2019-02-12

15 წლის მოზარდი თავს ქალად თვლის, რის გამოც სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გახდა, დედამ კი სკოლიდან გამოიყვანა.

ამის შესახებ ერთ-ერთი სოციალური აგენტი გია მეჩიტაშვილი თავის პირად გვერდზე საჯაროდ წერს და აღნიშნავს რომ აღნიშნულზე რიგითი ვიზიტის დროს თავად დედამ უამბო.

„მე ჩამიხედია შვილმკვდარი დედების თვალებშიც, მაგრამ ასეთი ტკივილიანი გამოხედვა მათაც არ ჰონიათ“, - ყვება აგენტი, რომელმაც დედას ურჩია სახლიდან წლების წინ წასული მამა, იქნებ ახლა მაინც დაბრუნებულიყო და შვილი აწი მაინც გაეზარდა კაცად.

„მამამისს თუ შეატყობინეთ? მას ხომ შეუძლია თქვენი დახმარება. ჩამოვიდეს და ახლა მაინც გაზარდოს კაცად. მას ხომ მამის ზრუნვა და ოჯახში კაცური მხარი დააკლდა“, - წერს აგენტი.

როგორც მისი მონაყოლიდან ჩანს, დედა შვილის ამ მდგომარეობას ტრაგედიად მიიჩნევს და მეტი ყურადღების მისაქცევად, სამსახურსაც დაანება თავი.

„ეს ჩემთვის დასასრულს ნიშნავდა. მისმა მამამ დიდი ხნის წინ მიგვატოვა. მარტომ გავზარდე. თითქოს ყველა გასაჭირი გადავლახეთ და 13 წლის ასაკში ასეთი რამ მითხრა. მე სამსახურის მიტოვება მომიხდა, რათა მეტი ყურადღება დამეთმო მისთვის. ფსიქოლოგებსაც მივმართეთ, ფსიქიატრებსაც, მაგრამ ვერავინ მეხმარება. ბავშვი გოგონად თვლის თავს და მისი ქცევებიც გოგონას შესაბამისია. ბიჭებს ეპრანჭება, რის გამოც სკოლაში მისმა მეგობარმა ბიჭებმა გალახეს კიდეც. ისინი ხომ ერთად გაიზარდნენ და მას ყველა თავის მეგობარ ბიჭად თვლიდა, ამან კი...“, - ამბობს დედა.

„მშობელი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა კითხვით, მოხდა თუ არა რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე, შედგა თუ არა კომუნიკაცია სკოლასთან და რატომ ვერ დაიცვა მან მოსწავლე ბულინგისგან და ბოლოს, მოახდინა თუ არა რეაგირება თავად სოციალური აგენტის მიერ გამოვლენილ მიდგომაზე.

როგორც სააგენტოში განგვიცხადეს, თემის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ვერ დადგინდა ვინმე მუშაობს თუ არა ამ ქეისზე, ამიტომ მოგვიწოდეთ ოფიციალური წერილით მიგვემართა.

„თემის კონფედენციალურობიდან გამომდინარე, ვერ დავადგინეთ ვინმე მუშაობს თუ არა ამ ქეისზე, რადგან ეს კონფედენციალური ინფორმაციაა, შეგიძლიათ ოფიციალურად მოიწეროთ და პასუხსაც ოფიციალურად მიიღებთ“, - განუცხადეს „მშობელს“ სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ თავად ბატონი გია, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის კომენტარებში წერდა, რომ ბავშვთან სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ, სკოლაშიც მათი რჩევით არ დადის, ხოლო თავად ერთადერთ გამოსავლად 18 წლის შემდეგ ევროპაში გამგზავრებას მიიჩნევს, რადგან ადგილობრივი სოციუმი მას ვერ მიიღებს.

რამდენად სწორია სოციალური აგენტის მიდგომა, რა რეაგირება მოახდინა სოციალურმა სამსახურმა, გასცემს თუ არა პასუხს სკოლა, ამას მას შემდეგ გავიგებთ, რაც სოციალური მომსახურების სააგენტო ჩვენს მიერ ოფიციალურად გაგზავნილ წერილს უპასუხებს, იქამდე კი „მშობელი“ ფსიქოლოგ დარეჯან თოლორდავას ესაუბრა, რომელიც გვეტყვის რამდენად სწორია დედის განწყობა, რა ზიანი შიაძლება განიცადოს მოზარდმა გარიყვით და ზოგადად რა სირთულეებს აწყდებიან განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები საქართველოში.

„საქართველოს ისტორიულად ტრადიციულმა საზოგადოებამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით გრძელი გზა გაიარა. პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველო  ევროკავშირის  წევრი  ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, ერთადერთია, რომელიც პირდაპირ კრძალავს ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციას კანონმდებლობით, თუმცა რელიგიური ინსტიტუციიდან ის  მართლმადიდებლური  ღირებულებებიდან დიდ გადახვევად ითვლება. ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანს და ინტერსექსი (ლგბტი) ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებულ, ნაკლებად ხილვად და დისკრიმინირებულ ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოში.

ქვეყანაში არსებული სტიგმის გამო ლგბტ მოზარდებს საკმაოდ დიდი სირთულეები აქვთ ოჯახში, თანატოლებთან და საზოგადოებასთან. სამწუხაროდ, ხშირად ხდებიან სამივე რგოლში უარყოფის, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, რადგან ლგბტ იდენტობის გამჟღავნება (ქამინგ აუთის პროცესი) ანგრევს საზოგადოდ არსებულ წარმოდგენებს სოციალური სამყაროს შესახებ, გამჟღავნება (განსაკუთრებით ინსტიტუციურ გარემოში) ორმხრივად რთულია. ოჯახის წევრები თითქმის არასდროს იჩენენ მიმღებლობას მათი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიმართ. მშობლებთან, ოჯახის წევრებთან ე.წ. ქამინგ აუთის დროს, ჩაცმულობასთან ან სექსუალურ ორიენტაციის შესახებ ძალიან  ხშირია  ბულინგის, ფიზიკური ზიანის მიყენების და სახლიდან გამოგდების ფაქტები. რის შედეგად ტრანსგენდერები ხშირად რჩებიან ქუჩაში.

ქამინგ აუთის პროცესი სტრესული, ნეგატიური აფექტით დატვირთული და მასტიგმატიზირებელია მშობლებისთვისაც. თავის მხრივ  პროცესი, რომლებსაც გადიან მშობლები ასეთია: პირველადი შოკი, რომელიც გრძელდება რამდენიმე თვე, დანაშაულის განცდა, რა შეცდომა დაუშვა აღზრდის დროს, ფაქტის უარყოფა, გლოვა.

ლგბტი ადამიანთა დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე განსაკუთრებით ხშირია შრომით ურთიერთობებსა და მომსახურების სფეროში. ასევე დასაქმების პრობლემები, სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა და ფიზიკური ძალადობა, ქვეყანაში არსებული ტრანსფობიური ფემიციდი.  მსხვერპლს შესაძლოა მიადგეს უფრო დიდი ფსიქოლოგიური ზიანი და გაუმძაფრდეს მოწყვლადობის შეგრძნება, რადგან არ შეუძლია შეცვალოს მისი ის მახასიათებელი, რამაც ის მსხვერპლად აქცია. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს მსხვერპლზე აქვს მნიშვნელოვნად უარესი ფსიქოლოგიური გავლენა, როგორიცაა დეპრესიული შეგრძნებები, მაღალი შფოთვა და სუიციდის რისკი.

მშობელი ვალდებულია სტიგმატიზირებულ საზოგადოებაში  გრძელი გზა გაიაროს შვილთან ერთად, რომ ის მარტო არ იყოს ამ სირთულეში, ხელი შეუწყოს ინტეგრაციაში, მხარი დაუჭიროს უპირობო სიყვარულით (რომ მშობელს ყველაფრის მიუხედავად უნდა უყვარდეს საკუთარი შვილი) და განუყოფლობით (რომ მათი შვილი იგივე ადამიანია,რომელსაც ისინი გამჟღავნებამდე იცნობდნენ და უყვარდათ).  

არასამთავრობო ორგანიზაცია, „მშობლები განათლებისთვის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებლი თაია მახარაშვილი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ბავშვი სავალდებულო განათლების გარეშე დარჩეს.

„დედა ბუნებრივია შვილს იცავს. ის თვლის, რომ ეს არაა დროებითი და რა თქმა უნდა, არ სურს, რომ მას ყოველდღიურად ფიზიკურად შეეხონ. თუმცა, მშობელი ვერ შეუზღუდავს შვილს განათლების მიღების კონსტიტუციურ უფლებას. არ შეიძლება, რომ ბავშვი სავალდებულო განათლების გარეშე დარჩეს. მშობელი ვალდებულია, რომ ხელი შეუწყოს შვილს განათლების მიღებაში, სკოლა კი ვალდებულია, გაითვალისწინოს რიგი გარემოებები და ბავშვის უსაფრთხოება უზრუნველყოს. საინტერესოა, დედა თუ უცდია ამ საკითხის სკოლის კედლებში მოგვარება, როგორია სკოლის პოზიცია. ამ მონათხრობში ეს ყველაფერი ბუნდოვანია“, - განუცხადა „მშობელს“ თაია მახარაშვილმა.

მიუხედავად ბევრი პრობლემისა, საქართველოში არიან ისეთებიც, ვინც ყოველგვარ ზეწოლას გაუძლო. ლიზი (გიორგი) ქისტაური ერთ-ერთი იმათგანია, ვის ეს გზა გაიარა. როგორც ის „მშობელთან“ საუბარში ყვება, მის ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, ყველაზე დიდი როლი დედამ ითამაშა. 

„ჩემს შემთხვევაში ყველაფერი თავიდანვე ისე იყო როგორც ახლა (უბრალოდ ნაწილობრივ), ყოველთვის მიჭირდა საკუთარი თავის ისე წარმოჩენა, როგორიც ვიყავი. როცა მივედი იმ ასაკამდე, რომ შემეძლო საკუთარი ცხოვრება თვითონვე მეკონტროლებია, ის ნაბიჯიც გადავდგი, რათა თავი სრულფასოვნად მეგრძნო. ბევრი სირთულე გადამხდა ამ ნაბიჯის გადადგის დროს და ეს არ ყოფილა ერთი ან სამი, ეს იყო ძალიან ბევრი სირთულე, მაგრამ რომ არა დედაჩემი, მე დღეს ისევ სადღაც სიბნელეში ვიქნებოდი. ამით იმის თქმა მინდა, რომ იმ ადამიანებს და შვილებს, რომლებიც დაიბადნენ შეცდომით იმ სქესის სხეულში, რომელიც ფსიქოლოგიურ სქესს და ხედვას არ ემთხვევა, პირველ რიგში სჭირდებათ მშობლების გვერდში დგომა, თუ მშობელი გვერდში გიდგას და გეხმარება საკუთარი თავის ისე დამკდრებაში, როგორც შენ გრძნობ თავს კომფორტულად, მაშინ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ეს არც დაავადებაა და არც რაიმე ვირუსი, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რომელსაც ყველა მხრიდან სწორი მიდგომა უნდა“.

P.S. სოციალურმა აგენტმა გია მეჩიტაშვილმა, მას შემდეგ რაც „მშობელი“ დაუკავშირდა, პოსტიდან ჯერ მამის თაობაზე მიცემული რჩევა ამოიღო (მოვიდეს და აწი მაინც გაზარდოს კაცად), სოციალური სამსახურისთვის მიმართვის შემდეგ კი პოსტი საერთოდ წაშალა.

 

ირინე არდაშელია

ძალადობა