2019-05-17

 

ახალფეხადგმულ პატარას ყველა მშობელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, თუმცა ბოლომდე არავინაა დაზღვეული ბავშვის წაქცევისგან, რომელსაც შესაძლოა, რაიმე სახის ტრავმა მოყვეს.

რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მშობელი თუ ბავშვმა ტრავმის შედეგად სახის დაზიანება მიიღო, როგორ უნდა აღმოვუჩინოთ მას პირველადი დახმარება, რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ერთი შეხედვით უვნებელ დაზიანებას, ამ და სხვა საკითხებზე, “მშობელი“ ყბა-სახის ქირურგს, ნიკა ქათამაძეს ესაუბრა.

- ბატონო ნიკა, რამდენად ხშირად მოყავთ ახალფეხადგმული ბავშვები სახის სხვადსხვა ტრავმით?

- როგორი ყურადღებითაც არ უნდა იყოს მშობელი ბავშვის მიმართ, ბავშვებში სხვადსასხვა სახის ტრავმები მაინც ხდება და აქედან ყველაზე ხშირი შემთვევა, სახის არეშია. ცალ-ცალკე შეგვიძლია გამოვყოთ: თავის არე, წარბის, ლოყის, ცხვირის და ტუჩის დაზიანებები.  ტრავმის დროს შეიძლება მოხდეს კბილის ამოვარდნაც.

როცა ტრავმა სახის არეში ხდება, მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სისხლდენა შედარებით დიდი რაოდენობით ხდება და ამან არ უნდა დააბნიოს. პირველ რიგში, საჭიროა სუფთა წყლით პირის ჩამობანვა და შემდგომ ცივი კომპრესის დადება, რაც ხელს შეუწყობს სისხლდენის შეჩერებას და აგვაცილებს ჭრილობის ძლიერ შეშუპებას. მართალია, შეშუპებას მთლიანად თავიდან ვერ ავიცილებთ, მაგრამ დროული მოქმედებით მას საგრძნობლად შევამცირებთ. ეს საშუალებას მოგვცემს დავინახოთ, როგორია ჭრილობა ვიზუალუად. თუ  ჭრილობა ღრმაა და ფართო, რაც ადვილი შესამჩნევია, აუცილებელია მივმართოთ ქირურგს, რათა ჭრილობა ჯეროვნად დამუშავდეს ქიმიურადან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გაიკეროს.

რაც შეეხება თვალის არეში ტრავმას, ასეთ დროს ხდება უეცარი შეშუპება. ვიზუალური მონაცემით მშობელი ვერ ახდენს ტრავმის ზუსტ შეფასებას, ამიტომ დაუყონებლივ უნდა მიმართოს სპეციალისტს. ბავშვს ჩაუტარდება რენდგელოგიური კვლევა და საჭიროების მიხედვით იმოქმედებს ექიმი. სახის სხვა ზონების დაზიანების დროსაც, პირველ რიგში უნდა გამოვიყენოთ ცივი კომპრესები და თავის დაზღვევის მიზნით, რაოდენ მსუბუქიც არ უნდა იყოს დაზიანება, უმჯობესია მივმართოთ სპეციალისტს.

- ახალფეხადგმულობის ასაკში რამდენად საშიშია ცხვირის ხშირი დარტყმა?

- იმის გამო, რომ მცირე ასაკში ძვლოვანი ქსოვილი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, იგი ხტილოვანია და პლასტიკური. შესაბამისად, შვიდ წლამდე ასაკში იშვიათად ხდება ცხვირის ძვლების მოტეხილობა. ხოლო შვიდი წლის მერე ძვლოვანი ქსოვილი მაგრდება და მაშინ უკვე ტრავმის შედეგად, სახის ძვლების მოტეხილობა გვაქვს სახეზე.

მცირე ასაკში ტრავმის დროს ჭრილობის არასწორმა შეხორცება, მომავალში ბევრი რამ შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, პირველი ტრავმის შედეგად თუ გამოგვრჩა და მოხდა ჭრილობის არასწორი შეხორცება, შესაძლებელია, კონკრეტული ტრამვირებული სახის ზონა, დანარჩენ სახის ზონას ჩამოყალიბებაში ჩამორჩეს.

მქონია შემთხვევა, მოზარდის სუნთქვის გაძნელების გამო მოუმართავთ და კვლევის შედეგად დადგენილა, რომ მიზეზი მოზარდობის ასაკამდე მიღებული ტრამვის არასწორი შეხორცება გახლდათ. ცხვირის მარჯვენა და მარცხენა ნახევარს გამოყოფს ძგიდის სტრუქტურა, ეს ძგიდე არის ხრტილოვან-ძვლოვანი. ტრავმის დროს ძგიდე მრუდდება, თავის დროზე უყურადღებოდ დატოვების გამო კი, შემდეგში ქმნის პრობლემას.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ტრავმის დროს კბილი ამოვარდა?

- თუ  ეს სარძევე კბილია, ის ნაკლებად წარმოადგენს პრობლემას, ხოლო თუ მუდმივი კბილის ამოვარდნა ხდება, აუცილებელია ამ კბილის მოვლა-შენახვა და უმოკლეს დროში ექიმთან მიტანა. მოგეხსენებათ, ზოგადად კბილი სხვა ქსოვილებთან შედარებით ძალიან მალე შრება, კარგავს სითხეს, ამიტომ ექიმთან მიტანამდე, საჭიროა მისი მარილიან წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში მოთავსება. ექიმთან მიტანა იმავე დღეს უნდა მოხდეს, რათა მოხდეს კბილის რეიმპლანტაცია. უმეტეს შემთხვევაში, შეიძლება კბილი გაშავდეს, კოსმეტიკური დეფექტი თავისთავად ცოტა არასასურველია, მაგრამ მისი უკან დაბრუნება ბავშვს ძვლის ატროფიისგან დაიცავს, რაც კბილის უკან უბრუნებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.

- ბევრი მშობელი მცირე ასაკში საკერავი ძაფის საშუალებით თავად უღებს უკვე მორყეულ კბილს. შეიძლება თუ არა ძაფით კბილის ამოღება?

- ნამდვილად არ გირჩევდით. შეიძლება ათი შემთხვევიდან ცხრამ კარგად ჩაიაროს, მაგრამ ერთმა შემთხვევამ მიაყენოს ბავშვს დიდი ტრავმა. შეიძლება გაგვიმართლოს და ფესვი მთლიანად გაიწოვოს, მაგრამ თუ ფესვი არ იქნა გაწოვილი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება რბილი ქსოვილის დაზიანება გამოვიწვიოთ. გარდა ამისა, ძაფმა  ასევე შეიძლება შეიტანოს ინფექცია და ინფექციის კერა გააჩინოს.

 

ირმა მირზაშვილი

 

რჩევები