2024-01-29

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ქეთი ჩხატარაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, აქცენტს რეანიმაციული საწოლების შემცირებაზე აკეთებს. მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დახურვის შემთხვევაში სისტემა რეანიმაციული საწოლების მხრივ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგება.

როგორც ჩხატარაშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა, ბოლო წლებში რეანიმაციული განყოფილების საწოლების რაოდენობა ისედაც შემცირებულია, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად ისახება.

მეორე ნეგატიური ფაქტორი კი მისი შეფასებით, მედპერსონალის ქვეყნიდან გასვლასთან იქნება დაკავშირებული.

„რესპუბლიკური საავადმყოფო არ არის რიგითი, ერთ-ერთი საავადმყოფო ამ ქვეყნის კლინიკური მედიცინის ისტორიაში. ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე მომენტებში, ძირითადი ტვირთი გადადიოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსების მხრებზე. ახლა აიღო და ამ ხალხს უთხრა, რომ მე ეს ტერიტორია მჭირდება და სადაც გინდათ იქ წადით, არ არის სწორი დამოკიდებულება. ეს ხალხი დარწმუნებული ვარ მიიჩნევს, რომ პატივს არ სცემენ იმას, რაც მათ გაუკეთებიათ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ კლინიკაზე, აქ საუბარია მთლიანად ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეზე. ამ კონკრეტული საავადმყოფოს პერსონალს ისევე როგორც ღუდუშაურის პერსონალს, ალბათ ცოტა უფრო ფაქიზად უნდა მოვეპყროთ და ვესაუბროთ.

ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის არათანმიმდევრულობას ამ ბოლო 10-წლეულის მანძილზე, როგორც წესი უარყოფითი შედეგი მოაქვს სისტემისთვის. ბევრი სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო რეანიმაციული განყოფილების საწოლების რაოდენობა ისედაც შემცირებულია. ვისაც ამ ბოლო დროს დასჭირვებია, იცის, რომ პრობლემაა. ამის ფონზე კიდევ საწოლების შემცირება 25 და თუნდაც 2%-ით, სისტემას დააყენებს კრიტიკულ ზღვარზე თუ არა, კატასტროფის წინაშე, რადგან კოვიდის სიტუაციამაც აჩვენა, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მეტ-ნაკლებად გაართვა თავი პანდემიას, იყო გერმანია და ეს მოხდა იმის ხარჯზე, რომ საკმარისზე მეტი რეანიმაციული საწოლები ჰქონდა. კიდევ უფრო შემცირება ფაქტია რა გავლენასაც იქონიებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე", - განაცხადა ჩხატარაშვილმა.

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა იქნება ქვეყნიდან მედპერსონალის გადინება, რაც უკვე ისედაც დაწყებულია.

"პროცესი დაწყებულია და რესპუბლიკური საავადმყოფოს ეს გადაწყვეტა ამას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს. ექიმების ნაკლებობას შეიძლება არ განვიცდით, მაგრამ ექთნების კრიტიკულ დეფიციტს განვიცდით, გამოცდილი კადრის დაკარგვა კიდევ უფრო შორს მიმავალი შედეგებისთვის უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება“, - განაცხადა ჩხატარაშვილმა.

ჯანდაცვა