2025-12-05

500 Global-ის ინიციატივით, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან პარტნიორობით, უკვე მეცხრედ, საქართველოში 500 Global in Eurasia გაიმართა.

აქსელერაციის პროგრამაში წელს მონაწილეობა 8 ქვეყნის 12 განსხვავებული პროფილის მქონე სტარტაპმა მიიღო.

პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, Demo Day-ზე, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართა, დამფუძნებლებმა საკუთარი სტარტაპები ინვესტორებსა და ფართო აუდიტორიას გააცნეს.

“500 Global in Eurasia-ს ფარგლებში, უკვე რიგით მეცხრე აქსელერაციის პროგრამა გავმართეთ საქართველოში, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა პროფილის მქონე 12-მა კომპანიამ მიიღო, რომლებიც სრულიად განსხვავებული სექტორებისთვის ქმნიან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გადაწყვეტებს - ჯანდაცვის სფეროდან მარკეტინგამდე. ეს მართლაც შთამბეჭდავია იმ პროგრესის ნახვა, რომელიც პროგრამის დაწყებიდან დღემდე მივიღეთ. ჩვენ ვაგრძელებთ განსხვავებული პროფილის მქონე სტარტაპების მოზიდვას საქართველოში, რათა ხელი შევუწყოთ მათ სწრაფ ზრდასა და მასშტაბირებას. გვეამაყება, რომ საქართველოს ბანკთან და GITA-სთან თანამშრომლობით, განხორციელებული ინვესტიციები ხელს უწყობს თბილისისა და საქართველოს სტარტაპ აქსელერაციის ჰაბად ჩამოყალიბებას”, - აღნიშნავს პედრო ვიერა, პარტნიორი, 500 Global.

“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესებისა და სტარტაპების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის საამაყოა ისეთ გლობალურ პარტნიორთან თანამშრომლობით საქართველოში სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის განხორციელება, როგორიც 500 Global-ია. 500 Global in Eurasia-ს პროგრამის მიმართ დაინტერესება რეგიონში ყოველწლიურად იზრდება, რაც ხელს უწყობს რეგიონში საქართველოს სტარტაპების ჰაბად პოზიციონირების და კიდევ ერთი ძლიერი სიგნალია, რომ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას მზარდი პოტენციალი და შესაძლებლობები აქვს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წლებში, პროგრამაზე კიდევ უფრო მეტ ახალ და საინტერესო სტარტაპს ვიხილავთ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

500 Global in Eurasia-ს ახალ ნაკადზე მიღება დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia-ს ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები 12 კვირიან აქსელერაციის პროგრამას გადიან, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან; ინტენსიური გადამზადების პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას; იზიარებენ საჭირო ექსპერტიზას და ამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. 500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება.

2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება.

ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 10 ქვეყნის 80-ზე მეტი სტარტაპი.

ბიზნესი