2019-06-13

რუსთავის მედიცინის სახლის - N 1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის გამგეს, პედიატრ ნინო კიკილაშვილის, მოქალაქე ლელა კოპალეიშვილთან მომხდარი ინციდენტის გამო, წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

როგორც ცენტრის მიერ გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, მსგავსი ფაქტის გამეორების შემთხვევაში, ექიმი გათავისუფლდება დაკავებული თანამდეობიდან.

გარდა ამისა, ბავშვები მოხსნილი არიან აღნიშნულ ცენტრში რეგისტრაციიდან, ახლა კი დედას შესაძლებლობა ექნება ისინი სხვა ექიმთან დაარეგისტრიროს.

გარდა ამისა, სსიპ სამედიცინო საქმინობის სახელმწიფო რეგულაციების სააგენტოს მიერ მომჩივანისთვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ „ექიმი ვალდებულია აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი უწყვეტობა თუ არსებობს ოფიციალურად გაფორმებული ( წერილობითი) ან სიტყვიერი შეთანხმება“, რაც ამ შემთხვევაში, აღნიშნულ ექიმთან რეგისტრაციას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ კოპალეიშვილმა, აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში ბავშვები თბილისიდან გადაიყვანა აღრიცხვაზე, თუმცა ზემოთხსენებულმა პედიატრმა ის არ მიიღო და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„3 წლის შვილები მყავს, თბილისში რეგისტრირებული ვიყავით, მოვხსენი რეგისტრაციიდან და გადმივიყვანე რუსთავში. ბაღისთვის მჭირდება ფორმა 100. მივედი, ჩავეწერე წინასწარ, ავიღე რიგის ნომერი. მიუხედავ იმისა, რომ პირველი ვიყავი რიგში, შევედი 30-ე. ხმა არ ამომიღია. ქალბატონი ნინო არის განყოფილების გამგე. დაგვინახა თუ არა კატეგორიული უარი გვითხრა მიღებაზე. გადაგვამისამართა სხვა ექიმთან, მას არ ყავს პაციენტებიო. მე 1500 პაციენტი მყავს და ვერ დაგიმატებთო. არადა როგორც დედამ, ვიკითხე ვინაა კვალიფიცირებული ექიმი რუსთავში, რომ ბავშვები აღრიცხვაზე დავაყენო-თქო. მოკლედ ერთი საათი ყვიროდა მე ვერ მიგიღებთო. მე მშვიდი ტონით უხსნიდი, არ გაქვთ უფლება უარის, პაციენტი ირჩევს ექიმს და არა ექიმი პაციენტს-თქო. მოკლედ ბოლოს ვუთხარი მომეცით ანკეტა ასეთ ვითარებაში როგორ უნდა გამისინჯოთ ბავშვები-თქო და დავემშვიდობე, თუმცა ბავშვები რეგისტრაციიდან არ მომიხსნეს, ორი თვე სჭირდება პროცედურასო. ფაქტობრივად პედიატრის მომსახურების გარეშე დამიტოვეს ბავშვები. შევიტანე საჩივარი სადაც საჭიროა და ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ გაკვირვებული და დამცირებული ვარ, ბავშვები საცოდავად მეკითხებიან: დედიკო ჩვენ ცუდი ბავშვები ვართ? რატომ გამოგვყარა ამ ექიმმაო? რა ვუპასუხო... რა ვუთხრა!!!“, - აცხადებს კოპალეიშვილი.

"ბავშვები მეკითხებიან: დედა, ჩვენ ცუდი ბავშვები ვართ?! - რატომ გამოგვყარა ექიმმაო"

ჯანდაცვა