2020-02-13

ბავშვის დაბადებასთან ერთად, ახალბედა დედებს უამრავი კითხვა უჩნდებათ იმ ნივთებზე, რომელიც ბავშვის მოვლისთვის აუცილებელია. ერთ-ერთი აქტუალური საკითხია საფენები.

ამ კუთხით, არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი და ნათესავების რჩევით, პირველი შვილი ე.წ. პამპერსის პამპერსით გავზარდე. სრულიად გამოუცდელს, მაშინ არც მიფიქრია არჩევანი ფასის მიხედვით გამეკეთებინა, თუმცა მეორე შვილზე უკვე აღმოვაჩნე, რომ საერთოდ არ არის აუცილებელი საფენებში ძვირის გადახდა. არც ის მითი გამართლდა, რასაც პირველად ჩააცმევ, იგივეთი უნდა გაზარდოო. როგორც ამბობენ, სწორედ ამ მითს უკავშირდება სამშობიაროებში ძირადღირებული საფენების ჩუქების ტრადიციაც.

თბილისის პირველ სამშობიაროში გავაჩინე შვილები, საჩუქრად კი ლიბეროს ფირმის საფენები გადმოგვეცა, რაც მოგეხსენებათ, არც ისე იაფი ფუფუნებაა. მითებით შეშინებულმა, შიშით შევცვალე საფენი, თუმცა მითი არ გამართლდა. დღეს კი უკვე ვიცი, რომ მთავარი ფასი არ არის. თუ საფენიდან არ ჟონავს, არ აქვს ბავშვისთვის შემაწუხებელი სისქე, სპეციფიური სუნი და თქვენი შვილის კანი არ არის პრეტენზიული, შეგიძლიათ ნებისმიერი ღირებულების პამპერსი სცადოთ. აუცილებლად სწორად შეარჩიეთ ზომა.

გამომდინარე იქედან, რომ ამ კითხვას ახალბედა დედები საკმაოდ ხშირად სვამენ, გადავწყვიტეთ ერთგვარი გამოკითხვა ჩაგვეტარებია. მშობელი“ გთავაზობთ იმ დედების რეკომენდაციებს, რომლებმაც უკვე გამოსცადეს, ესა თუ ის საფენი.

გამოკითხვა დედათა რამდენიმე ჯგუფში ჩავატარეთ კითხვებით, რომელი საფენი გადმოგეცათ სამშობიაროში და რომელს იყენებთ ყველაზე კარგად. ხმათა უმრავლესობა „ჰაგისის“ საფენებმა მიიღო. მეორე ადგილს „პამპერსის“ ფირმის საფენები იკავებს, მესამეზე გავიდა „ქანბებე“, მეოთხეზეა „როიალ კომფორტი“, მეხუთე ადგილზე კი გავიდა „პილო“.

ასე გამოიყურება რჩეული ხუთეული, დანარჩენ ადგილებზე კი შემდეგი ფირმები გადანაწილდნენ: „მერისი“, „მოლფიქსი“, „კომილი“, „პრიმა“, „სლიპი“, „პადლერსი“, „ლიბერო“, „ტენერა“, „ბიბესტი“.

რაც შეეხება სამშობიარო სახლების მიერ გადმოცემულ საფენებს, პასუხებიდან ირკვევა, რომ „იმედის კლინიკა“, „გაგუას კლინიკა“, და „ჩაჩავას კლინიკა“, ახალბედა დედიკოებს „ჰაგისის“ ფირმის საფენებით ასაჩუქრებს. გამოკითხვაში მოხვდა ბათუმის სამშობიარო სახლი „ბაუ“, რომელიც როგორც ირკვევა, პამპერსის და ქანბებეს ფირმებთან თანამშრომლობს. საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა პასუხი „არაფერი უჩუქებიათ“, რომელიც „დავარაშვილის კლინიკაში“, „ჰერასა“ და „ბაიებში“ ნამშობიარებმა დედებმა დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში ხმათა საკმაოდ დაბალი რაოდენობა მიიღო შედარებით დაბალფასიანმა ფირმებმა.

რეკომენდაციისთვის: გაითვალისწინეთ, რომ საფენების შეძენა სასურველია აქციების დროს, ამ დროს ფასი სტანდარტულზე გაცილებით დაბალია.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ აირჩიეს კონკრეტული ფირმა და რომელმა არ გაამართლა, მშობლების ახსნა-განმარტებებს უცვლელად გთავაზობთ.

მზიკო გიგოლაშვილი: „პამპერსის“ საფენებს ვიყენებ. არასდროს ჰქონიათ ალერგია. სხვა იაფფასიანები ქანბებე და ა.შ უწითლებდა კანს. ჰაგისიც კარგია, მაგრამ სქელია. ყველაზე კარგი ჩემი განოცდილებით არის „პამპერსი აქტივ ბეიბი“, აი რასაც ,,პამპერსის პამპერსს" ეძახიან აფთიაქებში.

თეო ფირცხალავა: „მერისი“ არის საუკეთესო რაც ჩვენთან შემოდის, აღარ იყო და ისევ შემოიტანა ეხლა პსპ-მ, შემდეგი „პამპერსის პრემიუმი“, თხელია ესეც და ხარისხიანი. ყურადღება მიაქციეთ რუსული წარმოების არ იყოს. „ჰაგისები“ ძირითადად რუსული შემოდის და ძალიან უხარისხო და სქელია.

თამარა პაპინაშვილი: „ჰაგისი“ უპირობოდ კარგია ჩვენს შემთხვევაში, ელიტ სოფტი არის ძალიან კარგი სერია, ურბილესი შიდა ფენით, ხავერდივითაა. სამწუხაროდ, ძალიან ძვირია და ფასის გამო უარის თქმა მომიწია. ყველა საფენი ვიხმარე ამ ერთი წლის განმავლობაში და ჰაგისი ულტრა კომფორტი გოგო/ბიჭი, შეწოვით, რეზინითა და გამძლეობით საუკეთესოა.

მანჩო ხოხაშვილი: ჰაგისის ულტრა კომფორტი, ბიჭის. სულ 4 პამპერსი ვიხმარე: ჰაგისის ელიტ სოფტი, კლასიკი, ულტრა კომფორტი და ქანბებე. არცერთხელ არ ჰქონია ალერგია. შევჯერდი ულტრაზე, რადგან ფასით და ხარისხით ყველაზე მეტად მომწონს. კლასიკს საშინელი სუნი ჰქონდა, ქანბებე ჟონავდა.

თამუნა სიმონიშვილი: პამპერსის active baby dry იყო ჩემი აღმოჩენა, მე-4-მე-5 ცდაზე. მშრალი იღვიძებდა დილით ბავშვი, სხვა საფენები ვერ უძლებდა მთელ ღამეს და ჟონავდა.

ტატა გიორგიძე: მესამე ცდაზე აღმოვაჩინე როიალ კომფორტი, ძალიან მომწონს, სუფთად, მშრალად და ვიზუალურად ფორმის დაკარგვით უძლებს ღამეც კი.

ნინუცა მამფორია: Royal Comfort. განსაკუთრებით ბუნებრივი კვების დროს მომეწონა, ვერც ჰაგისი (მიუხედავად რეზინისა) და ვერც პამპერსი ვერ იცავდა გამოჟონვისგან. დღესაც (1.2 თვის არის, ბუნებრივზე და პლიუს წყალსაც მიირთმევს), 12 საათის შემდეგაც კი არ ჟონავს. ყოველთვის მშრალია ბავშვი და არ იწვევს ჩაწვას.

ეთო ხურციძე: პამპერსის პამპერსი და პილო. ორივე კარგია. პილო განსაკუთრებით მათთვის ვის ბაიასაც მგრძნობიარე კანი აქვს. ორივე შემთხვევაში მშრალია ბავშვი და არ ჟონავს, რაც მთავარია ყოველ ერთ საათში არაა გამოსაცვლელი (დასველების შემდეგ პამპერსის შიგთავსი არ ზიანდება, არ იწელება და არ იშლება). ბევრი ბიუჯეტური პამერსი ვცადე თავიდან, მაგრამ აზრი არ აქვს, ყოველ საათში და ერთ ჩასველებაში საჭიროებდა გამოცვლას, რადგან პამპერსის შიგითავსი ზიანდებოდა.

შორენა ხორბალაძე: ჰაგის ულტრა კომფორტი მომწონს ყველაზე მეტად. ჩვენ პრობლემა გვქონდა, ბევრ წყალს სვამდა ბავშვი და დღე-ღამეში 10-12 პამპერსი გვჭრდებოდა. ჰაგისმა ამ  დატვირთვასაც კი იდეალურად გაუძლო.  თითქმის ყველა პამპერსი გვაქვს გამოყენებული.

ამირან ურუშაძე: ზოგადად პამპერსი ცოტა ინდივიდუალური თემაა, რადგან შესაძლოა, რომელიმე ბრენდი ერთი ბავშვისთვის საუკეთესო აღმოჩნდეს, მეორეს კი ალერგია მისცეს. პირად გამოცდილებას რაც შეეხება, თითქმის ყველა ბრენდი ვცადეთ და ჩვენს პატარებს ყველაზე მეტად ქანბებე და პადლერსი მოუხდათ. ამ ორს შორის კი პადლერსს ვანიჭებდით უპირატესობას, რადგან ბევრად იაფი და ეკონომიური იყო. პ.ს. ამჟამად შესაძლოა შეცვლილი იყოს სიტუაცია ბაზარზე, რადგან ეს ხდებოდა სადღაც 2 წლის წინ.

ხატია ჭელიშვილი: ვცადე ქანბებე, ჰაგისი ყველანაირი, მოლფიქსი (თითო-თითო, მხოლოდ ცდისთვის) ჰაგისზე საზიზღრობა ყველაზე იაფიანიც კი არ იყო. დავანებე ცდებს თავი, პამპერსის პამპერსს ვყიდულობ, პრემიუმს. წლის და ორი თვისაა და არ შემიცვლია.

ნინი ხელაია: თითქმის ყველა პამპერსი მაქვს ნაცადი. 3 თვემდე ლიბეროს ვხმარობდით. ჩემთვის ნომერ 1 საფენია. ახლა კი წლის ხდება და პილოო არის ჩემი ფავორიტი.

თამარ ფარცხალაძე: ლიბეროს ვხმარობდი 5 თვე, მერე გადავედით ჰაგისზე. ოროვეთი კმაყოფილი ვარ, თუ ცუდად შეუკრავ ან პატარას ჩააცმევ ნებისმიერმა შეიძლება გაჟონოს. სხვა არ მიცდია.

კატერინა მაისურაძე: ყველა საფენი ვცადე, რაც კი არსებობს, ძვირადღირებულიც და ეკონომიურის, შევჩერდით ჰაგისზე. ჰაგის ელით სოფტით დავიწყეთ და ახლა გადავედით ულტრა კომფორტზე. ყოველთვის მშრალია ჩემი შვილი. 5 თვის ვართ და ერთხელ არ ჰქონია გამომწვარი, სხვა პამპერსები ყველა უწითლებდა და კანი ყოველთვის სველი ჰქონდა.

თაკო არჯევანიძე: ჰაგისს 1 თვე ვყიდულობდი ორივე ბავშვზე. შემდეგ რა არ ვცადე, მაგრამ საბოლოოდ canbebe-ზე შევჩედრდი. ყველაზე მეტად ეგ მომეწონა.

ჩოქური ნასტასია: ჰაგის ელიტ სოფტის ვაუჩერი აჩუქეს და აღარც შემიცვლია, დღემდე ორივეს იგივეს ვაცმევს. პამპერსი, პილო, როიალ კომფორტი... ყველა ვცადეთ უშედეგოდ. მხოლოდ ელიტ სოფტს აქვს ასეთი ბამბის ზედაპირი რომელიც არ წვავს.

 

სპეცილურად „მშობელისთვის“, ირინე არდაშელია

 

 

 

 

რჩევები