თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ახალი კორონავირუსის იმ სიმპტომებს ასახელებს, რომლითაც ის სხვა ვირუსებიგან განსხვავდება. კერძოდ, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია ჰგავს გრიპს, მაგრამ გრიპისგან განსხვავებით, მას უეცარი დასაწყისი არ ახასიათებს, ის იწყება თანდათან; გრიპის დროს ხშირია თავის ტივილი, კორონავირუსის დროს კი შედარებით იშვიათი; გრიპის დროს შესაძლოა, დიარეა იყოს, კორონავირუსის დროს კი იშვიათად; გრიპისმაგვარი დაავადებებისგან განსხვავებით, კორონავირუსს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა; მეტი ინტოქსიკაცია.
„საბოლოო და განმსაზღვრელი მაინც არის რენტგენოლოგიურად მძიმე პნევმონიის დადგენა. ყველაზე ზუსტი შედეგია ლაბორატორიული გამოკვლევა“, - ამბობს ცერცვაძე.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, შეძლება მიმდინარეობდეს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ფორმით. მძიმე შემთხვევებში მას აქვს იგივე მახასიათებლები, რაც
მწვავე რესპერაციული ინფექციით გამოწვეულ ინფექციებს: ტემპერატურის მომატება, ხველა, კუნთების და თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ინტოქსიკაციის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება.
როგორც ცერცვაძე ამბობს, სუნთვის გართულება მნიშვნელოვანი სიმპტომია და ეს უნდა იცოდეს ექიმმაც და მოსახლეობამაც.
„კორონავირუსით ინფექციას ახასიათებს ერთ-ერთი მთავარი ნიშანი - სუნთქვის გაძნელება, რაც გამოიხატება სუნთქვის გახშირებით, ხმაურიანი სუნთქვით, სუნთქვის პროცესში დამხმარე კუნთების მონაწილეობით, ნესტოების შებერვით და ა.შ. სუნთქვის გაძნელება, ერთის მხრივ, შეიძლება მიუთითებდეს კორონავირუსით ინფექციაზე, ხოლო მეორეს მხრივ, ნებისმიერი მძიმე, მწვავე რესპირაციულ ინფექციის დამძიმებაზე და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენება იმისთვის, რომ მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია“, - განმარტავს ცერცვაძე.
ცნობისთვის: დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, სადღეისოდ საქართველოშიო კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამასთან, ცენტრში აცხადებენ, რომ მიუღებელია სტიგმა, რაც დაავადებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შეინიშნება.