2018-2019 სასწავლო წელს, კერძო სკოლებმა 6 433 მოსწავლე მიიღეს. სტატისტიკის მიხედვით, 10 წლის განმავლობაში მოთხოვნა სკოლებზე საგრძნობლად არ გაზრდილა, თუმცა მიუხედავად გადასახიდისა, მშობლების გარკვეული ნაწილი უპირატესობას მაინც ანიჭებს. „მშობელი“ რამდენიმე მათგანს გაესაუბრა თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა კერძოს და არა საჯარო სკოლას.
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ მისთვის პირველ ადგილზე ბავშვის უსაფრთხოება დგას.
„განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა დამარწმუნა გადაწყვეტილების სისწორეში. მეორე თემაა ბულინგი, რაც ყველა სკოლის პრობლემაა, მაგრამ კერძო სკოლებში ბავშვი უფრო დაცულია. მშობელსა და მასწავლებლებს შორის ძალიან მჭიდროა ურთიერთობა. მაგალითად, საბას სპეციალური მასწავლებელი ყავდა, რომელიც მთლიანად ასეთ თემებზე იყო მობილიზებული და ახლა უკვე, თავისუფალი სკოლის გახსნის შემდეგ განათლების სტანდარტებითაც კმაყოფილი ვიქნები. იმედია მომზადება აღარ დაგვჭირდება“, - განუცხადა „მშობელს“ ტელეწამყვანმა.
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ხატია ღვინიაშვილი მიიჩნევს, რომ ცოდნის მიღება ყველგან შეიძლება, თუმცა საჯარო სკოლებში ბავშვებს, როგორც ინდივიდს, კლავენ.
„მეც საჯარო დავამთავრე და წარმატებული ვარ, ვისაც სწავლა უნდა აუცილებლად ისწავლის, მაგრამ მწარედ მახსოვს მასწავლებლების მიერ მოყენებული შეურაცხყოფები, რაც, რომ არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ უფრო წარმატებული ვიქნებოდი. ანუ ის დეტალები, რაც დღეს მე თუნდაც ცოტათი უკან მხევს, ვთვლი, რომ წარსულში უფროსების მიერ მოყენებული ტრამვაა, რაც გამოიხატებოდა და გამოიხატება დღეს საქართველოში პატარა ბავშვების აზრის უპატივცემულობაში, სტერეოტიპების ჩანერგვაში, ფსიქოლოგიურ ზემოქმმედებაში, დამცირებაში, შეშინებაში. საჯარო სკოლაში კლავენ ბავშვს, როგორც ინდივიდს, ან ზრდიან ჩმორს, ან მოძალადეს. არ ვაყენებ ყველას შეურაწყოფას, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტესად ასეა. შერჩევის კრიტერიუმს რაც შეეხება, პირველ რიგში იყო ჰაერი, რადგან თბილისი სხვა გზას არ გვიტოვებს. მეორე ბავშვის აზრის თავისუფლება და იმის გარანტია, რომ მას სახლიდან მოსული ქმრის მიერ ნაცემი მასწავლებელი ჯოხს არ გადაატეხავს თავზე. ვისურვებდი რომ მასწავლებლებს ჰქონდეთ განსაზღვრული ბავშვთან საუბარი, ანუ იცოდნენ ტერმინები რა როგორ გამოიყენონ, არ ჰქონდეთ შეხების უფლება და არ მოყვნენ ჰორორები. იმიტომ რომ ბავშვის ფანტაზიასა და რეალობას შორის ძალიან მცირე ზღვარია, რომელსაც ხშირად არღვევენ მასწავლებლები და ბავშვს ტრამვას აყენებენ პატრულის, მგლის, ხსენებით. ერთ-ერთი ემუქრებოდა პამპერსებს ჩაგაცმევთ და კლასის წინ დაგაყენებთო, ვფიქრობ, კერძოში მსგავსი რისკები ნაკლებადაა“, - განუცხადა „მშობელს“ ხატია ღვინიაშვილმა.
სწორედ მასწავლებლის მიერ (ნებსით თუ უნებლიედ) მიყენებული შეურაცყოფის გამო გადაიყვანა საჯაროდან კერძო სკოლაში შვილები ამირა კოპალიანმა, რომლის ისტორიაც, ალბათ ბევრს ახსოვს.
“რატომ კერძო სკოლა? საჯარო სკოლა დღეს ვერ უზრუნველყოფს ყველაზე მთავარს ბავშვისთვის - უსაფრთხო გარემოს საგანმანათლებლო სივრცეში. ძალადობენ ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად. გაჩეჩვა, საპირფარეშოში არ გაშვება, სიტყვიერი შეურაცხყოფა. ძალადობენ და ეს მიაჩნიათ ნორმად. იცით პირველ დღეს, მაქსიმეს რომ ვთხოვე შთაბეჭდილებები გაეზიარებინა ახალ სკოლასთან დაკავშირებით რა მიპასუხა? -"ვრჩები ამ სკოლაში, აქ არავინ არავის არ ამცირებსო".
როცა მშობელი პრობლემაზე იწყებ აპელირებას, სისტემა დგება კედელივით... ადმინისტრაცია არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ გადანაშაულებს რომ ინტრიგანი და მიგზავნილო ხარ! რომ "შენი შვილი შენგან არის დასაცავი"! შენ რჩები მარტო და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ან უძლებ ან ჩერდები და თითქოს არც არაფერი მომხდარა... ძალიან რთულია მერწმუნეთ, გაბულინგებს დირექტორი, დისციპლინარული კომიტეტი... რიგი მშობლებისგან გრძნობ უზარმაზარ აგრესიას! ამიტომ აზრს ვერ ვხედავ აწარმოო კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან, დირექტორთან, რომელიც არათუ გმობს ძალადობას, არამედ ამართლებს - "განა თქვენ არ გიცემიათ შვილი? ერთს ვერ უმკლავდებით სახლში და მასწავლებელმა რა ჰქნას 24 ბავშვთან?“ - ასეთ შემთხვევაში უმჯობესია თავიდანვე მიმართო ზემდგომ ორგანოებს!
ყოველთვის აგრძნობინეთ შვილებს რომ მათი დაცვა შეგიძლიათ, მაშინ ბავშვები აღარ დაგიმალავენ თავიანთ პრობლემებს.
სწავლების დონე? დაწყებით საფეხურზე საჯარო სკოლაში არაჩვეულებრივი მასწავლებლები გვყავდა. გოგონას ისიც კი უთხრეს გეტყობა ძლიერი მასწავლებელი გყავდაო. ასევე მაქსიმესაც, მაგრამ იყო საგნები, რაშიც საჯარო სკოლაში ყოფნის დროს გვიწევდა კერძო მასწავლებელთან სიარული. ამჯერად უკვე არცერთ საგანში არ საჭიროებენ კერძოდ მომზადებას, კერძო სკოლა უზრუნველყოფს რომ ბავშვმა არათუ დაძლიოს პროგრამა, არამედ იმ შემთხვევაში თუკი მოსწავლეს რაღაც ეტაპზე გაუჭირდა პროგრამის ათვისება, დაიტოვოს სასწავლო პროცესის შემდეგ ან არასამუშაო დღესაც კი“, - განუცხადა „მშობელს“ ამირა კოპალიანმა.
ტელეწამყვანი გიორგი ისაკაძე მიიჩნევს, რომ მთავარი ფასეულობები „შრომა, სწავლა და თავისუფლებაა“.
„სკოლის არჩევა ურთულესი ამბავი ყოფილა, თუმცა როგორც კი გავიგე რომ "თავისუფალი უნივერსიტეტი" სკოლას ხსნიდა, არც დავფიქრებულვარ. ფასეულობები და პრიორიტეტბი, რომელიც ამ სასწავლებელშია და ხარისხი, რაც მისმა კურსდამთავრებულებმა დადეს, რეიტინგებში, სადაც უმაღლეს კატეგორიებში პოზიციონირებს აგრუნი და თავისუფალი უნივერსიტეტი. არც მაფიქრებს სხვა შესაძლო ალტერნატივაზე, იქნება ეს საჯარო თუ კერძო სასწავლებელი. მოკლედ, "შრომა, სწავლა და თავისუფლება" - ეს ჩემი არჩევანია“, - აღნიშნა „მშობელთან“ საუბარში გიორგი ისაკაძემ.
მთავარ პრიორიტეტად განათლებას და უსაფრთხო გარემოს ასახელებს, მოდელი ირინა ონაშვილი.
„ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული ამ ეტაპზე არის ჩემი შვილის განათლება. როგორც დედამ ვალდებული ვარ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ საბამ კარგ სკოლაში და რაც მთავარია უსაფრთხო გარემოში ისწავლოს. ეს ორი უმნიშვნელოვანესი გარემოებაა, რამაც გადამაწყვეტინა საბა კერძო სკოლაში მიმეყვანა“, - განუცხადა „მშობელს“ ონაშვილმა.
„ზუმერის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ეთო მერებაშვილი გვიყვება, რომ ცუდი კერძო სკოლებიც არებობს, თუმცა სწორად შერჩევის შემთხვევაში, მისთვის მთავარი ბავშვთან მიდგომაა.
„ანანო 25 სექტემბერსაა დაბადებული, ამიტომ შევიყვანე თავიდან კერძო სკოლაში, წელი რომ არ დაკარგვოდა, თუმცა ახლა ძალიან ვნანობ. აღმოჩნდა, რომ სკოლა იყო ცუდი, კოშმარი, ამიტომ დავიწყე სხვა სკოლის ძებნა. მნიშვნელობა ჰქონდა ტერიტორიას, გადასახადს, მიდგომა ბავშვებთან. მე არ მჭირდება სკოლისგან დაზუთხული ტექსტები, მე მინდა ბავშვმა ისწავლოს, აზროვნება, როგორც თვთონ აზროვნებს და პატივი სცენ მის აზრს. არ მინდა რელიგიური თემები მოახვიონ თავზე. არ მინდა რომელიმე რელიგიაზე ჰქონდეს გართულება, რადგან უნდა უყვარდეს ისეთი, როგორიც არის. ასევე ინდივიდუალური მიდგომა. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომ ყველას პლიუსებთან და მინუსებთან ხდება ცალ-ცალკე მიდგომა. ასევე არის კლასგარეშე სამუშაოებიც. თუნდაც ისეთ თემებზე, როგორიცაა გარემოს დაბინძურება. აქვთ დამატებითი წრეები. ვფიქრობ, რომ მიდგომები აქვთ ძალიან კარგი, მეოთხე კლასშია და ჯერ არასდროს უთქვამს, სკოლაში არ მინდაო. ყოველი დღე უხარია. ასევე მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა, არ არის მიდგომა, შენ მაგარი ხარ, შენ ცუდი. საერთოდ არ არის კრებები, ყველა მშობელთან ინდივიდუალური გასაუბრებაა. არცერთმა მშობელმა არ იცის, რომელი ბავშვი რაშია სუსტი. უცხო ენები მგონი უკვე არავის უკვირს და არც ჩემთვისაა მნიშვნელოვანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მიდგომა, მინდა ბავშვი სკოლიდან წამოვიდეს ჯანსაღი ფსიქიკით, ჰქონდეს მიმართულება რა როგორ გააკეთოს და დანარჩენს თვითონ მიხედავს“, - განუცხადა „მშობელს“ ეთო მერებაშვილმა.
პროფესიით ფილოლოგი ლალი ესათია აცხადებს, რომ კერძო სკოლა უფრო კვალიფიციურ კადრებს არჩევს, ბავშები კი ჯგუფებში მათი შესაძლებლობების მიხედვით ნაწილდება, რაც სუსტ და ძლიერ ბავშვებად დაყოფის ფაქტს გამორიცხავს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია სწავლების ხარისხი, ბავშვების რაოდენობა. კერძო სკოლა უფრო კვალიფიციურ მასწავლებლებს ირჩევს. ტარდება გამოცდები და ბავშვების ჯგუფები მათი შესაძლებლობების მიხედვით იქმნება, შესაბამისად, არ არსებობს ძლიერის და სუსტის მიდგომა. უსაფრთხოება და მეტად პროგრესული მიდგომები, ესაა ჩემთვის მთავარი“, - განუცხადა „მშობელს“ ლალი ესათიამ.
მიუხედავად, რეალურად არსებული პრობლემებისა, ძირითადი მოთხოვნა ჯერჯერობით მაინც საჯარო სკოლებზეა.
იხილეთ სტატისტიკა