობს საგურამოში, თვითონ არ მოსულა და განცხადება არ მოუტანია. მეორე შემოვიდა სამი-ოთხი დღის შემდეგ სამინისტროდან, რომელზეც ამბობს, რომ მისი ხელმოწერა არ არის და არ იცის ვინ მოაწერა ხელი. პირველ განცხადებაში მოცემული ფაქტები არ დასტურდება და თვითონ უთქვამს, რომ მისმა დიშვილმა დაწერა და მან მხოლოდ ხელი მოაწერა, ძალიან ბევრი აცდენებია, ბევრი ტყუილია. დღეს გამოვეცი ბრძანება და ორშაბათს წერილს გავგზავნით სამინისტროში“, - აღნიშნავს დარეჯან კევლიშვილი.

რაც შეეხება ბავშვის მხრიდან მიყენებულ შეურაცყოფას, დირექტორი აცხადებს, რომ ვერ მოიძებნა მუხლი, რომელიც ბავშვის საქციელს გაატყუნებდა.

„ბავშვი აღიარებს, რომ ნამდვილად უთხრა - „თუ სიარული არ შეეძლო რას მოდიოდაო“, მაგრამ აქ შეურაცხმყოფელი არაფერი არაა და შინაგანაწესით ვერანაირი მუხლი ვერ მივუყენეთ სასჯელად, ამიტომ არ ჩაითვალა ეს ფაქტი დისციპლინურ გადაცდომად“, - განმარტავს კევლიშვილი და დასძენს, რომ მასწავლებლები ძალიან აღელვებულები არიან გავრცელებული ცრუ ინფორმაციების გამო.

„იმდენი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, ახლაც ძლივს ვაკავებ, რომ არ იჩივლონ“, - აცხადებს ის.

თაია მახარაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ზუსტად 2 წუთის წინ (3 დეკემბერს) ვესაუბრე ვინმე იზოლდა ლომიძეს - ბორჯომის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს, სოფელ დვირის სკოლის მოსწავლესთან და მის მშობელთან დაკავშირებით. კითხვა მქონდა ძალიან მარტივი: როცა შშმ მშობელს ჯერ არ აძლევენ უფლებას, რომ თან ახლდეს შვილს ექსკურსიაზე, მაშინ როცა სხვა მშობლები მიდიან; შემდეგ, როცა მცხეთაში ჩასულს ტოვებენ ქუჩაში მის შვილთან ერთად და მიდიან ისე, რომ არც ატყობინებენ; როცა სამი მასწავლებელი ერთდროულად ლანძღავს ამ ქალბატონს იმის გამო, რომ თურმე ტაძრიდან გამოსვლა დააგვიანა (რადგან ჯანმრთელობა სწრაფად სიარულის უფლებას არ აძლევს) და როცა შეურაცხყოფებით სავსეა გზა მცხეთიდან ბორჯომამდე; როცა მშობელს შეაქვს განცხადება სკოლის დისციპლინურ კომიტეტში და მალევე მის შვილს ეუბნებიან, რომ ჯობს, ამ სკოლის მეცხრე კლასიდან გავიდეს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და რას აკეთებს რესურს-ცენტრი.

პასუხი იყო შემდეგი: თქვენ მიამბობთ ოჯახის მოყოლილს, ეს ყველაფერი სიცრუეა, ბავშვი მისივე ოჯახის ძალადობის მსხვერპლია (!!!) და თქვენი ჩარევით (რომელიც აბსოლუტურად მშვიდობიანი და ჯანსაღი კომუნიკაციისკენ მიდრეკილი იყო) ასევე ზეწოლას ახდენთ ბავშვზე. შემდეგ გამითიშა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ ხალხზეა თქვენი განათლების სისტემა დაფუძნებული? თუ ასეა, დროა მოვემზადოთ მის დასაკრძალად.

ჟურნალისტ მეგობრებს მოვუწოდებ, დაინტერესდნენ ამ საკითხით, რადგან სახეზეა შშმ პირის ღია დისკრიმინაცია. ამ სკოლის დირექტორია ვინმე დარეჯან კევლიშვილი, ხოლო ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელიც მშობლის შეურაცხყოფაში და მადისკრიმინირებელ ქმედებებში იყო ჩართული, ამ დირექტორის რძალი, ვინმე ნუნუ პაპიძეა. რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს აინტერესებს, ვინ მიყვება ასეთ ამბებს, რადგან როგორც თვითონ ამბობს, არაფერია დასაჯერებელი.

P.S. აქვე მინდა დავამატო, რომ ამ საქმის გახმაურებას არ ვაპირებდი, რადგან არ ვფიქრობ, რომ ფბ-თი უნდა ვარჩიოთ ასეთი საქმეები, თუმცა სკოლოს მხრიდან ბავშვზე ზეწოლა, რომ 9 კლასის შემდეგ სკოლა და რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის არაჯანსაღი, შეურაცხმყოფელი და განათლების სისტემაში დასაქმებულისთვის სრულიად შეუფერებელი კომუნიკაცია გახდა ამის საფუძველი“.

 

ირინე არდაშელია

ძალადობა