2021-03-29

საქართველოს პროკურატურაში, ევროპის საბჭოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თემაზე სპეციალიზაცია ინერგება.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულების საქმეებზე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობას და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას მიმდინარე წლის 10 აპრილიდან, მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები და პროკურორები განახორციელებენ.

სასწავლო პროგრამის გახსნისას, მონაწილეებს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის პროგრამის ანალიტიკოსმა ირინა ჯაფარიძემ და ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის პოლიტიკის მრჩეველმა სარა ჰააპლაინენმა მიმართეს, რა დროსაც ხაზი გაესვა სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას და მულტიდისციპლინური მიდგომების აუცილებლობას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროცესი განგრძობადი იქნება და სწავლება მომავალშიც გაგრძელდება.

პროგრამა მიმდინარე წლის 29 მარტიდან დაიწყება და სწავლებას სამი ჯგუფი გაივლის, რის საფუძველზეც პროკურორებს და პროკურატურის გამომძიებლებს სქესობრივი დანაშაულის საკითხებზე სპეციალიზაცია მიენიჭებათ და სერტიფიკატები გადაეცემათ.

სასწავლო პროგრამა საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად, მოიცავს დაზარალებულთან/მსხვერპლთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. 4-დღიანი ინტენსიური სწავლების ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სქესობრივ დანაშაულებზე არსებული საერთაშორისო სტანდარტები და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, სქესობრივ დანაშაულთა განმარტება და სქესობრივი დანაშაულების ურთიერთგამიჯვნის საკითხები, გამოძიების პრობლემური საკითხები, მტკიცებულებათა მოპოვება და მტკიცებულებითი სტანდარტი, დაზარალებულად ცნობის და სისხლის სამართალწარმოების პროცესში დაზარალებულის უფლებების დაცვის სტანდარტები, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მექანიზმები, დაზარალებულზე ორიენტირებული მიდგომები სამართალწარმოების პროცესში. აგრეთვე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთან გასათვალისწინებელი გარემოებები და მიდგომები, სქესობრივ დანაშაულებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთის საკითხები, შშმ პირების მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების სპეციფიკა, სექსუალური ძალადობა და ტრავმა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან ურთიერთობის ფსიქოლოგიური თავისებურებები და ა.შ.

 

ძალადობა