2018-11-09

"ყველაზე საუკეთესო" SMILE Studio-ა, "ყველაზე კარგია, მაგრამ რუსთავშია", "საუკეთესოა, ყველაზე მაგარი გარემოა", "ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ ეგეთი არსად არაა" - ამ შეფასებებს საბავშვო ფოტოსტუდიაზე ხშირად ნახავთ სოციალურ ქსელში.

   SMILE Studio უკვე 5 წლის გახდა და გადაღებული ბავშვების რაოდენობა 2000-სს გაცდა

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ პროფესიონალიზმის კუთხით, მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა "მშობელი" სტუდიას და მის დამფუძნებელს სხვა კუთხით გაგაცნობთ.

SMILE Studio ერთი უბრალოდ ადამიანის, ხათუნა თოდუას შვილობილია. ის პროფესიით ფილოლოგია, თუმცა რიგი მიზეზების გამო სკოლაში მუშაობას თავი დაანება. ფოტოების გადაღება შვილების ფოტოებით დაიწყო, მეგობრების წახალისებით კი სტუდიური საქმიანობა ერთი ოთახიდან დაიწყო. თვლის, რომ შეუძლებელი არაფერი და ყველა ქალმა პირველ რიგში საკუთარი საქმე უნდა იპოვოს.

„ფოტოგრაფიაზე, როგორც პროფესიაზე არასდროს მიფიქრია, უბრალოდ, რაც თავი მახსოვს სულ მქონდა აპარატი, სულ ვიღებდი. ჩემი შვილი რომ გაჩნდა, ძმამ მაჩუქა აპარატი და მას ვუღებდი სისტემატიურად. მაშინ საქართველოში არ ვცხოვრობდით და რომ ჩამოვედი, ჩემი მეგობრები აღნიშნავდნენ, რომ ძალიან მაგარი ფოტოებია, მაგრამ მეგობრები უფრო სუბიექტურები არიან, ამიტომ ერთხელაც ფოტოგრაფთა გვერდებზე დავდე, სადაც ჩემმა ფოტოებმა მოწონება და ინტერესი გამოიწვია. ამან დიდი სტიმული მომცა. ერთხელ დაქალმა მთხოვა მისი ქორწილი გადამეღო. ასე დავიწყე, მაგრამ მაშინ არ იყო ეს სფერო ასე განვითარებული, ლილოში დავდიოდი, ჩემით ვქმნიდი დეკორაციებს, არც შესაბამისი განათება მქონდა, არც აპარატი. დღის შუქზე ვიღებდი ერთ ოთახში. იმას ვნატრობდი, რომ კარგი ამინდი ყოფილიყო, რადგან ღრუბლიან ამინდში შუქი არ მყოფნიდა. იმის თქმა მინდა, რომ არაფრისგან, ყოველგვარი ფინანსების გარეშე დავიწყე. არც იმაზე მიფიქრია, რომ ბიზნესად მექცია, მიყვარდა ეს საქმე და შემოსული თანხა მხოლოდ ქირას იხდიდა. ნელ-ნელა შევიძინე ძალიან იაფიანი განათება. არც სოციალურ ქსელს ვფლობდი, ამიტომ მქონდა ჩავარდნაც. ფოტოგრაფიის კურსები მაშინ გავიარე, როცა სტუდია უკვე წარმატებული იყო. მასწავლებელმა მკითხა, თუ ასეთი ელემენტარული ტექნიკური მხარე არ იცი, ასეთ ფოტოებს როგორ იღებო“.

ხათუნა ორი შვილის დედაა, თუმცა ეს აბსოლუტურად არ უშლის ხელს მის საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დამხმარე არ ჰყოლია, ყვება რომ დაღლისგან ხშირად უტირია, თვლის, რომ შვილები მისი საქმიანობის მთავარი სტიმულია და მათ რეალიზებული დედა სჭირდებათ.

„ძიძა რომ ამეყვანა, ფინანსები არ მქონდა. სტუდიისთვის ფართი სახლის გვერდზე ვიქირავე, ჩავირბენდი, გადავიღებდი, ამოვიდოდი, საჭმელს მოვუმზადებდი, ვაჭმევდი. ზოგჯერ ჩამყავდა სტუდიაში ეტლით, ზოგჯერ ვიღაც ასეირნებდა. მერე ძიძაც ავიყვანე, რომელიც დღის მანძილზე ძალიან მეხმარებოდა. ახლა უკეთ ვათავსებ ოჯახს და საქმეს, პატარა ბაღშია, უფროსი გახანგრძლივებულ სკოლაში. 5 საათამდე ვარ სტუდიაში, მერე კი სრულად ბავშებს ვეკუთვნი. შვილები ჩემი სტიმულია. ზოგჯერ ვამუშავებ, ხელფასსაც ვუნიშნავ ნაყინის საყიდლად. მინდა მუშაობის პროცესი შეუყვარდეთ, ხალხთან კომუნიკაცია ისწავლონ. როცა ამბობენ, ძიძა არ უნდა აიყვანო, ბავშვი დედამ უნდა გაზარდოსო, არ ვეთანხმები. ასწრებს დედა ბავშვთან ყოფნას საღამოს საათებშიც. მე და ჩემი შვილები საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ ერთად, არაფერს ვაკლდებით იმის გამო, რომ დედა მუშაობს. ამ ყველაფერს ჩემი შვილებისთვის ვაკეთებ“.

ხათუნას და SMILE Studio-ს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მეუღლეს, რომელიც მას მორალურად ყოველთვის ამხნევებდა, დღეს კი უკვე ცოლის საქმიანი პარტნიორიცაა.

„ჩემი მეუღლე რომ არ ყოფილიყო, ეს არაფერი არ იქნებოდა. ის სულ მეუბნებოდა, ხათუნა მიდი, შეგიძლია. სულ 3-4 ქორწილი მაქ გადაღებული, მაგრამ არანაირი შეზღუდვა არ ჰქონია სახლში გვიან ღამე მოსვლაზე, ბავშვების დატოვებაზე. სულ სჯეროდა ჩემი, მუდმივად სტიმულს მაძლევდა. ფოტოშოპი და მსგავსი რამეები არ ვიცი, ჩემი ქმარი კი პროგრამისტია და როგორც კი ნახა რომ სტუდია წამოიზარდა, სიღრმისეულად შეისწავლა ფოტოშოპი, ახლა მე ვიღებ, ის ამუშავებს, უკვე პარტნიორები ვართ“.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხათუნა ქალებს მოუწოდებს სახლში არასდროს ჩაიკეტონ შვილების და ოჯახის არგუმენტით, რადგან არ არსებობს საქმე, რომლის მოსწრებაც არ შეიძლება.

„წერის უნარი არ მაქვს, აქტიური მომხმარებელი ვარ ერთ-ერთი დედათა ჯგუფის, თვალს ვადევნებ და სულ მინდოდა გამოცდილება გამეზიარებინა. დედებო, ნუ გამოიკეტავთ თავებს სახლებში, იცით რა დღეები მაქვს გამომვლილი, ორი წელია ასისტენტი მყავს, იქამდე ყველაფერს მარტო ვაკეთებდი, ბევრჯერ მიტირია, დავღლილვარ, ერთგვარი სტრესი ყველა პროფესიას აქვს. ეს ყველაფერი კი ბუნებრივია გღლის. სულ მინდოდა მეთქვა ქალებისთვის, არ ჩაჯდეთ. ჰაერიდან არცერთი საქმე არ მოდის, ყველაფერს შრომა და მონდომება სჭირდება. საკუთარ თავში იპოვეთ საყვარელი საქმე, უბრალოდ სამსახური არა. ყველა ქალს აქვს რაღაცის ნიჭი, ამიტომ ეს ნიჭი უნდა იპოვოთ. მე გადავდე ძალიან ბევრი საქმე ჩემი საყვარელი სფეროსთვის. მაგალითს გეტყვით, გადაღებაზე მყავდა ერთი გოგო, რომელიც ჩემი ყოფილი მოსწავლე აღმოჩნდა, შვილისთვის მისი გაკეთებული აქსესუარები მოიტანა ფოტოსესიაზე, თავიდან გაყიდვაში დავეხმარე, მაგრამ არ გაიყიდა, ამიტომ მე შევიძინე სტუდიისთვის, მას მერე ყველა აქსესუარს ანი მიმზადებს... მერე სხვა სტუდიებმაც დაასაქმეს, ყველა სხვა სამსახურის შემოთავაზებაზე უარი თქვა და ამ საქმეში იპოვა საკუთარი თავი. ახლა, ვისაც ჩემთან მოსწონს რამე, ყველას მასთან ვამისამართებ. მასაც პატარა შვილი ყავს და ამ ყველაფერს, ბავშვის დაძინების მერე აკეთებს, მაგრამ საქმე უყვარს. შრომა არ უნდა დაგეზაროს, უნდა გინდოდეს, აი უბრალოდ მე ეს მინდა, ასე არაფერი არ მოდის“.

და ბოლოს, სასიამოვნო სიახლე სმაილის ერთგული სტუმრებისთვის, გაზაფხულისთვის სტუდია უკვე, მეხუთე მისამართზე, თუმცა უკვე მუდმივზე, საკუთარ ახალ ფართში გადავა, რომელიც აბსოლუტურად ბავშვების კომფორტზე იქნება მორგებული.

არაფრისგან დაწყებულ სტუდიაში დღეს უამრავი და ყოველდღიურად განახლებადი აქსესუარია. ხათუნა თვლის, რომ მომხმარებელს მუდმივად უნდა შესთავაზო სიახლე, ამიტომ შემოსავლის დიდ ნაწილს, ისევ სტუდიის ზრდას ახმარს. ალბათ, სწორედ ამიტომ ჰყავს მას ამდენი მომხმარებელი და ფოტოსესიისთვის ადგილის წინასწარ დაჯავშნაა საჭირო.

ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სტუდიის ფასები:

ახალშობილი 2 თვემდე - 250 ლარი;

2-დან 6 თვემდე 180 ლარი;

6 თვიდან - 150 ლარი.

მომსახურებაში შედის 4 სხვადასხვა დეკორაცია და 15 დამუშავებული ფოტო.

 

ირინე არდაშელია, სპეციალურად "მშობელისთვის"

წარმატების ფორმულა