რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, ზუგდიდის საკრებულოს ერთ-ერთი სხდომის ფოტოები გავრცელდა, სადაც საკრებულოს წევრი სალომე ფაცაცია, მის ერთი თვის გაბრიელთან ერთად ესწრება სხდომას. ფოტოებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ამიტომ „მშობელი“ სალომეს ესაუბრა, რომელიც მოგვიყვება, მისი ნანატრი შვილის, გაბრიელის პატარა ამბავს.
“ვფიქრობ შვილები არასოდეს უშლიან ხელს საზოგადოებრივი საქმის კეთებას, შესაბამისად, ჩემი შვილი მეტს სტიმულს და მოტივაციას მაძლევს უკეთესად ვაკეთო ჩემი წამოწყებული საქმეები, ამიტომ ვეცდები ხშირად ვატარო ყველგან. კარგი დროის მენეჯმენტით, ვცდილობ ყველაფერი რელევანტურად გამომივიდეს. მამა აქტიურადაა ჩართული შვილის აღზრდაში და ჩემს საქმიანობასაც დელიკატურად უდგება”.
სალომესა და მის მეუღლეს, შვილი 13 წელი არ ჰყავდათ, შესაბამისად, მარტივი მისახვედრია თუ რა სიხარული მოყვება მის გაჩენას. ბავშვის შესახებ, სწორედ მაშინ გაიგო, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდა და მისთვის, წლების მანძილზე ნაგროვები ტანსაცმელების გაჩუქება დაიწყო.
„ჩემ დას ყოველ წელს ჩამოჰქონდა ლამაზი ტანსაცმლები და ვინახავდი. თითქმის ყოველ კვირა გამომქონდა კარადიდან და ვალაგებდი იმ იმედით რომ წელს აუცილებლად მოუწევდა ჩემს პატარას ჩაცმა. როდესაც „საჩუქრების“ ჯგუფი შეიქმნა და ვკითხულობდი გახარებული გამჩუქებლის კომენტარებს, მეც სურვილი გამიჩნდა გამეჩუქებინა ტანსაცმლები, რადგან უკვე იმედი გადამეწურა, რომ ოდესმე დედა გავხდებოდი. მიზნად დავისახე სხვისი შვილები მაინც გამეხარებინა. როდესაც გავაჩუქე თითქოს შვება ვიგეძენი, რადგან არ მომიწევდა ისევ უიმედოდ უკან ჩალაგება. დაახლოებით 7 თვეში, როდესაც ერთ სოციალურად დაუცველ ბავშვს მივულოცეთ დაბადების დღე და საჩუქრები ჩავუტანეთ, სწორედ იმ დღეს შემთხვევით გავიგე, დედა გავხდებოდი“.
სალომე გარდა იმისა, რომ საკრებულოს წევრია, მუშაობს აფთიაქში და აქტიურადაა ჩართული ქველმოქმედებაში.
„ხუთი წლის წინ დავაარსე ფონდი და მას შემდეგ ვეხმარები სოციალურად დაუცველებს და არ მარტო.... ძირითადად სოციალური ქსელით და მეგობრების თანადგომით. შევქმენი ჯგუფები, არიან ისეთი მოხუცები, ვისაც ამ ჯგუფის მეშვეობით მომვლელის თანხასაც კი ვურიცხავთ. მიუხედვაად უამრავი სირთულისა და დაბრკოლებისა, ცხოვრების წესად მექცა და ერთი დღე არ შემიძია ვიჯდე უმოქმედოდ, როცა ვიცი იქ, სადღაც ვიღაც მელოდება და მე შემიძლია მას შევუმსუბუქო მცირედით ყოფა“.
სწორედ ქველმოქმედების მიზნით, საკუთარ სახლში რამდენიმე თვის წინ სოციალურად დაუცველი ოჯახი შეასახლა, პატარა ვერონიკა კი, მათი ერთგული მეგობარი გახდა.
„ვერონიკას დედა მარტოხელაა, ამიტომ ჩემთან მოვიყვანე საცხოვრებლად. ვერო ჩვენთან დიდ დროს ატარებს, საკუთარი შვილივით მიყვარს. მეტიც, ჩემს მეუღლეს, მამას ეძახის“.
სალომე, შვილის მოლოდინში მყოფებს ურჩევს, არ დაკარგონ იმედი, აკეთონ სიკეთე და ის ბუმერანგის ეფექტით დაუბრუნდებათ უკან.
„უფალი ყველას გვაძლევს გარკვეულ დრო, რათა გამოვსწორდეთ და გავხდეთ უკეთები. ყველას თავისი დრო აქვს. უფალი მოწყალეა. ვაკეთოთ სიკეთე და ის აუცილებლად ბუმერანგივით დაგვიბრუნდება უკან“.