2019-02-05

„საზოგადოება მხოლოდ მსხვერპლს კიცხავს, იმას კი არ ფიქრობენ რისი გადატანა უწევთ მათ“

სოფიო ჯეთერიშვილი 18 წლის იყო, როცა სახლიდან წამოვიდა. მიზეზი მამის მხრიდან განხორციელებული, სისტემატიური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა იყო. დღეს 20 წლისაა და თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტში სტაჟიორად მუშაობს. რატომ მიიღო სახლიდან წამოსვლის გადაწყვეტილება, რა სირთულეები შეხვდა და რას ურჩევს სხვებს - „მშობელი“ სოფიოს ესაუბრა.

„18 წლის ვიყავი სახლიდან, რომ წამოვედი. მანამდეც მქონდა რამდენჯერმე მცდელობა, მაგრამ ყოველთვის უკან მაბრუნებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ იმ სახლში გავიზარდე, არასდროს მომწონდა ის გარემო. ყოველთვის მინდოდა თავისუფლება და სიმშვიდე. ზამთარი იყო როცა საბოლოოდ წამოვედი, თანაც ოთახის ჩუსტებით და ლურჯი ხალათით. წამოვედი და ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. საკუთარი თავის რწმენა არასდროს დამიკარგავს. ვიცოდი რომ სირთულეები და სიძნელეები შემხვდებოდა, მაგრამ ამის არადროს შემშინებია, პირიქით. გამოწვევად ვიღებდი და ამით უფრო მეტად ვძლიერდებოდი.

ორი წელი გავიდა და დღესაც ვაწყდები პრობლემებს ამ ამბავთან დაკავშირებით, მაგრამ არასდროს მინანია გადაწყვეტილება. ახლა მე დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ადამიანი ვარ.

ჩემი გადაწყვეტილება პირველ რიგში დედაჩემს ეხმიანებოდა, მინდოდა მაგალითი მიმეცა მისთვის. მიმდოდა მეჩვენებინა, რომ შეიძლება იყო ძლიერი და დამოუკიდებელი.

საქართველოში უამრავი ქალი და ბავშვია ძალადობოს მსხვერპლი, მინდა მათ მივმართო და ვუთხრა, რომ მოიკრიბონ ძალა, გამბედაობა და თავი დააღწიონ იმ საშინელებას, რასაც ოჯახში ძალადობა ჰქვია.

მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, რომ ბავშვთა დაცვის ცხელი ხაზის ნომერი სადმე მენახა. ბოლო პერიოდში სახელწიფოს მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირევით უკეთესობისკენ შეიცვალა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. სოფლად მცხოვრებ ადამიანებს აქვთ ინფორმაციის ნაკლებობა ამ საკითხთან დაკავშორებით. მსხვერპლზე დიდ გავლენას ახდენს ის სოციუმი, სადაც უწევს ცხოვრება.

ჩემი თანაქალაქელები და ნაცნობები დღემდე თვლიან, რომ არასწორად მოვიქეცი, რომ მამაა და უნდა მეპატიებინა. ესენი ის ადამიანები არიან რომლებმაც იცოდნენ, რომ 6 წლის ბავშვს მამა ქუჩაში მათევინებდა და ამ ადამიანებმა 12 წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ მათი აზრი დამაინტერესებდა. უფრო მეტიც, გავითვალისწინებდი და მამაჩემს ბოდიშს მოვუხდიდი. ასე არ არის! ამით იმის თქმა მინდა, რომ ქალები, რომლებიც ჭორიკანა მეზობლების, შურიანი ნათესავების და სოფლის ბრბოს აზრი აინტერესებთ, ვერასდროს მოიპოვებენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ჩემთვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველაზე კარგი რამ იყო ცხოვრების ამ მოკლე პერიოდში. რადგან მშობლები დიდები არიან, რადგან ისინი მშობლები არიან, არ ნიშნავს, რომ შვილები მათ საკუთრებას წარმოადგენენ. შეიძლება ბევრმა გამკიცხოს და ჩემი ქმედება უმადურობად ჩათვალოს, მაგრამ სწორედ ეს არის ჩემი სიძლიერის მიზეზი, რომ თავისუფლად შემიძლია აზრის დაფიქსირება და ნაკლებად ვინტერესდები სხვისი შეხედულებებით. თქვენს იმავეს გისურვებთ. ასე ცხოვრება გაცილებით მარტივია.

სოფიო ჯეთერიშვილი-ს ფოტო.

ბევრი სირთულე შემხვდა, ბევრგან ვმუშაობდი. ერთ-ერთი პირველი თელავის კეთილმოწყობის სამსახური იყო - ქუჩას ვგვიდი.

ყველაზე დიდი სირთულიკი ჩემი ამბის ხმამაღლა მოყოლა აღმოჩნდა.

მახსოვს ერთ ერთ ლექციაზე ლექტორის და სტუდენტების თანდასწრებით მოვყევი ჩემი ამბავი და საშინელი დამოკიდებულება მივიღე მათი მხრიდან. ლექტორმა შენიშვნა მომცა რომ ოჯახის საქმეს სხვას არ უნდა ვუყვებოდა და ამით ოჯახს ვარცხვენდი. ეს არც ჩემს კურსელებს მოეწონათ, ისეთ გოგოებს, რომლებიც თანხმდებიან რომ გენდერული თანასწორობა ოჯახში მამაკაცის უპირატესობას ნიშნავს. მას მერე მათ გვერდით მერხზე აღარასდროს დავმჯდარვარ. ყოველთვის ცალკე და მარტო ვჯდები, ეს ჩემი პროტესტია მათ მიმართ!

მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ მე არ მეხება და მხოლოდ ჩემი პროვლემა არ არის. ეს ასეული ოჯახის პრობლემაა და თუ გვინდა რომ მოვაგვაროთ, ცოცხალი მაგალითები უნდა ვიყოთ, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ამბები ყველამ უნდა გაიგოს. სამწუხაროდ, მამაჩემი ისევ დაუსჯელია, თუმცა ვიმედოვნებ რომ ადრე თუ გვინდა ყველა დამნაშავე, ყველა მოძალადე საკადრისად დაისჯება და პასუხს აგებს საკუთარ ქმედებაზე.

საზოგადოება მხოლოდ მსხვერპლს კიცხავს, იმას კი არ ფიქრობენ რისი გადატანა უწევთ მათ, და არც იმის ეშინიათ რომ შეიძლება ერთ დღეს თავად აღმოჩნდნენ ჩვენს ადგილას.

ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფებს უარესად უმატებენ აგრესიას“.

 

მოამზადა ირინე არდაშელიამ

ძალადობა