2018-10-03

 

 

„არასდროს დაკარგოთ დედობის იმედი და თქვენი ოცნება აუცილებლად ახდება“

საქართველოში, ალბათ, ხშირად მოგისმენიათ ისტორია ჭარბწონიან უშვილო ქალებზე. ხშირად, მათ ექიმებიც არ აიმედებენ და დედობის იმედს უკარგავენ. „მშობელი“ დღეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ დედაზე მოგიყვებათ, რომელიც უმრავლესობის მსგავსაც დედობაზე ოცნებობდა.

თეო ხუჭუა - 33 წლისაა, ამჟამად 135 კილოგრამს იწონის და უკვე ორი შვილის დედაა.

როგორც თეო გვიყვება, პირველ ორსულობამდე 125 კილოგრამს იწონიდა და ექიმები მისგან წონის დაკლებას მოითხოვდნენ.

„ოჯახის შექმნიდან 3 წლის მანძილზე შვილი არ გვყავდა. ექიმთან მისვლის მეშინოდა, რადგან ჩემს ირგვლივ, მიუხედავად ათასგვარი მკურნალობისა, შვილი 8-9 წელი არ ჰყავდათ. როცა ექიმთან მისვლა გადავწყვიტე, ყველანაირი კვლევის შედეგი მაძლევდა საფუძველს რომ დავორსულდებოდი, თუმცა ექიმები მეუბნებიდნენ, რომ სანამ არ გავხდებოდი, შანსი არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ შვილი ძალიან მინდოდა, დიეტის დასაცავად ნებისყოფა არ მეყო და არც არსად მივსულვარ სამკურნალოდ. ჰორმონების ანალიზმა აჩვენა, რომ ჩემი წონა მხოლოდ კვების დამსახურება იყო. ასე ველოდი თათას, ის კი არ ჩანდა“.

„როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ნანატრ შვილზე უარის თქმას არ ვაპირებდი“

თეო „მშობელთან“ საუბარში იმ დღეს იხსენებს, როცა მის სხეულში თათას არსებობაზე შეიტყო.

„მეზობლის ძაღლმა სახეზე მიკბინა, რის გამოც შრატის გაკეთება დამჭირდა. ექიმმა მკითხა ფასიანი გინდა თუ უფასოო, თუ დაორსულებას გეგმავ, უფასო გაიკეთეო, მე უკვე იმედი აღარ მქონდა და უფასო გავიკეთე. ერთ დღეს კიბეზე ჩავდიოდი, მეზობლის ბიჭი შემხვდა და რომ გაიგო სახლის ძაღლის გამო შრატი გავიკეთე, მითხრა, რომ არ უნდა მექნა, რადგან უშვილობას და ათას საშინელებას იწვევს. ამის მოსმენა იყო და ზუსტად ერთ საათში შევიტყვე, რომ თათას ველოდებოდი. მიხაროდა და შიშისგან ვტიროდი. ვფიქრობდი, რომ შრატი ჩემს ნანატრ შვილს რამეს დაუშავებდა. ექიმების ნაწილი მამშვიდებდა, რომ არ იყოს საგანგაშო, უბრალოდ ჩვეულებრივ ორსულზე მეტი მეთვალყურეობა მჭირდებოდა, ზოგმა საერთოდ დამამშვიდა, ზოგმა კი რისკები ამიხსნა. რაც არ უნდა მომხდარიყო და როგორიც არ უნდა დაბადებულიყო, ნანატრ შვილზე უარის თქმას, არაფრის გამო არ ვაპირებდი. ბევრი შიშისა და ნერვიულობის ფონზე, გაჩნდა სრულიად ჯანმრთელი თათა“.

თეო ფიქრობს, რომ მეორე შვილიც სასწაულებრივად მოევლინა, რადგან იმ პრობლემების ფონზე, რაც ორსულობაში შეექმნა, ვერ იფიქრებდა, რომ ბავშვი ჯანმრთელი გაცნდებოდა.

„მეგონა იმ ქალების კატეგორიაში ვიქნებოდი, ერთი ნანატრი შვილის მერე, მეორე რომ ან არ უჩნდებათ, ან დიდი შუალედი აქვთ, თუმცა ამაშიც შევცდი. კახაზე თათას გაჩენიდან წლინახევრის მერე დავორსულდი. თითქმის მთელი ორსულობა სისხლდენა მქონდა, ერთი კილოს აწევაც კი აკრძალული მქონდა და მე 15 კილოიან თათას დავატარებდი. ერთხელ ისიც კი მითხრეს, რომ მუცელი მომეშალა, მაგრამ ეხოზე ბავშვი ჩვეულებრივ მოძრაობდა. უბრალოდ წონის გამო ვერ ხერხდებოდა ორგანოების დათვალიერება. წოლითი რეჟიმი მქონდა და ვერ ვწვებოდი. 4 თვის ორსულს და გარდამეცვალა და სამძიმარზე ვერ წავედი, რასაც ძალიან ვნანობ. 6 თვის ორსულს კი მამა დამეღუპა. არავინ ელოდა რომ კახა ჯანმრთელი იქნებოდა, თუმცა აგერ უკვე ორი თვის, სრულიად ჯანმრთელი და მშვიდი ბიჭი მყავს. თუ ღმერთი ინებებს, მესამეც აუცილებლად მეყოლება“.

კახას სახელი ძმის ხსოვნის პატივსაცემად შეურჩია, რომელიც 18 წლის იყო, საკუთარი სახლის წინ რომ გარდაცვლილი იპოვეს.

„ვერსია იყო, რომ აივნიდან გადმოვარდა, თუმცა რეალურად რა მოხდა, დღესაც არ ვიცით. დედას არ უნდოდა კახას დარქმევა, ფიქრობდა, რომ სახელის დაძახებაზე მუდმივად სევდა მოაწვებოდა და ვერ შეძლებდა. დღეს კახა ბებოს ბიჭია, დედა ძალიან მეხმარება“.

დედებისთვის