2018-11-29

„ჰაერიც ხომ სოციალური სტატუსით არ არის, თქვენ კარგს სუნთქავდეთ და ჩვენ ცუდს?! „– ქართველი ემიგრანტი.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მხრივ, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ამ მხრივ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, სხვა დანარჩენთან ერთად, მანქანების გამონაბოლქვი წარმოადგენს. აღნიშნული საკითხი პრობლემურია ნებისმიერი ასაკის ადამიანებში, თუმცა განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს ბავშვებისთვის წარმოადგენს.

რას ფიქრობენ მშობლები და რა რეკომენდაციას გვაძლევს ექიმი.

როგორც „მშობელთან“ საუბარში მ. იაშვილი სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე, დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ჰაერის დაბინძურების ზეგავლენა, რომელიც გამოწვეულია ავტომანქანების გამონაბოლქვით, არის ერთის მხრივ სასუნთქი სისტემების დაავადებების სიხშირის მატება და მეორე მხრივ, ეს არის კიბოს გამომწვევი ფაქტორი.

„ჰაერის დაბინძურება ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არა მარტო ბავშვების, არამედ ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუმცა ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვები, რადგან მათზე ეს გავლენა გაცილებით უფრო მძიმე და რისკის შემცველია. ჰაერის დაბინძურების შემადგენელი რამდენიმე წყაროა, ერთ-ერთი ეს არის ნაწილაკები, რომელიც გამოიყოფა მანქანებიდან, ეს არის ნახშირბადის ჟანგი და გოგირდის ორჟანგი, რომელიც მეორე მხრივ შეიძლება გამოიყოს სამრეწველო წყაროებიდან. ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაზეც მანქანებიდან გამოყოფილი ნაწილაკები ახდენენ გავლენას. ეს ზეგავლენა რამდენიმე კუთხით არის მნიშნელოვანი, ერთი ეს არის სასუნთქი გზების სისტებემის ზოგადი ავადობა, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ინფექციური დაავადებები, მაგრამ მეორე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და პროგნოზულად უფრო ცუდი - ეს არის მისი ზეგავლენა, როგორც კანცეროგენული, ანუ კიბოს მიზეზის კუთხით. ეს კანცეროგენული ზეგავლენა, რომელსაც წლების განმავლობაში იკვლევდნენ, დღეისთვის დადასტურებულია და ითვლება, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკი. ეს დასტურდება წლების მანძილზე ჩატარებული კვლევებით, ასე რომ, ჩვენ დღეს შეგვიძლია დასკვნის სახით ვთქვათ, რომ ჰაერის დაბინძურების ზეგავლენა, რომელიც გამოწვეულია ავტომანქანების გამონაბოლქვით, არის ერთის მხრივ სასუნთქი სისტემების დაავადებების სიხშირის მატება და მეორე მხრივ, რომელიც მოგვიანებით გამოვლინდება, არა ერთ კვირაში, ეს არის ის ზეგავლენა, როგორც კანცეროგენული - კიბოს გამომწვევი ფაქტორი“, - აღნიშნავს პედიატრი.

პროფესორი აღნიშნავს, რომ ელექტრომობილები ამ მხრივ იდეალური გადაწყვეტილებაა.

 „ელექტრომობილები, ეს რა თქმა უნდა ყველაზე იდეალური გადაწყვეტილებაა, ანუ იმ მანქანების შემოყვანა ქვეყანაში, რომელიც ნაკლებად აბინძურებენ ჰაერს. იდეალური ვარიანტი ეს არის ელექტრომობილი, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა . საქართველო არ იქნება ამ მხრივ გამონაკლისი, ძალიან ბევრი ქვეყანა ამ კუთხით მიდის. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ხანგრძლივ პერსპექტივაზე, ანუ რაღაც გვინდა დავგეგმოთ დღეს, რომელიც ხანგრძლივ პერსპექტივაში მოგვცემს შედეგს, მაშინ ეს არის მაქსიმალური ხელშეწყობა ელექტრომობილების და ქვეყნის ტრანსპორტის ნაწილობრივ მაინც ჩანაცვლება. ამ მხრივ შეიძლება მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა, თუნდაც იმიტომ რომ მოკლე მანძილზე გადაადგილებისთვის მძღოლმა არჩიოს არა საკუთარი მანქანის გადაადგილება, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ზოგი ქვეყანა კლიმატის და რელიეფის მიხედვით, ძალიან დიდ პრიორიტეტს ანიჭებს ველოსიპედს, როგორც გადაადგილების წყარო, ბევრი ქვეყანაა ევროპაში ასეთი, სადაც ადამიანები, თავიანთი წოდების მიუხედავად, გადაადგილდებიან ველოსიპედებით. რაღაც შეზღუდვები უნდა დაწესდეს. ასევე შეზღუდვები უნდა იყოს საწვავის ხარისხზე, თუმცა ეს ერთმანეთთან კავშირშია, რაც უფრო ძველია მანქანა, მისთვის უფრო რთული იქნება ახალ საწვავზე მუშაობა. ეს უნდა იყოს ერთი ქვეყნის სტრატეგია, რომელიც უნდა იყოს გათვლილი როგორც ხანმოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაზე, მაგრამ მთავარია, რაც უფრო სწრაფად გადავდგამთ ამ ნაბიჯებს, მით უფრო კარგი იქნება. ონკოლოგიური დაავადებების, სასუნქი სისტემების დაავადებების, ქრონიკული დაავადებების რიცხვის მატება, არის ის საფრთხე, რომელიც ემუქრება ჩვენი ქვეყნის არა მარტო ბავშვებს, არამედ მოზრდილებსაც“, - განუცხაა „მშობელს“ ჩხაიძემ.

ექიმი მშობლებს ურჩევს, გაეცნონ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რუკას, სადაც აღნიშნულია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონე ქალაქებისა და ქუჩემის მიხედვით.

„გარემოს დაცვის სამინისტროს გამოქვეყნებული აქვს რუკა ქალაქებზე და რამდენიმე ქალაქში ასევე არის ჩატარებული კვლევა, რომელ ქუჩებზეა მაღალი მაჩვენებელი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების. სუფთა ჰაერი არ არის ქუჩებში, შესაბამისად იქ სეირნობაც არ ნიშნავს სუფთა ჰაერის სუნთქვას. ამიტომ ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, შეარჩიეთ ისეთი ადგილები, სადაც ბაღია, სკვერია, ნაკლები მაჩვენებელია ჰაერის დაბინძურების. ეს ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება იყოს გაკეთებული. მეორე, თუ თქვენ ცხოვრობთ, ისეთი ქუჩების პირას, სადაც მაღალი მაჩვენებელია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, ასეთ ადგილებში, ფანჯრის გამოღება დღის განმავლობაში, განსაკუთრებით, ზაფხულში და გაზაფხულზე, არის ძალიან დიდ რისკთან დაკავშირებული, რადგან თქვენ პრაქტიკულად სუნთქავთ იმ ჰაერს, რომელიც პირდაპირ ითვლება ჯანმრთელობისთვის საშიშად. მწვავე დაავადების შემთხვევაში, თუ თქვენს შვილს აქვს ქრონიკული ხველა, აუხსნელი გენეზის გახანგრძლივებული ინფექციები, აუცილებელია პროფესიონალთან მიხვიდეთ“.

 

მშობელი

Tatuli Kakhiani-ს ფოტო.

თათული კახიანი:

„მე ორი შვილის დედა ვარ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის გარემო, რომელშიც ჩემი შვილები იზრდებიან. იმდენი რამე ჩვენს გარშემო ისეთი, რომელსაც ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, ავარიდოთ ჩვენს შვილებს, რომ სულ მინიმუმ სუფთა ჰაერის სუნთქვა მაინც უნდა შეგვეძლოს. ეს ხომ ყველას ინტერესებშია, პოზიციისაც, ოპოზიციისაც, მთავრობისაც, მედიისაც და ბიზნესისაც და იქნებ ამ ქვეყანაში, ყველამ ერთად ერთხელ მაინც  გავაკეთოთ ის, რაც ყველას სასიცოცხლოდ გვჭირდება. განა რა გახდა ელექტრომობილების შემოყვანა, თუნდაც ბიუჯეტის დახმარებით ან იმ ბიზნესის მხარდაჭერით, რომელიც ამას გააკეთებს? ბოლობოლო ეს ბიზნესიც სამოქალაქო აქტივიზმად მივიჩნიოთ თუ არ არის რენტაბელური და ყველა ერთად ამოვუდგეთ მხარში, წავახალისოთ ამ სეგმენტში ის, ვინც ინვესტირებას გადაწყვეტს“.

Tako Mateshvili-ს ფოტო.

თაკო მათეშვილი:

„სტატისტიკა მეტყველებს, რომ ონკოდაავადებების რიცხვი, მათ შორის ბავშვებში, სულ უფრო და უფრო იზრდება. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს არანაირი კანონი, არანაირი წესი, რაც ჰაერის დაბინძურებას გააკონტოლებს. ეს ძალიან ცუდია, რადგან ესაა პრობლემა, რომლითაც განურჩევლად ზარალდება ყველა - მდიდარიც და ღარიბიც, დიდიც და პატარაც, პოლიტიკოსიც და გლეხიც. ასე რომ, ჩემი აზრით ეს არის თემა, რომელიც თითოეულ ადამიანს უნდა აწუხებდეს. ვფიქრობ, პირველ რიგში ამაზე ფიქრი და საუბარი უნდა დაიწყოს, უნდა ვაღიაროთ, რომ უდიდესი პრობლემა გვაქვს და გადაჭრის გზები ვეძებოთ. ერთ-ერთ გზად ავტომობილების შემოწმება მესახება. მიმაჩნია, რომ უნდა აიკრძალოს დაბალფასიანი ავტომობილები, რომლებიც ჰაერს აბინძურებენ. ასევე უნდა აიკრძალოს დიზელზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მესმის, რომ ეს ყველაფერი ქვეყანას ძვირი დაუჯდება, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანში რაში დავხარჯავთ ფულს? მესმის, რომ ბევრ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა თანამედროვე ავტომობილის შეძენის, მაგრამ ეს ჩემი გადასახადი საერთოდ არ არის. თუ არ შეუძლია, სულ ნუ შეიძენს. იმის გამო, რომ ვიღაცას მანქანა ჰყავდეს, მე არ უნდა ვსუნთქავდე მოწამლულ ჰაერს. მითუმეტეს რომ ეს ჰაერი მათაც ისევე აზარალებს, როგორც მე“.

ხატია ღვინიაშვილი:

„ცალსახად, ჰაერის დაბინძურება არის რისკი გაზრდილი ონკოლოგოური დაავადებების და განსაკუთრებით ბავშვებში, რადგანაც მომწამვლელი ნივთიერებები და უპირველეს ყოვლისა ტყვია, ყველაზე დიდი რაოდენობით ილექება მიწიდან 1 მეტრზე, ზუსტად ამ ჰაერს სუნთქავენ ჩვენი შვილები. სამწუხაროდ, მხოლოდ სუნთქვის თემაც არ გვაძლევს მთლიან სურათს, რადგან დაბინძურებულია ხილი, ბოსტნეული, ნიადაგი, მთლიანად გარემო, მცენარეები და ცხოვრლების საკვები, საიდანაც კიდევ ერთხელ ხდება ტყვიის ორგანიზმში შეჭრა. ყველაზე დიდი წილი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდის, რადგანაც მათი აბსოლuტური უმრავლესობა გაუმართავია. ეწვევით რა ევროპის ნებისმიერ ქვეყანას, შეუძლებელია არ იგრძნოთ განსხვავება და ეს განსხვავება კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება უკან დაბრუნებისას, როცა თბილისში უბრალოდ სასუნთქი ჰაერი არ არსებობს.

გამოსავალი არის მანქანების მოწესრიგებასა და მშენებლობების წესებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვაში. გარემოს გამწვანებაში. უნდა შევიგნოთ ყველამ ერთად საფრთხის არსებობა და ვეცადოთ ნაკლები გადავაადგილდეთ ავტომობილით, მოვაწესრიგოთ ისინი, რადგან თითოეული მანქანის მიერ დაბინძურებული ჰაერი შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩვენგანისთვის სიცოცხლისთვის საშიში. ვაქციოთ ცხოვრების წესად უქმეებზე ხეების დარგვა და შვილები ვაზიაროთ ჯანსაღი ცხოვრების წესს.

ბაქოში რამდენიმე წლის წინ მიიღეს ევრო 2005 კანონი, რომლის მიხედვითაც აიკრძალა ძველი და გამონაბოლქვის მქონე მანქანებით ქალაქში გადაადგილება და მიუხედავად იმისა, რომ მანქანების და საცობების რაოდენობით ნამდვილად არ ჩამოგვივარდებიან, ჰაერი გაცილებით სუფთაა.

ჩვენ პრაღაში ვცხოვრობდით და მიუხედავად იმისა რომ პრაღა მსოფლიოში ერთერთი პირველი ქალაქია კარგი ეკოლოგიური მდგომარეობის მხრივ, სულ მესმოდა შეშფოთება მშობლების და ექიმების მხრიდან, რომ მანქანების მატება იწვევს მათთვის გარემოს დაბინძურებას და გამუდმებული აქტიური კამპანია მიმდინარეობდა მანქანების სახლში დატოვების, ფეხით სიარულის და შაბათკვირის ქალაქგარეთ გატარების კუთხით. ჩვენ კი ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვას, თუმცა ის, რომ თემა წამოიწია და ბევრს ადარდებს უკვე კარგის ნიშანია და მჯერა, რომ რამდენიმე წელიწადში უზარმაზარი პროგრესის მოხდენას შევძლებთ, ისე, რომ ჩვენი შვილების გასეირნება აღარ გვეშინოდეს“.

ნონა ჯოლოხავა (ემიგრანტი გერმანიიდა):

მე გერმანიაში ვცხოვრობ უკვე წლებია, იქიდან მიწევს ჩემი  ოჯახის წევრების რჩენა. ორი წლის წინ, როცა ქვეყანამ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, როგორც იქნა ჩემი შვილის ნახვა მოვახერხე. ის გერმანიაში ერტ თვით მეწვია. აღმოვაჩინე, რომ ქრონიკული ხველა ქონდა.  გადავწყვიტე ექიმთან მიმეყვანა. ანალიზებმა, რომელიც მას ჩაუტარეს, აღმოაჩინა, რომ ტყვია ქონდა სისხლიში, ექიმებმა იქ ცალსახად გვითხრეს, რომ, ამის მიზეზი ერთ–ერთი მიზეზი დაბინძურებული ჰაერია, რომელსაც მანქანების გამონაბოლქვი იწვევს. გავგიჟდი, ძალიან ვინერვიულე, მისცეს დანიშნულება, მაგრამ რა გავაკეთო, წვალებით ვიყიდე ბინა თბილისში, იმის შესაძლებლობა არ მაქვს, რომ აქ ვაცხოვრო. არადა რა გამოდის, აქ გადმოვიხვეწე, რომ ჩემი შვილებისთვის მომავალი შემექმნა და აღმოჩნდა, რომ ის დანაზოგი, რომელიც მათთვის მაქვს განკუთვნილი, რომ თავი გაიტანონ მის სამკურნალოდ უნდა გამოვიყენო. მე კითხვა მაქვს სახელმწიფოსთან, მათგან არაფერი მომითხოვია, წამოვედი, ჩემკი გაუსაძლისი შრომით ვინახავ თითქმის ორ ოჯახს, ნუთუ ის მაინც არ შეგიძლიათ, რომ ელემენტარულად სასიცხოცხლო პრობლემები მაინც გადაჭრათ? სუფთა ჰაერი მაინც არ გაუხადოთ ადამიანებს დასამადლებელი?! განა უფრო მეტი ჯდება ვიდრე ზოგიერთების კომფორტი?! მთელი ევროპა, აქ ვარ და ვხედავ, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდაზეა გადასული, სიმწვანეზე და ელექტრომობილებზე.  ყველაგფერზე რომ ხელს იშვერთ, აი ევროპა ვართო, მიბაძეთ, გამოყავით თანხა ერთხელ მაინც იმისთვის, რაც ხალხისთვის კარგია. თქვენი შვილებიც ხომ მანდ იზრდებიან? ჰაერსაც ხომ სოციალური სტატუსი არ აქვს, რომ მე ცუდს ვისუნთქებ და თქვენ კარგს?! ამის გაგება განა ასე ძნელია?! 

 

 

 

 

მშობლები