2018-10-19

ბოლო წლებისგანმავლობაში, საქართველოში საკეისრო კვეთის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.  ამის გამო, 2017 წლის მარტში კლინიკებისთვის სანქციებიც ამოქმედდა. შეიცვალა ჩვენებებიც. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი კი იმან გამოიწვია, რომ პირველი  საკეისრო კვეთა უკვე აღარ ითვლება მეორეს ჩვენებად.

დედების უმეტესობას ეშინია საკეისროს შემდეგ ბუნებრივად მშობიარობის, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევენ.

"მშობელი" გაგაცნობთ ქეთევან ტაბატაძეს, რომელსაც 8 შვილი ჰყავს, აქედან პირველი საკეისრო კვეთით გააჩინა, დანარჩენი შვიდი კი ბუნებრივი მშობიარობით.

"პირველ ბავშვზე საკეისრო კვეთა დაგეგმილი არ ყოფილა, მოულოდნელად გადაწყდა. ფიზიოლოგიური მშობიარობა ხომ ღვთისგანაა და მეც მინდოდა მეგრძნო.პირველი შვილი თოჯინასავით რომ ,,მომართვეს" იმდენად ცუდი შეგრძნება იყო, რომ ძალიან მინდოდა მეორე შვილის ტირილი გამეგო, დამენახა და შემეგრძნო ყველაფერი. ტკივილებისთვისაც მზად ვიყავი და გადაწყვეტილი მქონდა გაუტკივარება არ გამეკეთებინა, ასეც მოვიქეცი. ვიცოდი და გაფრთხილებულიც ვიყავი ექიმისგან რომ ფიზიოლოგიურად კი არა, ზოგადად არ უნდა გამეჩინა 2 წლის განმავლობაში მაინც. აქ უკვე  ღმერთს მივენდე. კურთხევაც ავიღე მოძღვრისგან და ცხრა თვის განმავლობაში თითქმის ყოველ კვირა დღეს ვეზიარებოდი.  მუდმივად ვლოცულობდი და ვეძებდი ექიმს, ვინც ჩემთან ერთად რისკზე წავიდოდა. ასეთი ექიმი ჩემთვის პროფესორი დავით გაგუა აღმოჩნდა. ასე რომ მეორე შვილზე უკვე ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე წელიწადსა და რვა თვეში“, - გვიყვება ქეთევანი.

მისივე თქმით, შიშის ფაქტორი დიდად არ ჰქონია, რადგან უფლის სწამდა.

„მჯეროდა ღვთის და რწმენაზე ძლიერი კი ამქვეყნად არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ბევრი მეუბნებოდა არ გამერისკა, იმდენად მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, ვერავის სიტყვამ ვერ გაჭრა. რაც შეეხება საკეისროს და მშობიარობის შემდგომ პერიოდს, რა თქმა უნდა საკეისროს შემდგომი პერიოდი ბევრად ცუდად და მტკივნეულად მახსენდება, თუმცა მშობიარობის ტკივილებიც არანაკლებია, უბრლოდ შემდგომი პერიოდია ბევრად იოლი“, - აღნიშნავს ის.

ის ასევე გვიყვება, რომ გაგუას კლინიკის თანამშრომელს მის შესახებ გერმანიაშიც მოუყოლია და გადაუწყვეტიათ, სპეციალური მოხსენება მოემზადებიათ.

„გაგუას კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს უსაუბრია გერმანიაში ჩემზე და იქ აღნიშნეს, რომ მართალია საკეისრო კვეთის შემდგომ ქონიათ შემთხვევები ბუნებრივი მშობიარობის, მაგრამ ამდენი ბავშვის არა, ამიტომ აუცილებლად მოხსენება გააკეთეთო. დღეს ბატონი დავითი ჩემი მეექვსე შვილის ნათლიაა, დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის რაც ჩვენთვის გააკეთა“.

"მშობელი" დავით გაგუას დაუკავშირდა, რომელიც ქეთევანის გაცნობის დეტალებს იხსენებს და საკეისროს შემდგომა ბუნებრივი მშობიარობის შესაძლებლობაზე გვიყვება.

"საკეისროს შემდეგ ფიზიოლოგიური მშობიარობას გააჩნია გარკვეული ჩვენებები და რა თქმა უნდა უკუჩვენებები. პაციენტს ჰქონდა სურვილი ბუნებრივი მშობიარობის და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება ემშობიარა ფიზიოლოგიურად, შემდეგი 7 ორსულობაც ასე გაგრძელდა. ასეთი ბევრი შემთხვევა გვაქვს. გადატანილი საკეისრო არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგ ორსულობაზეც საკეისრო კვეთაა აუცილებელი. რიგ შემთხვევაში ისევ საკეისრო კვეთის ჩვენებაა, მაგრამ თუ თავდაპირველი ჩვენება აღმოფხვრილია, მაგალითად თუ ჩვენება პირველი ორსულობისას იყო არასწორი მდებარეობა და მეორეზე სწორი, ბუნებრივი გზით მშობიარობა შესაძლებელია. საკეისრო კვეთის შემდეგ ფიზიოლოგიური მშობიარობა მიეკუთვნება მაღალი რისკის მშობიარობას და მოითხოვს შესაბამის კრიტერიუმებს, პაციენტის სურვილს და ექიმის გამოცდილებას".

 

მოამზადა მარიამ სოხაძემ, სპეციალურად "მშობელისთვის"

დედებისთვის