2019-07-01

თეთრიწყაროელი დირაფლუზი 34 წლის ასაკშო დმანისში მამამისის ნებით მეორე ცოლად გათხოვდა. რამდენიმე წელიწადში, ქმარს ფეხები მატარებელმა გადაუჭრა და 25 წლის მანძილზე, დირაფლუზი მას უვლიდა. დღეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მთელი ამ წლების ჯაფა გარდაცვლილი ქმრის ოფიციალურ დამლაგებლობად ჩაეთვალა, რადგან ქმრისგან დარჩენილი ვერანაირი ქონება ვერ მიიღო.

„მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა მამას, ძმებს და ოჯახს ვუვლიდი. არც სკოლაში მივლია, 4 კლასი დავამთავრე თუ არა, დიდი ხარო, საოჯახო სააქმეები უნდა გააკეთოო, მითხრეს. მერე გამათხოვეს. 30 წელი ქმარს და მის შვილებს მოვუარე. ქმარი გარდაიცვალა, მე კი უსახლკაროდ დავრჩი“, – ამბობს დილაფლუზი.

71 წლის დირაფლუზ ბუდაგოვა მარნეულში ცხოვრობს, იგი ყოველდღე დილაუთენია, 6 საათზე მიდის ბაზარში. სოფლის მოვაჭრეებისგან საქონელს ყიდულობს, შემდგომ კი დღის განმავლობაში იგივე საქონელს ჰყიდის, რომ საღამოს პურისა და საჭმლის საყიდელი ფული ჰქონდეს. სეზონზე, იგი დღეში 10 ლარად მიწაზეც მუშაობს და დაგროვილ თანხას კი სასამართლოში და ადვოკატებსუხდის.

„რომ გამათხოვეს, ქმრის ცოლი გარდაცვლილი იყო. 4 შვილი ჰყავდა, წლების მერე მეც გავაჩინე გოგო – აიდა. იმ პერიოდში უფროსი შვილები სწავლობდნენ, ჯარში იყვნენ. ჩვენ რასაც ვშოულობდით, მათ ვუგზავნიდით, რომ რუსეთში, უცხო გარემოში, კარგად ეცხოვრათ“, – ამბობს დურაფლუზი.

როგორც მარტოხელა ქალი გვიყვება, მისი ქმარი და ის ყველგან მუშაობდნენ, რათა ბავშვები შეენახათ. ქმარი ძირითადად რუსეთში იყო, ის კი აქ შვილებს უვლიდა და მუშაობდა. ისეთი პერიოდი იყო, რომ ქორწინების მოწმობაზე არც უფიქრიათ.

1989 წელს, დირაფლუზის ქმარს ისრაფილს რუსეთში დასაბრუნებელ გზაზე ავარიის შედეგად მატარებელმა ფეხები დააკარგინა. დასაწყისში 3 თვე საავადმოყოფოში, მერე კი 15 წელი, სიკვდილამდე, დირაფლუზი ქმარს თავის გოგოსთან ერთად უვლიდა. იმ პერიოდში შვილები უკვე დაოჯახებულები იყვნენ და როგორც თვითონ ამბობს, მამის სანახავად არც მოდიოდნენ.

„ისრაფილი 2013 წელს გარდაიცვალა, მისი უფროსი ვაჟი მაშინვე ჩამოვიდა და მისგან დარჩენილი ერთადერთი ქონების – ჩვენი სახლის – საკუთარ სახელზე გადატანა მოისურვა. მე მივმართე სასამართლოს, სასამართლო წლები გაგრელდა, მე კი მაინც გარეთ დავრჩი“, – აცრემლებული გვიამბობს დირაფლუზი.

დირაფლუზ ბუდაგოვას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახლი 5 წილად დაჰყვეს, 4 ისრაფილის პირველი ცოლისგან დაბადებულ შვილებს და ერთი წილი მის ერთ გოგოს. დურაფლუზი კი, ქორწინების მოწმობის არქონის გამო, სასამართლო პროცესზეც კი არ შეუშვეს. ოფიციალურ დოკუმენტებში მისი სტატუსი დამლაგებლად დაფიქსირდა.

„ჩემი გავლილი ცხოვრება ურთულესი იყო. გოგო ვიყავი მთელი ბავშვობა სულ სახლის საქმეებს ვაკეთებდი. სოფელში ვცხოვრობდით და წესი იყო ასეთი, – გოგოს უნდა ეშრომა. როცა გავთხოვდი, ქმარი ხშირად რუსეთში იყო, მე კი მარტო ვცხოვრობდი შვილებთან ერთად. საზოგადოებისგან ზეწოლა ყოველთვის იყო. ბევრ რამეზე აკრძალვები იყო, – ქალი ხარ, პატიოსანი უნდა იყო, ნამუსით უნდა იცხოვროო. ძალადობაც გავიარე და ბევრი სხვა რამ, მაგრამ ამდენი შრომის შედეგად, მაინც გარეთ დავრჩი“, – ჰყვება დირაფლუზი.

დღესდღეობით, დირაფლუზი სოციალურად დაუცველის სტატუსითაა და უსახლკაროა. ზოგჯერ დასთან, ძმასთან და ხანდახან შვილთან რჩება. ბაზარში კიდევ ვაჭრობს, რადგან მისი შვილი ქმარს გაცილებულია და 2 შვილიშვილს ეხმარება მატერიალურად.

 

შალალა ამირჯანოვა

 

წყარო

ძალადობა