2020-12-12

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართველმა სპორტსმენებმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამართულ ყოველწლიურ, 16-დღიან გლობალურ კამპანიაში (25 ნოემბერი - 10 დეკემბერი) მიიღეს მონაწილეობა და საზოგადოებას პრობლემის გადასაჭრელად მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს. კამპანიას შეუერთდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები.

ვაზისუბნის სარაგბო ბაზაზე, ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ, სადაც ერთმანეთს „თბილისის ჯვაროსნები“ და „რუსთავის ფოლადი“ დაუპირისპირდა, სპორტსმენებმა დაგმეს ოჯახში და გენდერული ნიშნით გამოხატული ძალადობა.

საკალათბურთო სუპერლიგის მატჩის - „თსუ“ - „ტიტები“ მონაწილეებმა მატჩის შემდგომ ერთობლივი ფოტო გადაიღეს, დაგმეს გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა, ამასთან ძალადობის მსხვერპლებს მოუწოდეს, რომ ძალადობის შემთხვევაში მიმართონ სახელმწიფოს - დარეკონ 112-ზე ან სპეციალურ ცხელ ხაზზე - 116 006. კამპანიაში სხვა მოთამაშეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა - ლუკა ზაქრაძემ, საბა ლობჯანიძემ, მაიკლ დიქსონმა და ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა, მანუჩარ მარკოიშვილმა.

კამპანიაში ჩაერთნენ ფეხბურთელებიც და საქართველოს ჩემპიონატის დასკვნით ტურში, „საბურთალოსა“ და „სამტრედიას“ შორის გამართული მატჩის დაწყებამდე ერთობლივად დაგმეს ძალადობა. სიმბოლურია, რომ პირველად საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მატჩს ქალთა სამსაჯო ბრიგადა მოემსახურა. 2020 წლის სეზონის ბოლო ტურის მატჩის მთავარი არბიტრი ხათუნა მაისურაძე გახლდათ, მას ასისტენტობა გაუწიეს ქეთევან გაიპარაშვილმა და სოფო რიჟამაძემ, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქცია ვიკა სახურიამ შეასრულა.

10 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო ვაჟ ხელბურთელთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, რომლის ყველა მონაწილე ასევე შეურთდა გლობალურ კამპანიას და დაგმო გენდერული ნიშნით ძალადობა.

სპეციალურად კამპანიისთვის, საქართველოს ჩერლიდინგის ფედერაციამ ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც სპორტსმენები და ფედერაციის წარმომადგენლები საზოგადოებას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

მსოფლიო მასშტაბის კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 1991 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მგრძნობელობის გაზრდას. ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.

სპორტი თავისი სოციალური ბუნებიდან გამომდინარე, გმობს და ეწინააღმდეგება ყოველგვარ ჩაგვრასა და ძალადობას, რასაც ქართველი სპორტსმენები ყოველწლიურად ადასტურებენ კამპანიაში ჩართულობით.

ძალადობა