29 წლის მარტოხელა დედას, სალომე ჭითანავას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
მას კანის ავთვისებიანი სიმსივნე, მელანომა (მესამე სტადია) დაუდგინდა, მკურნალობას კი საწყის ეტაპზე 40 000 ლარი ესაჭიროება.
საქველმოქმედო აქციას „სალომესთვის“ მისი უახლოესი მეგობრები უწევენ ორგანიზებას. სწორედ ამ მოტივით სოციალურ ქსელში შესაბამისი ჯგუფები და გვერდები შეიქმნა.
დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა ორ მოქმედ ანგარიშზე ჩარიცხოთ.
თიბისი ბანკი: TBCBGE22 - GE77TB7395945061100072;
საქართველოს ბანკი: BAGAGE22 - GE84BG0000000100591596;
„მშობელი“ სალომეს ესაუბრა, რომელიც თავად მოგვიყვება როგორ აღმოაჩინა დაავადება.
„2015 წელს მკლავზე აღმოვაჩინე ხალი, რომელიც ვიზუალურად არ მომეწონა, გამიღიზიანდა. მეორე დღესვე ონკოლოგთან მივედი და ამბულატორიულად ამომიკვეთეს. მორფოლოგიამ მომცა პასუხი რომ იყო პაპილომა, შესაბამისად, პირველად კერა არ ვიცით საიდან წამოვიდა, თუმცა მე მხოლოდ ამ ხალს ვუკავშირებ. ამ ფაქტის გასვლიდან წელიწადნახევარში აღმოვაჩინე რომ იღლიაში ძალიან მცირე ზომის კვანძი მაქვს. წამოვედი თბილისში, გავიკეთე ბიოპსია და ხუთ დღეში პასუხის გამოსატანად მივედი. ეწერა რომ გავს მელანომას. ეს ტერმინიც არ ვიცოდი რას ნიშნავდა. ინტერნეტში ჩავწეერ და რა თქმა უნდა მაშინვე ამომიგდო... გავშრი, გავიყინე, იმ წუთში წარმოვიდგინე რომ ცხოვრება დამთავრდა და რა ეშველებათ ბავშვებს. მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა. მაშინვე დამეხვივნენ ჩემი მეგობრები და მივმართეთ რამდენიმე ექიმს, მე არაფერში მიმიღია მონაწილეობა ისე ზომბივით ვიყავი კარგა ხანს, დიაგნოზის დასადასტურებლად მორფოლოგიური კვლევა იყო საჭირო. ამიტომ გამიკეთდა ოპერაცია. ყველა ლიმფური ამომიკვეთეს. ლიმფოდისექციის მერე მალევე თურქეთში გავიკეთე პეტ სიტი კვლევა. გახარებული ჩამოვედი, რადგან დაავადება არსად იყო. ამის შემდეგ დინამიკურ კონტროლზე ვიყავი. ყოველ მესამე თვეს ტომოგრაფიებით. ორი კვირის წინ შევამჩნიე მეორე მხარეს ასევე ძალიან მცირე ზომის კვანძი. რადგან უკვე მქონდა გამოცდილება, მალე მივმართე ექიმს. ბიოპსიამ კვლავ მელანომა აჩვენა. თურქეთში გავიკეთე პეტ კვლევა და ახალი კერა აღმოჩნდა ფილტვზე და თირკმელზე, ასევე ნაოპერაცევშიც. იქაც მითხრეს რომ უნდა ვიმკურნალო და არა ოპერაცია. ნია შარიქაძემ დამინიშნა მედიკამენტი და პირველად ფასი რომ მიხსენა მეორე შოკი მანდ მივიღე. ჩავთვალე რომ მე ამ პრეპარატს ვერ შევიძენდი (თვეში 17000 ლარამდე ჯდება და ექიმმა მითხრა ერთი წელი გვინდაო), ამიტომ დაავადების გარდა უკვე ცალკე საზრუნავი გამიჩნდა - თანხების მოძიება წამლის შესაძენად, დასაკარგი დრო კი არაა.
ნია შარიქაძემ მალევე გამოსავალზე დამიწყო საუბარი და შეუძლებელი შეძლო, რაღაც ნაწილი მისი დახმარებით მოვაგვარეთ, ახლა კი ჩემი მეგობრები და თანამშრომლები ჩაერთნენ, წამოიწყეს ეს კამპანია, ძალიან ნერვიულობდნენ მე როგორ მივიღებდი ამ ყველაფერს, არაა სასიხარულო ამდენი ადამიანის შეწუხება, მაგრამ მე ვიცი, რომ ვისაც დახმარება უნდა და საქმე თანხებშია, ის არ წუხდება, ადამიანს ყველა ჩვენთაგანს აქვს მორალური მოთხოვნილება აკეთოს სიკეთე უანგაროდ. მე რასაც ვხედავ არასასიამოვნო კი არა ძალიანაც სასიამოვნოა, აი ენით აუღწერელი გრძნობა, როცა ამდენი ათეული თუ ასეული ათასი ადამიანი სრულიად უცნობი თუნდაც თბილ სიტყვებს, ლოცვას, გამხნევებას არ იშურებს. მანამდე ვიწროდ მხოლოდ უახლოეს გარემოცვაში გადავლახეთ ეს სირთულე. ახლა კი საერთოდ შიშის გრძნობა არ მაქვს, დეკანოზ ანდრიასთან საუბრის მერე განსაკუთრებით. ჩამახედა საკუთარ თავში და ვიცი რომ ეს განსაცდელი წავა იმისთვის, რომ მე უფრო მეტად ღმერთს დავუახლოვდე. ტყუილად არაფერი ხდება, ნია და ანანოს აუცილებლად ვეყოლები მანამ, სანამ მათ ვჭირდები. უფლის და კეთილი ადამიანების წყალობით. ამდენი ადამიანის ლოცვა მომყვება, მადლობა არ ვიცი რამდენად საკმარისი სიტყვაა ამ გრძნობის გამოსახატავად, რასაც ყველას, ნაცნობის თუ უცნობის მიმართ ვგრძნობ“.
სალო ორი მცირეწლოვანი შვილის მარტოხელა დედაა, მოგმართავთ თხოვნით, დავეხმაროთ მას, რათა კიდევ დიდხანს გაუწიოს მათ დედობა.